"მწვრთნელის ხელწერა სამივე მატჩში იგრძნობოდა"
"მწვრთნელის ხელწერა სამივე მატჩში იგრძნობოდა"
"ხშირად მოულოდნელად გამოჩენილი ხალხი უფრო აკეთებს ხოლმე საქმეს. იმედია, სანიოლის შემთხვევაშიც ასე მოხდება"

საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა გამართა ახალი თავკაცის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით და ქართველი გულშემატკივრის უმეტესობის სიმპათიაც დაიმსახურა. ეროვნული გუნდის მატჩების შეფასება ბათუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს ვთხოვეთ:


- ბატონო გია, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც ნაკრების მწვრთნელად ვილი სანიოლის დანიშვნის შესახებ გაიგეთ?
- სანიოლი მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ქართველი გულშემატკივრის უმეტესობის მსგავსად, მის სამწვრთნელო კარიერაზე არაფერი ვიცოდი.
ინფორმაციას მხოლოდ მისი დანიშვნის შემდეგ გავეცანი და ინტერესით შევხვდი. ახალი მწვრთნელის ყველაზე კარგი დახასიათება შედეგი იქნება.

- საქართველოს ნაკრები არც არის იმ დონის გუნდი, მაინცდამაინც გვარდიოლას ან ანჩელოტის დანიშვნის მოლოდინი გვქონოდა. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების თქმით, ეძებდნენ თუნდაც გამოუცდელ, მაგრამ მოტივირებულ, წარმატებას მოწყურებულ მწვრთნელს "გამარჯვებულის მენტალიტეტით".
-
ვილი სანიოლის დანიშვნა უცნაურ ამბად ნამდვილად არ მომჩვენებია. თუმცა, რადგან მის სამწვრთნელო საქმიანობას არ ვიცნობდი, მარჩიელობას და ვარაუდების გამოთქმას ვამჯობინე ჩემი შეხედულება მხოლოდ მას შემდეგ გაგიზიაროთ, როცა დრო გავა, როცა ახალ მწვრთნელსა და მის დაყენებულ გუნდზე მეტი ინფორმაცია გვექნება. ისე კი ხშირად მოულოდნელად გამოჩენილი ხალხი უფრო აკეთებს ხოლმე საქმეს. იმედია, სანიოლის შემთხვევაშიც ასე მოხდება.

- ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უკვე გამართა სამი შეხვედრა. რას იტყვით?
- დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევი მგონია, მაგრამ რაც ამ სამი თამაშის დროს ვნახე, მომეწონა. გასაგებია, რომ შედეგი გვინდა, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ვთამაშობთ ურთულეს ქვეჯგუფში, სადაც შედეგზე ლაპარაკი ჯერ უტოპიაა, მაგრამ თამაშის ხარისხი მომეწონა. ყოველ მომდევნო მატჩში წინგადადგმული ნაბიჯი ვნახე და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

- სახელდობრ რა მოგეწონათ შვედეთთან, ესპანეთსა და საბერძნეთთან გამართულ შეხვედრებში?
- ცალკეული მატჩების სათითაოდ განხილვისგან თავს შევიკავებ. მით უმეტეს, რომ იმ შეხვედრებში იდენტური მომენტიც ბევრი ვნახეთ. თუმცა სამივე თამაშში აშკარად იგრძნობოდა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საოცარი მონდომებით თამაშობდნენ! თამაშის ხარისხიც მაღალი იყო. არის გულდაწყვეტის მომენტებიც: რაღაცები არ გვეყო, ცალკეულ ეპიზოდში იღბალმაც გვაქცია ზურგი, მაგრამ მთავარია ამ ხაზის გაგრძელებით ჩვენი გუნდის თამაში უფრო ჩამოყალიბდება, "დაღვინდება", სტაბილური გახდება და თანდათანობით შედეგიც მოვა.

ფაქტია, აშკარა უპირატესობა არც ერთ მეტოქეს არ ჰქონია - შვედეთი გავაკვირვეთ, ესპანელები პირდაპირ ამბობდნენ, ჯოჯოხეთი გამოვიარეთო და მართლაც ბოლო წამებზე ძალიან გაუმართლათ, საბერძნეთთანაც შეიძლებოდა მეტის მიღწევა. ეს ყველაფერი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. გუნდი ყალიბდება, ჩანს, რომ რესურსი არის და იმ ახალგაზრდა მოთამაშეებმაც, რომლებიც შესაძლოა აქამდე არავის ჰყოლია თვალთახედვის არეში, თავი ისახელეს.

- განსაკუთრებული მოტივაცია ახსენეთ: სანიოლიც ძალიან ემოციური იყო (ყვითელი ბარათიც კი მიიღო) და ფეხბურთელებიც ყველანაირად ცდილობდნენ ახალი მწვრთნელის ნდობის გამართლებას!
- ეს ბუნებრივიც არის. გარდა ამისა, მკაფიოდ ჩანდა თამაშის მონახაზი, ფეხბურთელებს ეტყობოდათ, რომ ზუსტად იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე! მწვრთნელის ხელწერა სამივე თამაშში იგრძნობოდა იმის მიუხედავად, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა გუნდთან სამუშაოდ. დარწმუნებული ვარ, ჯერ კარგად არც იცნობს ფეხბურთელებს. შეგირდების საფეხბურთო მახასიათებლებს მეტ-ნაკლებად უკვე შეისწავლიდა, მაგრამ მოთამაშეების ხასიათიც ხომ უნდა გაიგოს? ამას დრო სჭირდება.

- დრო ჩვენც გვჭირდება ახალი მწვრთნელის კარგად გასაცნობად, მაგრამ ვილი სანიოლს უკვე შევატყვეთ, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, არც შეცვლების "ეშინია" და არც იმ მოთამაშეების როტაციისა, ბოლო წლებში ნაკრებში მუდმივად რომ თამაშობდნენ.
- თამაშის მიმდინარეობა კარნახობს მწვრთნელს, რა ცვლილებებია საჭირო. შესაძლოა მისი გადაწყვეტილება ვინმესთვის საკამათო იყოს, მაგრამ გუნდის თავკაცი ასე ხედავს. გეთანხმებით - სითამამე ეტყობა, ცვლილებებს მარტივად აკეთებს. რაც შეეხება თქვენს ნახსენებ სანიოლის წინამორბედს, ახალი მწვრთნელის ვაისთან შედარებისგან თავს შევიკავებ. ისე კი ჩვენ მხოლოდ გარედან ვხედავთ პროცესებს, გუნდში არსებული ვითარების და ამა თუ იმ მოთამაშის ფიზიკურ/მენტალური კონდიციების შესახებ ყველაზე მეტი მწვრთნელმა იცის და გადაწყვეტილებებსაც ამის შესაბამისად იღებს. ყოველ შემთხვევაში, ცუდს ვერაფერს ვხედავ იმ ცვლილებებში, რაც გასულ მატჩებში გაკეთდა.

- ნაკრების ახალწვეულების თამაშზე რას იტყვით? დაცვის ფლანგებზე ორივე ფეხბურთელმა კარგად ითამაშა. ჩაბრაძე სულაც თქვენი შეგირდია "დინამოში" და მის შესაძლებლობებს ყველაზე კარგად იცნობთ. მაღალი კლასი აჩვენა გიორბელიძემაც.
- ორივე მოთამაშეს კარგად ვიცნობ და მიხარია მათი წარმატებული დებიუტი. ძირითად შემადგენლობაში ახალი მოთამაშეების დამატება გუნდს ცუდად არ დასტყობია, პირიქით - ახალი მუხტი და ენერგია შეიტანეს, მეტი იმედი გაჩნდა და გაახალგაზრდავების პროცესს, რომელიც გუნდში უკვე მიმდინარეობს, ეს მხოლოდ წაადგება.

- ქვეყნის მთავარ გუნდში ეროვნული ჩემპიონატის წარმომადგენლის წარმატებული თამაში საქართველოს პირველობის ყველა ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაცია იქნება!
- რა თქმა უნდა. ბათუმის "დინამოდან" ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელი იყო მიწვეული და ამას მხოლოდ მივესალმები, იმის მიუხედავად, რომ იმ პერიოდში, კლუბს დააკლდნენ. კლუბისთვის დიდი პატივია ეროვნულ გუნდში მისი მოთამაშის გამოძახება. ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა მოთამაშემ, ირაკლი აზაროვმაც ხომ საქართველოს ჩემპიონატში თამაშით მიიქცია ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრები გუნდების მწვრთნელების ყურადღება. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელიც არის, რომ ეროვნული ლიგა არც ისეთი დაბალი დონისაა, როგორადაც ხატავენ.

- ბოლო სანაკრებო მატჩებში რამდენიმე მოთამაშის გამორჩევა შეიძლება, მაგრამ, ალბათ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ.
- ცალკეული მოთამაშეების გამოყოფისგან თავს შევიკავებ. გუნდის თამაშში სასიამოვნო სიახლეები შევამჩნიე. ასეთი რაღაცები საქართველოს ნაკრებში წინათაც იყო, თუმცა უფრო იშვიათი, ფრაგმენტული სახე ჰქონდა. სანიოლის ფორმაციის გუნდს კი ეტყობა, რომ ეს ყველაფერი უფრო სისტემურ სახეს მიიღებს. გუნდს აშკარად ეტყობა, რომ ამ მოკლე პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა. თუ ცალკეულ ეპიზოდს არ ჩავთვლით (მაგალითად, საბერძნეთთან თამაშის საწყის 15-20 წუთს), საქართველოს ნაკრებს აშკარა "ჩავარდნა" არ ჰქონია, მით უმეტეს, რომ ძალიან რთული სათამაშო და სამგზავრო გრაფიკი გვქონდა.

- სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ მძიმე მატჩებითა და მგზავრობით დაქანცულ ჩვენს გუნდს დაღლა ბერძნებთან მატჩის ბოლოსკენ უფრო უნდა დასტყობოდა, მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ!
- მართალი ხართ. ბერძნები ძალიან მობილიზებული გამოვიდნენ ჩვენთან სათამაშოდ და საწყის წუთებში ვერაფერი მოვუხერხეთ. თუმცა არეული დასაწყისის შემდეგ ბიჭებმა თამაში გამოასწორეს და მეორე ტაიმში ძალიან კარგად ითამაშეს. რაც შეეხება წინა კითხვას, თითოეულ ფეხბურთელს თავისი როლი აქვს, ლიდერებიც გვყავს და მათი თამაში მეც ძალიან მომწონს, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და არ მინდა ერთი, თუნდაც აშკარად გამოკვეთილი მოთამაშე ცალკე გამოვყო. ჩემთვის მთავარია, რომ გუნდი დავინახე! თუ ერთს გამოვარჩევთ, კიტეიშვილიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომლის თამაშიც ერთი შეხედვით არ "ყვირის", მაგრამ ოთარი უდიდეს სამუშაოს ასრულებს და გუნდისთვის ძალიან საჭირო მოთამაშეა. კანკავას, კაშიას და სხვა ფეხბურთელების მნიშვნელოვანი როლიც აღსანიშნავია, თუმცა ვიმეორებ - არ მინდა მაინცდამაინც გვარები დავასახელო.

- ხვიჩაზე მაინც გკითხავთ: როგორ გგონიათ, კვარაცხელია უკვე არის მზად ევროპული ფეხბურთის რომელიმე გრანდში სათამაშოდ? თუ ჯობს მინიმუმ ერთი წელი კიდევ გაატაროს საშუალო დონის კლუბში?
- რთული სათქმელია, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ხვიჩასთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, იყოს ძლიერ ჩემპიონატში და ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა! წავიდეს გრანდში და იქ დროის უმეტესი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს? ასეთი რამ არც თვითონ ენდომება. ამიტომ აირჩიოს კლუბი, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება!

- შვედეთსა და ესპანეთთან "მეორე ნომრად" თამაშის შემდეგ საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ შეტევის საფუძველიც და შანსიც მეტი გვქონდა. სახიფათო შეტევების უმეტესობა სამივე შეხვედრაში ჩვენს სწრაფ კონტრშეტევებს მოჰყვა. მაგრამ პოზიციური შეტევების დროს გაცილებით მეტად გვიჭირს. იგრძნობა ისეთი მოთამაშეების ნაკლებობა, რომლებსაც მოედნის ცენტრიდან შეტევის წამოწყება შეუძლიათ.
- ძალიან მომეწონა შეტევაში უსწრაფესად გადასვლა! მესმის, რომ თქვენ კლასიკური ტიპის გამთამაშებელს გულისხმობთ, მაგრამ შესაძლოა ასეთი მოთამაშე არც იყოს აუცილებელი, რადგან ჩვენი გუნდის წევრთა უმეტესობას შეუძლია შეტევის წამოწყებაც და მასში მონაწილეობაც, მათ შორის მცველებსაც. თუნდაც გიორბელიძე - ავსტრიის ჩემპიონატშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობს თავისი კლუბის შეტევებში, იმავეს თქმა შეიძლება ჩაბრაძეზეც. უმეტეს შემთხვევებში, ჩვენს მცველებს უმისამართო მოგერიებების გარეშე მშვიდად და ჭკვიანურად გამოჰქონდათ ბურთი საკუთარი საჯარიმოდან და სწრაფი შეტევებიც ძალიან კარგად გამოგვდიოდა.

- ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების შემდეგ ჩვენი შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს!
- მისი მეც ძალიან მეიმედება. გიორგი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, ეროვნულ გუნდს უდიდეს დახმარებას გაუწევს და მოედანზე მისი დაბრუნება ამიტომაც გვეჩქარება ყველას.

- ყველაზე მთავარი და სასიამოვნო, ალბათ, ნაკრების ბოლო მატჩებში ის იყო, რომ ჩვენი გუნდი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა. შეცდომებსაც უშვებდა, დამარცხდა კიდეც, მაგრამ თამაშობდა!
- საუბრის დასაწყისში სწორედ იმას გავუსვი ხაზი, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მონდომებით და თავდადებით თამაშობდნენ, მწვრთნელის ხელიც ეტყობოდათ და ისიც, რომ ამ გუნდს პერსპექტივა აქვს, რომ თამაშის ხარისხთან ერთად შედეგის გაუმჯობესებაც შეუძლია. ახალ მწვრთნელთან მუშაობის ცოტა დროის მიუხედავად, ვნახეთ შეკრული გუნდი, რომლის მოთამაშეებიც შეტევასაც ცდილობდნენ და ერთმანეთის დაზღვევასაც ახერხებდნენ. დროთა განმავლობაში, როცა მწვრთნელი და მოთამაშეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს და გუნდიც უფრო მეტად შეთამაშდება, ხარისხი უნდა გაიზარდოს. ამ ეტაპზე საქმეს ასე ეტყობა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თვის კითხვადი სტატიები