"იმ დღეს სამმაგად ვიყავი ამაყი: თანამემამულე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ნაძლევი მოვიგე და რუსებს დავუმტკიცეთ, რომ ქართველები სიტყვის ხალხი ვართ" - კვირის პალიტრა

"იმ დღეს სამმაგად ვიყავი ამაყი: თანამემამულე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ნაძლევი მოვიგე და რუსებს დავუმტკიცეთ, რომ ქართველები სიტყვის ხალხი ვართ"

ამ ცოტა ხნის წინ ქართველი წყალბურთელები ორ მნიშვნელოვან ტურნირში მონაწილეობდნენ - ნიდერლანდებში ტოკიოს ოლიმპიადის საგზურისთვის ქვეყნის ნაკრები იბრძოდა, ხოლო უნგრეთში თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდის ოთხი მატჩი ჩაატარა. ჩვენებურთა ორთაბრძოლებს ტელევიზიით თვალს ადევნებდა სახელოვანი ქართველი წყალბურთელი, რომის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლერი გოგოლაძე, რომელსაც შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

- ბედნიერია ქართველ წყალბურთელთა დღევანდელი თაობა, რომელსაც დამოუკიდებელი სამშობლოს სახელით შეუძლია საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლა. ჩვენ ასეთ რამეზე ოცნებაც კი არ შეგვეძლო, - გვითხრა ბატონმა ლერიმ, რომელიც, წლების სიმძიმის მიუხედავად (პირველ აპრილს 83 წელი შეუსრულდება), მხნედ გამოიყურება და კვლავაც ჭაბუკური შემართებითაა.

- ჩვენი ბიჭების თამაშში ორი სრულიად განსხვავებული მომენტი შევნიშნე: იყო ფრაგმენტები, რომელთა გამოც ისინი ქებას იმსახურებენ, მაგრამ ისეთი ეპიზოდებიც იყო, როცა უხეშ შეცდომებს უშვებდნენ. მაგალითად, ბურთის გაუმართლებელი დაკარგვა, რასაც მეტოქეთა შედეგიანი კონტრშეტევები მოსდევდა. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი წყალბურთელების თამაში ჯერ არასტაბილურია. უკანახაზელებმა უნდა გააუმჯობესონ კარში დარტყმის სიზუსტე და სიძლიერე, რაც ცენტრალური თავდამსხმელების მეტ აქტიურობას შეუწყობს ხელს. ყველაფერი გამოცდილებაზეა დამოკიდებული. თანდათან ესეც მოვა. სასიამოვნოა, რომ გუნდში არიან პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებსაც უფრო მეტად უნდა ენდონ მწვრთნელები. ვფიქრობ, როგორც "დინამოს", ისე ეროვნულ ნაკრებს დიდი პოტენციალი და პერსპექტივა აქვს, რომ საერთაშორისო არენაზე შედეგები გააუმჯობესონ და 2024 წელს ქართველი წყალბურთელები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილოთ...

ვის ვის და ლერი გოგოლაძის სიტყვებს ნამდვილად დაეჯერება, ადამიანისა, რომელიც წყალბურთს 16 წლისა დაუმეგობრდა. 1956 წელს ერთბაშად ორი ჯილდო დაიმსახურა: საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადაზე მე-2 ადგილი დაიკავა და სკოლაც ვერცხლის მედალზე დაამთავრა. მერე თბილისის "დინამოს" ოსტატ წყალბურთელთა გუნდში მიიწვიეს, რომლის ღირსებასაც 1972 წლამდე იცავდა, ხოლო საბჭოთა ნაკრებში 1958-1964 წლებში გამოდიოდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ ისახელა თავი: რომის ოლიმპიურ თამაშებში (1960 წ.), ევროპის ჩემპიონატსა (1962) და მსოფლიო უნივერსიადაზე (1963) ვერცხლის მედლები დაიმსახურა, საკავშირო ჩემპიონატებსა და საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადებზე რვაჯერ მეორე-მესამე ადგილებზე გავიდა, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. მისი ჯილდოების კოლექციას მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე მიღებული საუკეთესო მეკარის პრიზებიც ამშვენებს. 1958-1964 წლებში საბჭოთა კავშირის 21 საუკეთესო წყალბურთელთა შორის ხუთჯერ დაასახელეს.

იქნებ მოღონიერდესო

- 1954 წელს ცურვის მწვრთნელ პეტრე დადიანიძესთან მიმიყვანა მამამ, იქნებ ცოტა მოღონიერდესო, - გაიხსენა ბავშვობის წლები სახელოვანმა სპორტსმენმა და მეცნიერმა ლერი გოგოლაძემ. - ერთ დღეს წყალბურთელებთან ერთად ვივარჯიშე. ორკარას თამაშისას გოლკიპერი დააკლდათ. როსტომ ჩაჩავამ შემომთავაზა, კაცნაკლულ გუნდში მეთამაშა. ჩავდექი კარში და იმ დღიდან 1972 წლამდე სპორტული "პროფილი" არ შემიცვლია.

- პირველ წარმატებას როდის მიაღწიეთ?

- 1956 წელს მოსკოვში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა საკავშირო პირველობაზე მხოლოდ მასპინძლებთან წააგო და მე-2 ადგილი დაიკავა. იმ გუნდს როსტომ ჩაჩავა ხელმძღვანელობდა. ჩემთან ერთად იყვნენ გივი ჩიქვანაია, ზურაბ ჩუბინიძე, გივი ქარცივაძე, რეზო ჯანაშვილი, რამაზ ჩიკვაიძე. სამწუხაროდ, ყველას გვარს ვერ ვიხსენებ. დიდ წყალბურთს მხოლოდ მე და ჩიქვანაია შემოვრჩით.

- თბილისის "დინამოში" როგორ მოხვდით?

- მოსკოვში სპარტაკიადაზე სამი წყალბურთელი გამოგვარჩიეს: საუკეთესო მცველი გახდა ბორის გრიშინი, თავდამსხმელი - სემიონოვი, ხოლო საუკეთესო მეკარის პრიზი მე გადმომცეს. საბჭოეთის დედაქალაქიდან დაბრუნების შემდეგ როსტომ ჩაჩავას ინიციატივით "დინამოს" მეორე მეკარედ მიმიწვიეს. 1958 წლიდან როგორც ჩვენთან, ისე საკავშირო ნაკრების ძირითადში დავიმკვიდრე ადგილი.

ოლიმპიური ვერცხლი

- ბატონო ლერი, ოლიმპიური თამაშები ყველა სპორტსმენისთვის გამორჩეულია...

- არც ჩემთვისაა გამონაკლისი. რომში საბჭოთა ნაკრებს ფავორიტად მიიჩნევდნენ. მანამდე ნებისმიერ შეჯიბრებაზე ოთხი ქვეყანა გამოირჩეოდა - უნგრეთი, იტალია, საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია. მარადიულ ქალაქშიც ამ ოთხეულიდან ერთ-ერთი უნდა ასულიყო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. სამწუხაროდ, მეორე ადგილზე გავედით, არადა, საჩემპიონო გუნდი გვყავდა. პირველი შეხვედრა არგენტინელებს მოვუგეთ 7:4. კარში მე ვიდექი. პირველი სუსტი ბურთი გავუშვი, რაც არა მარტო ჩემთვის, მთლიანად ნაკრებისთვისაც საბედისწერო გამოდგა. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე შეუძლოდ ვიგრძენი თავი, ამიტომ სამედიცინო პუნქტს მივაშურე. ექიმებმა გამსინჯეს და მითხრეს, ცოტა გადაღლის ბრალია, დაისვენე და ყველაფერი რიგზე იქნებაო. ძირითადი შემადგენლობის დასახელებისას მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი უშაკოვმა ჩემი გვარი ამოიკითხა. მეორე მწვრთნელი ნიკოლაი მალინი აღშფოთდა - რატომ ხმას არ იღებ, დილით ხომ ექიმებთან იყავიო. თავი მოიკლა, კარში გოიხმანი უნდა ჩადგესო. მატჩის წინ მოთელვაზეც არ ჩავსულვარ აუზში. სათადარიგოთა სკამიდან ვუყურებდი ბიჭებს. მოულოდნელად უშაკოვმა მიხმო - ჩადი წყალში, კარში შენ დადგებიო, და გოიხმანი აუზიდან გაიხმო. დავიბენი, მაგრამ უარს ხომ არ ვეტყოდი. ის სუსტი ბურთიც ამ გაურკვევლობის ბრალი იყო. მერე კი ვიხსენი ჩვენი გუნდი რამდენიმე აშკარა გოლისგან, მაგრამ მალინმა სწორედ ის ეპიზოდი დაიხვია ხელზე მატჩის განხილვისას. ბრაზილიელებთან მატჩში გოიხმანი დააყენეს კარში. მწვრთნელთა მოსაზრებაც ასეთი იყო - მორიგეობით უნდა გვეთამაშა, რადგან მაშინ შეცვლის წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არსებობდა. ნახევარფინალური ჯგუფის სამ მატჩში კარის დარაჯობა გოიხმანს ანდეს შეუცვლელად. საბჭოთა ნაკრებმა გერმანიას და რუმინეთს, შესაბამისად, 5:4 და 3:2 მოუგო, იტალიასთან კი 0:2 დამარცხდა. არადა, აპენინელებთან პაექრობის წინ დიდხანს ბჭობდნენ, კარში ვინ ჩამდგარიყო. მალინმა თავისი გაიტანა. მართალია, გოიხმანი შესანიშნავი მეკარე იყო, მაგრამ, ეტყობა, ზედიზედ სამმატჩიან დატვირთვას ვერ გაუძლო. ამიტომაც გაუშვა იტალიელებთან ორი გოლი. ორ ფინალურ მატჩში მე ვიყავი მეკარე: უნგრელებს დავუზავდი - 3:3, ხოლო იუგოსლავიას 4:3 ვძლიეთ. სამი ბურთი გივი ჩიქვანაიამ გაიტანა. იტალიელებმაც ფინალში ერთი მატჩი მოიგეს, ერთიც ფრედ დაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. ჩვენი გუნდი, რომლის შემადგენლობაში სამი ქართველი ვთამაშობდით (ლერი გოგოლაძე, გივი ჩიქვანაია, პეტრე მშვენიერაძე), მეორე ადგილზე გავიდა. გაგრძელება