ოთხჯერ ნაკლები... ერთგულებისთვის - კვირის პალიტრა

ოთხჯერ ნაკლები... ერთგულებისთვის

დელ პიერო "იუვენტუსში" რჩება

"იუვენტუსისა" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო მომავალ სეზონშიც ტურინულ კლუბში ითამაშებს. 37 წლის ვეტერანმა "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობასთან უკვე მიაღწია შეთანხმებას და ახალ ერთწლიან კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს.

დელ პიერო 18(!) წელიწადია "იუვენტუსში" თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაბირების მსურველებს შორის ყოველთვის იყო მსოფლიო ფეხბურთის არაერთი გრანდი, ალექსს ტურინის მიტოვება გულშიაც არ გაუვლია. რამდენიმე დღის წინ, "კატანიასთან" მატჩში შესრულებული დუბლის შემდეგ, დელ პიერომ "იუვენტუსის" მაისურით გატანილი გოლების რიცხვი 283 ბურთამდე გაზარდა და ამ მაჩვენებლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აღსანიშნავია, რომ ერთი კლუბის შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობით "პინტურიკიო" მთელი იტალიის მასშტაბითაც საუკეთესოა და ჯუზეპე მეაცასაც გაუსწრო.

პ.ს. აქამდე "იუვენტუსში" ალესანდროს წლიური გასამრჯელო 4 მილიონი ევრო გახლდათ. ახალი კონტრაქტის თანახმად კი პრემიებისა და ბონუსების გარდა ვეტერანი წელიწადში მხოლოდ 1 მილიონს მიიღებს. თანამედროვე ფეხბურთში, სადაც თუნდაც რამდენიმე ათასით მეტი ხელფასისთვის მოთამაშეები კლუბებს დაუფიქრებლად იცვლიან, დელ პიეროს საქციელი ერთგულების იშვიათი მაგალითია.