"ძალიან მიყვარს საქართველო, რომელიც ჩემს მეორე სახლად იქცა, მინდა ბოლომდე დავიხარჯო მისთვის და ვამაყობდე მასთან ერთად" - კვირის პალიტრა

"ძალიან მიყვარს საქართველო, რომელიც ჩემს მეორე სახლად იქცა, მინდა ბოლომდე დავიხარჯო მისთვის და ვამაყობდე მასთან ერთად"

"მინდა ვემსახურო საქართველოს, ბოლომდე დავიხარჯო მისთვის და ვამაყობდე მასთან ერთად"

ლაშა ტალახაძის მსგავსად, მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ანტონ პლესნოიმაც წამოიღო სამი ოქრო. ლაშა რუსებს არც ისე შეარჩენდა რამეს, მაგრამ ამ დიდი კაცის დიდებული ხასიათი მის სიტყვებშიც ჩანს - ჩემამდე, 9 აპრილს, საქართველოს ჰიმნი პლესნოიმაც ააჟღერა და დამატებითი სტიმული მომცაო! უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი ანტონ პლესნოი საქართველოს ჩინებულად შეეწყო და პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის მიუხედავად, რუსეთის დედაქალაქშიც ჩინებულად იასპარეზა.

- პანდემიამ სპორტული ასპარეზობებიც შეაჩერა და წელიწადზე მეტია ტურნირში მონაწილეობა არ მიმიღია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნება სულაც არ არის იოლი. ამის გამო ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხიც ახლდა. მით უმეტეს, მღელვარება გაორმაგდა მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მოსკოვის ფიცარნაგზე 9 აპრილს უნდა გავსულიყავი, ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე საქართველოსთვის! საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა უკეთ ასპარეზობაც შემეძლო.

- ალბათ, კიდევ უფრო მეტი წონის აწევას გეგმავდით, თორემ ოქროს სამი მედლით უკმაყოფილო ვინ უნდა იყოს? - ფიცარნაგზე გასვლამდე ერთი დღით ადრე უცნობი მიზეზით ალერგიული რეაქციის გამო თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. ასპარეზობის დაწყებამდე ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა ფორმაში მომიყვანა, მაგრამ ამან მაინც დაასვა დაღი ჩემს გამოსვლას. ტრავმის საშიშროება რომ გამომერიცხა, უარი ვთქვი იმ წონის აწევაზე, რისთვისაც ტურნირის დაწყებამდე ვიყავი მზად. აკვრაში მეორე წარმატებული ცდის შემდეგ, როცა ოქროს სამი მედალი გავინაღდე, ორჭიდის ჯამში ევროპის ახალი რეკორდის დამყარებაც ვცადე, მაგრამ ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო ვერ შევძელი. მთლიანობაში, ცხადია, კმაყოფილი ვარ. ოლიმპიადამდე დარჩენილ დროში უფრო კარგად მოვემზადები და ბევრად სერიოზული შედეგებისთვის ვიბრძოლებ.

- ოლიმპიადაზე ამის ფუფუნება არ გექნებათ, მოსკოვში კი კონკურენცია ვერავინ გაგიწიათ. - ჩემს მთავარ კონკურენტებად ბელარუსი, რუსი და სომეხი ძალოსნები მიიჩნეოდნენ. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე სწორედ ამ სომეხმა ძალოსანმა მაჯობა და მოსკოვში რევანში ავიღე. ბელარუსმა და რუსმა სპორტსმენებმა ისეთი წონები შეუკვეთეს, აშკარა იყო, ძირითადი ბრძოლა მათთან მომიწევდა, მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ ჩემპიონობაში ვერც ერთი ვერ შემეცილებოდა.

- ატაცში თავიდანვე დაწინაურდით. ამ მოძრაობაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ, ვიდრე აკვრაში? - ატაცში უფრო თავისუფლად ვეჭიდები ხოლმე დიდ წონებს. თუმცა ბოლო დროს უფრო მეტ ყურადღებას აკვრას ვუთმობ, რადგან ჩემი მთავარი კონკურენტები ამ დისციპლინაში ძალიან ძლიერები არიან და მათთან თანაბარი კონკურენციისთვის მეც უნდა მოვუმატო.

- საქართველოს სახელით ასპარეზობთ, მაგრამ უკრაინელი ხართ და, ბუნებრივია, თქვენი ისტორიული სამშობლოს ბედი ძველებურად გაღელვებთ. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ფონზე, მოსკოვში ასპარეზობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენთვის. - დონბასიდან ვარ, უკრაინის იმ კუთხიდან, სადაც ამჟამად ომია. ძალიან მიყვარს დონბასი, მიყვარს მთელი უკრაინა, ძალიან მიყვარს საქართველო, რომელიც ჩემს მეორე სახლად იქცა, და როცა ვხედავ, რა ხდება გარშემო, მხოლოდ ერთი რამ მინდა - ომი საერთოდ არ არსებობდეს! უკრაინასა და საქართველოზე რუსეთის ზეწოლა დღესაც გრძელდება, მაგრამ მე კონფლიქტების მაქსიმალურად შერბილების მომხრე ვარ - ყველა მხრიდან!

- 9 აპრილი შემთხვევით არც თქვენ გიხსენებიათ და ამ თარიღის აღმნიშვნელი სპეციალური სამკლავურები ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ჩვენი გუნდის წევრებსაც ეკეთათ. ქართველი თანაგუნდელები თქვენც გელაპარაკნენ ამ დღის მნიშვნელობაზე? - როცა გავიგე, რა რიცხვში მიწევდა ფიცარნაგზე გასვლა, პასუხისმგებლობა გამიორმაგდა. ვხვდებოდი, რომ 9 აპრილს წაგების უფლება არ მქონდა! საუკეთესო შედეგისთვის უნდა მიმეღწია, ამით საქართველოს სიძლიერე მეჩვენებინა და ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივი მიმეგო!

- ამბობთ, უკრაინის ნაკრებში ასპარეზობისას მწვრთნელების უსამართლო გადაწყვეტილებები ბევრჯერ მინახავსო, საქართველოს ნაკრებში თავს გაცილებით კომფორტულად უნდა გრძნობდეთ... - ასეც არის. სხვაობა უზარმაზარია. საქართველოში ყველაფერს აკეთებენ, რომ სპორტსმენი თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს: გვაქვს საუკეთესო პირობები, შეკრებები, დაფინანსება. თუმცა მთავარი მაინც დამოკიდებულებაა - საქართველოში სპორტსმენები უყვართ, პატივს სცემენ, მოსკოვიდან დაბრუნებულებსაც აეროპორტში საოცრად ლამაზად და ემოციურად დაგვხვდნენ.

სამწუხაროდ, უკრაინაში ასეთი რამ არ ყოფილა. ტურნირიდან იქაც დავბრუნებულვარ მედლებით, მაგრამ მხოლოდ მინივენი გვხვდებოდა და შინ მივყავდით. გარდა ამისა, არც სპონსორები გვყავდა, უსამართლობაც ბევრჯერ გვინახავს. თუ უკრაინის ნაკრების მწვრთნელის შეგირდი არა ხარ და სხვა, "ჩვეულებრივი" მწვრთნელი გავარჯიშებს (მაგალითად, შენი ქალაქიდან), ფაქტობრივად, მნიშვნელოვან ტურნირში მონაწილეობის შანსი არ გეძლევა, მით უმეტეს, ოლიმპიურ თამაშებში!

- სწორედ ეს იყო მოქალაქეობის შეცვლის მთავარი მიზეზი? - ძალიან მინდოდა ოლიმპიადაზე ასპარეზობა, მაგრამ კარგად ვხედავდი, რომ უკრაინის ნაკრებში ამის შანსს არ მომცემდნენ. ამიტომ გადავწყვიტე მომეძებნა ქვეყანა, რომელსაც მე დავჭირდებოდი! მინდა ვემსახურო ამ ქვეყანას, ბოლომდე დავიხარჯო მისთვის, ვამაყობდე მასთან ერთად...

- უკრაინის ნაკრებმა ჩინებულად იასპარეზა მოსკოვში და გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა. რას გრძნობდით, როცა ყოფილი თანაგუნდელების გამოსვლას უყურებდით? - თუ ისინი ასეთ პირობებში ახერხებენ შედეგის ჩვენებას და მაღალი სინჯის მედლების მოპოვებას, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან! მიხარია მათი და უკრაინის წარმატება.

- ცხადია, მაგრამ მეორე მხრივ ორმაგად მოტივირებულიც იქნებოდით, რათა უკრაინის ნაკრების მწვრთნელებისთვის დაგემტკიცებინათ, რომ უსამართლოდ გექცეოდნენ და თქვენი სახით ძლიერი სპორტსმენი დაკარგეს! - იქნებ ნანობენ კიდეც, რომ ვიღაც ვერ დააფასეს, ვიღაც დაკარგეს, მაგრამ ეს უკვე მათი საქმეა. წარსულში აღარ ვიყურები. ნამდვილად არ ვცდილობ ყოფილ მწვრთნელებს დავუმტკიცო, აი, როგორი ძლიერი ვარ-მეთქი. ჩემთვის მთავარია, რომ ვარ ქვეყანაში, რომელსაც ვუყვარვარ, სადაც ყველანაირი პირობაც მაქვს და მოტივაციაც, რომ ბოლომდე დავიხარჯო.

- საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ნატურალიზებული უკრაინელია - ანასტასია გოტფრიდი. - მამამისი ჩემი მწვრთნელი იყო და ანასტასიას მას შემდეგ ვიცნობ, რაც ძალოსნობაში ვარჯიში დავიწყე. წლებია, ვმეგობრობთ, ის ძალიან ძლიერი, შეუპოვარი გოგონაა. ევროპის ჩემპიონატზე მისი მონაწილეობაც ამის დასტურია: ოპერაციიდან ოთხი თვის შემდეგ რეაბილიტაციას იწყებენ, ანასტასიამ კი არა მარტო ვარჯიშის განახლება, კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა და მცირე ოქროს მედლის მოპოვებაც შეძლო, რაც ძალიან მაგარი შედეგია! ორი წელიწადია ტურნირზე არ გამოსულა, 2020 წელს იმშობიარა კიდეც და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბოლო ორ თვეში მისი ნაჩვენები ვარჯიში და საოცარი მონდომება მართლაც გმირული შედეგია. ანასტასიას მუხლი ყოველი ვარჯიშის შემდეგ უსივდებოდა და სტკიოდა, ტკივილგამაყუჩებლებით ვარჯიშობდა, რათა ევროპის ჩემპიონატამდე მისულიყო და შედეგი ეჩვენებინა. დარწმუნებული ვარ მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაცილებით უკეთეს ფორმაში იქნება და ნაკრებს უფრო მეტ მედალს მოუტანს.

- საქართველოს ნაკრების დანარჩენ წევრებზე რას იტყვით? - ვმეგობრობ როგორც მთავარი, ისე ახალგაზრდული გუნდების წევრებთან. თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ლაშა ტალახაძესთან, რეზი დავითაძესთან, ირაკლი თურმანიძესთან, ჩვენს ექიმ გიორგი ჭინჭარაულთან ერთად ვარ. როცა დამირეკეთ, მაშინაც ერთად ვიყავით - მოსკოვში გატარებული დღეების შემდეგ, მონატრებულ ქართულ რესტორანში ვისადილეთ.

- საქართველოში რის დათვალიერება მოასწარით? - თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, მაგრამ გული ბუნებისკენ უფრო მიმიწევს ხოლმე. იმ ადგილებისკენ, სადაც საქართველომ პირველყოფილი სილამაზე შეინარჩუნა. საქართველოს მთავარ სიმდიდრედ მისი ულამაზესი ბუნება მიმაჩნია. ხშირად გვიწევს გავლა საქართველოს სამხედრო გზაზე, სადაც საოცარი ხედებია, შეკრებას გავდივართ ხოლმე ბაკურიანში, სადაც ასევე ულამაზესი ბუნებაა, ძალიან მომწონს ბათუმი... უკვე ვისწავლე ქართული ანბანი, შემიძლია წერა-კითხვა. ჯერჯერობით, სიტყვათა მარაგით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ვცდილობ, რეპეტიტორებთანაც დავდივარ, თანაგუნდელებიც მეხმარებიან.

- ლაშა ტალახაძეზე რას იტყვით? როგორი გრძნობაა, როცა შენი თანაგუნდელი და მეგობარი პლანეტის უძლიერესი ადამიანია? - სანამ გავიცნობდი, მეგონა, ამხელა გოლიათს, ასეთი დონის ათლეტს ვერც დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ ლაშა ძალიან უბრალო, თავმდაბალი და მორწმუნე ადამიანია. ცალკე საკითხია შტანგასთან მისი ურთიერთობა! ძალოსნობაში, განსაკუთრებით კი მძიმეწონოსნებში, ტექნიკური ათლეტები იშვიათია, რადგან ძირითად აქცენტს ძალაზე აკეთებენ. მაგრამ ლაშას შემთხვევაში ერთმანეთს ერწყმის საოცარი ფიზიკური ძალა და იდეალური ტექნიკა. რამდენჯერმე ვუყურებ ხოლმე მისი ასპარეზობის ჩანაწერს და ყოველ ჯერზე ვხედავ, რომ არაფერი ზედმეტი - იდეალურად ასრულებს მოძრაობას! ასეთი ადამიანები ასწლეულში ერთხელ იბადებიან.

- ძალოსნობაში ბუნებრივი ძალა უფრო მნიშვნელოვანია, თუ ვარჯიში და ტექნიკა? - როცა ნიჭი აქვს, ძალოსანი რაღაც დონეს აუცილებლად მიაღწევს, მაგრამ დიდი წარმატება შრომისმოყვარეთა ხვედრია. ისეთი სპორტსმენების, რომლებიც მუდმივად მუშაობენ თავის თავზე, ძალოსნობა ხომ ტექნიკაზე დაუსრულებლად შრომას ნიშნავს. ჩვენი სხეული მუდმივად იცვლება კვების, დასვენების, ვარჯიშის შესაბამისად და ტექნიკაც ამ ცვლილებებს უნდა შევუხამოთ. ძალოსნობაში მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა, შენს თავზე მუდმივად მუშაობა და ფიქრი.

- სიმძიმეებთან ჭიდილის გარდა რა გიყვართ, თავისუფალ დროს რით ერთობით? - მიყვარს კითხვა, ცოტა ხნის წინ ავისრულე დიდი ხნის ოცნება და ვისწავლე დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა. ძალიან შემიყვარდა ქართული სიმღერებიც.

- რას ეტყვის ანტონ პლესნოი ქართველ გულშემატკივარს, რომელმაც უკვე შეიყვარა ძალოსანთა ნაკრების ახალი წევრი?

- დიდი მადლობა იმ საოცარი მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძნობ, ვხედავ, ვკითხულობ სოციალურ ქსელში. ზაფხულის ოლიმპიადის დაწყებამდე დაახლოებით 100 დღეა დარჩენილი. ამიტომ დაუღალავად უნდა გავაგრძელო შრომა, რათა ოლიმპიურ თამაშებს საუკეთესო კონდიციაში შევხვდე და პლანეტის საუკეთესო ძალოსნებთან კონკურენცია შევძლო.