ბილეთების მსურველებმა იჩქარეთ! - კვირის პალიტრა

ბილეთების მსურველებმა იჩქარეთ!

ქართული რაგბისთვის წლის მთავარი მოვლენა შემოდგომაზე ჩასატარებელი მსოფლიო თასია, თუმცა, მანამდე თბილისშიც იქნება დიდი რაგბი - 24 მაისიდან 5 ივნისამდე 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფას ვმასპინძლობთ.

საქართველოს ნაკრებმა საშინაო ტურნირის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და "ლოკომოტივის" სტადიონზე "კლერმონის" ასაკობრივ გუნდს 36:22 მოუგო. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძეს სწორედ ამ მატჩის და მომავალი ტურნირის შესახებ ველაპარაკეთ. საუბარი კი რამდენიმე დღის წინ დასრულებული 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატით დავიწყეთ, სადაც ქართულმა გუნდმა რუსებს კი მოუგო დიდი ანგარიშით (38:3), მაგრამ ნახევარფინალში იტალიასთან ვერაფერს გახდა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

- ის ნაკრებები, რომლებთანაც ბოლო წლების განმავლობაში გვიწევს თამაში, ჩვენი კონკურენტები აღარ არიან, მათ საგრძნობლად გავუსწარით. თუმცა, ჩვენს მთავარ მიზნამდე, ანუ ევროპული რაგბის ელიტასთან გათანაბრებამდე კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. გარკვეულწილად, ფსიქოლოგიური ფაქტორიც თამაშობს როლს - ჩვენს ბავშვებს სულ ის ესმით, რომ რუსებს აუცილებლად უნდა მოუგონ და ლამის მთელ ენერგიას მათთან თამაშს ახმარენ.

- შეიძლება ითქვას, რომ ეს არა მხოლოდ რომელიმე ასაკობრივი ნაკრების, არამედ მთლიანად ქართული სანაკრებო რაგბის პრობლემად იქცა.

- სამწუხაროდ, ასეა. კონცენტრაცია ამ ერთ თამაშზე ხდება და ბიჭების მიდგომა ასეთია: ვაი და, წავაგოთ, საქართველოში აღარ ჩაგვესვლებაო! ამიტომაც რუსებთან თამაშს დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რესურსს ახმარენ. ასე იყო ამჯერადაც - მეოთხედფინალში მათ დიდი ანგარიშით მოვუგეთ და თანაც, ძალიან მაღალი ხარისხის თამაშით, მაგრამ იტალიასთან მატჩისთვის გუნდი მაინც ვერ განეწყო შესაბამისად.

თორემ, თუ იტალიის ნაკრებისთვის აშკარა უპირატესობით შეგიძლია მეორე ტაიმის მოგება, პირველი ნახევარი 29:3 არ უნდა წააგო... პირველ ტაიმში ძალიან ალოგიკური ლელოები მივიღეთ, თუმცა, სწორედ  მეორე ტაიმმა დაამტკიცა, რომ იტალიელებთან თანაბრად თამაში შეგვიძლია. იტალიამ კი მინიმალური სხვაობით წააგო ფინალური მატჩი შოტლანდიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შოტლანდიასთან სათამაშოდაც მზად ვართ. ასეა თუ ისე, ევროპის წლევანდელმა ჩემპიონატმა ჩვენი ხარვეზებიც გვიჩვენა და ისიც, რა გზით უნდა ვიაროთ.

- ეროვნული ნაკრების თავკაც რიჩი დიქსონს ყველა ასაკობრივი ნაკრების კოორდინირება ევალება და, ბუნებრივია, ახალგაზრდულ გუნდებთან დაკავშირებულ მის აზრს იზიარებთ.

- რიჩი თბილისში 6 მაისს ჩამოვა და ამ საკითხზე კიდევ ერთხელ საფუძვლიანად ვისაუბრებთ. კარგია, რომ სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრია. თუნდაც, მწვრთნელთა ხარისხის ამაღლება, თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა, ინდივიდუალური მუშაობა იმ პრობლემურ პოზიციებზე, რომლებიც ათწლეულებია, ნაკრებ გუნდებში გვაქვს. ლაპარაკია ნახევარდაცვაზე, ფრთის მოთამაშეებზე, თხუთმეტ ნომერზე და სხვ.

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყინული დაიძრა და ჯერ მხოლოდ 18-წლამდელთა დონეზე, მაგრამ "ბობოლებთან" თამაშის შესაძლებლობა უკვე გვაქვს...

- აგერ უკვე მერამდენედ გავხდით ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული რაგბი წინ მიდის. კონტინენტის წლევანდელი პირველობის შემაჯამებელ შეკრებაზე FIღA-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც რაგბი ვითარდება, საქართველოა. ინგლისის ნაკრების მწვრთნელმაც დიდი პატივისცემით ილაპარაკა ჩვენზე და აღნიშნა, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი ეყოლება. ამას სატრაბახოდ არ ვამბობ, ევროპული რაგბის ხელმძღვანელები ხედავენ, რომ ვმუშაობთ და განვითარების სურვილი გვაქვს.

- ხედავენ, გვენდობიან და სწორედ ნდობის გამოხატულებაა 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფა, რომელსაც 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს. ჩვენმა ნაკრებმა ამ ტურნირისთვის მოსამზადებელი ბოლო საკონტროლო მატჩი გასულ კვირას ჩაატარა და "კლერმონის" ასაკობრივ გუნდს 36:22 მოუგო.

- "კლერმონი" საფრანგეთის ჩემპიონი კლუბია, თანაც, ჩვენი სტუმრები საქართველოს ნაკრების მოთამაშეებზე ერთი წლით უფროსები იყვნენ და, ბუნებრივია, გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩა ამ გამარჯვებით. თუმცა, თავს ვერ მოვიტყუებთ - ვერ ვაჩვენეთ ისეთი თამაში, როგორიც მსოფლიო ალაფაზე წარმატების მისაღწევად გვჭირდება. ფიზიკურად აშკარად დავჩაგრეთ "კლერმონი", მაგრამ მხოლოდ ძალისმიერი თამაშით მსოფლიო რაგბის ელიტასთან წარმატების შანსი არ გვექნება. ამ ნაკრებს პოტენცია ნამდვილად აქვს, მაგრამ სამუშაოც ძალიან ბევრია. ალაფამდე სამ კვირაზე მეტია დარჩენილი და იმედია, მომავალ ტურნირზე გაცილებით ძლიერ ნაკრებს ვნახავთ.

- დასასრულ, მკითხველს უშუალოდ მსოფლიო ალაფაზეც ვუთხრათ. როგორც ცნობილია, მატჩებს სტადიონები "შევარდენი" და "სინათლე" უმასპინძლებენ.

- საქმე ის არის, რომ "ლოკომოტივზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება, ეროვნულ სტადიონზე კი მოედნის საფარი იცვლება, ასე რომ, არჩევანის საშუალება არ გვქონდა. რაც შეეხება განრიგს,  სათამაშო დღეებში ზედიზედ სამი მატჩი ავჭალაში, "სინათლის" სტადიონზე ჩატარდება და სამივე მატჩზე დასასწრები ბილეთIი 5 ლარი ეღირება, "შევარდენზე" კი თითო მატჩი ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ყველა მატჩს "სინათლეზე" ითამაშებს, "შევარდნის" ტრიბუნები ცარიელი რომ არ დარჩეს, დასწრება უფასო იქნება.

ავჭალის სტადიონზე სულ 2000 ადგილია და რადგან პირველ რიგში მონაწილე გუნდები, ჩამოსული სტუმრები, ქართული სარაგბო სამყაროს წარმომადგენლები უნდა უზრუნველვყოთ, ბუნებრივია, ათასზე მეტი ბილეთი არ გაიყიდება. რამდენიმე დღეში ბილეთები მზად იქნება და მსურველებს ვურჩევ, დროულად მიმართონ რაგბის კავშირს, რათა უბილეთოდ არ დარჩნენ. ჩვენ ისიც გავითვალისწინეთ, რომ საზოგადოების ინტერესი გაცილებით დიდია და საზოგადოებრივ მაუწყებელს შევუთანხმდით და საქართველოს ნაკრების მონაწილეობით გამართულ ყველა მატჩსა და დამატებით 4-5 საინტერესო შეხვედრას მაყურებელი ტელევიზიითაც იხილავს.