ელენე მეათეა - კვირის პალიტრა

ელენე მეათეა

გედევანიშვილმა თავისუფალ პროგრამაში მისთვის სარეკორდო შედეგი აჩვენა

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი პროგრამის შესრულებისას კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა, ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატზე მხოლოდ მეათე ადგილს შესწვდა. მსოფლიო ჩემპიონატისთვის წელს იაპონიას უნდა ემასპინძლა, თუმცა, იქ დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო, წლევანდელი ტურნირის მასპინძლობა მოსკოვმა გადაიბარა. სწორედ რუსეთის დედაქალაქის სპორტკომპლექს "მეგასპორტის" ყინულზე ისრიალა 21 წლის ქართველმა კარიერაში ყველაზე უფრო "თავისუფლად", მაგრამ ამ საქმიდან რაც გამოვიდა, უკვე გითხარით.

აქამდე, თავისუფალ პროგრამაში ელენეს საუკეთესო შედეგი შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე მიღებული 103,72 ქულა იყო, მოსკოვში კი გედევანიშვილმა 104,63 ქულას (54,66 - ტექნიკურ, ხოლო 50, 97 პროგრამულ ელემენტებში მიიღო, 1 ქულა კი ჯარიმის გამო გამოაკლდა. - ავტ.) მოუყარა თავი. სამწუხაროდ, მოკლე პროგრამაში ელენეს მხოლოდ 51,61 ქულა ჰქონდა მიღებული, ამიტომაც, ჯამში მხოლოდ 156,24 დაუგროვდა და მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი საუკეთესო შედეგი - მეათე ადგილი გაიმეორა.