დიდი ქრისტეფორე - კვირის პალიტრა

დიდი ქრისტეფორე

ჩვენც გვყავს ჩვენი ქრისტეფორე - საქართველოში საჭიდაო სახეობების ერთ-ერთი პიონერი, დიდი წარსულისა და დიდი გულის კაცი. სწორედ მან "აღმოაჩინა" ჩვენი ქვეყნისთვის უამრავი სახელოვანი სპორტსმენი, ის იდგა ქართული ძიუდოსა და სამბოს სათავეებთან.

თავიდან,  ქართული ჭიდაობით დაიწყო, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან კი, როცა სამბო პირველად შემოვიდა საქართველოში, სწორედ ქრისტეფორე ნინიაშვილი იყო სამბოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 23(!) წლის განმავლობაში! ჩვენს ქვეყანაში ძიუდო ასე რომ განვითარდა, ესეც ამ ამაგდარი კაცის დამსახურებაა.

არაერთი ჩემპიონის გამზრდელს პირველს მიანიჭეს საბჭოეთის დამსახურებული მწვრთნელის წოდება. საბჭოთა კავშირიდან პირველი ევროპის ჩემპიონისა და პირველი ოლიმპიური მედალოსნის ანზორ კიკნაძის გამზრდელიც სწორედ ქრისტეფორე ნინიაშვილია.

რამდენიმე დღის წინ ქართული ჭიდაობის ბერმუხას 90 წელი შეუსრულდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მას იუბილე მიულოცეს და სამინისტროსა და სამბოს ფედერაციის სახელით ღირსების მედლითა და ფულადი პრემიით დააჯილდოეს. პირველ მწვრთნელთან ერთად, სამბისტთა ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ოლეგ იაძეც დააფასეს, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი სპორტული ჯილდო - სპორტის რაინდის ორდენი გადაეცა.

იუბილართან შეხვედრისას მის ამაგზე ბევრმა სახელოვანმა სპორტსმენმა ილაპარაკა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სიმონ მაისურაძის ნათქვამს გავიმეორებთ: "ნინიაშვილი იმ პერიოდის მოჭიდავეა, როცა ქართველმა სპორტსმენებმა ქართული ჭიდაობის ილეთებით გააკეთილშობილეს კლასიკური და თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო და სამბო.

ქართული შუაკაურით, სარმით, მოგვერდით, კისრულით შეიარაღებულმა ამ ფალავნებმა ჭიდაობა გაუთავებელი ჩოქბჯენიდან ფეხზე წამოაყენეს და გაალამაზეს!"

ჰოდა, თუ ვინმემ ფეხზე წამოაყენა და გაალამაზა საჭიდაო სახეობები საქართველოში, ერთ-ერთი პირველი სწორედ ქრისტეფორე ნინიაშვილი იყო. მივულოცოთ და ჯანის სიმრთელე ვუსურვოთ ქართული ჭიდაობის ბერმუხას. ვიამაყოთ, რომ ჩვენც გვყავს, ჩვენი პიონერი და "პირველაღმომჩენი" - დიდი ქრისტეფორე.