როგორ ემზადება დედაქალაქი ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის - კვირის პალიტრა

როგორ ემზადება დედაქალაქი ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის

რა მშენებლობები იგეგმება 2015 წლისთვის

ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი 2015 წელს თბილისში გაიმართება. წინასწარ ცნობილია, რომ ოლიმპიადის ფარგლებში 10-12 ათასი სტუმარი ჩამოვა. მათ შორის სპორტსმენების, მწვრთნელების და ოლიმპიურ თამაშებზე ზედამხედველების რაოდენობა  დაახლოებით  4500 იქნება. დანარჩენი სტუმრები კი სპორტსმენების გულშემატკივრები იქნებიან. 2015 წლამდე ჯერ დრო რჩება, თუმცა გარკვეული სამზადისი უკვე დაწყებულია.

ჯერ დაუზუსტებელია დაახლოებით რა თანხა დაუჯდება დედაქალაქს ოლიმპიადის მასპინძლობა. საბოლოოდ დაზუსტებული არც ის არის, კონკრეტულად რა მშენებლობები უნდა განხორციელდეს, თუმცა გარკვეული დეტალების შესახებ თბილისის მერიაში უკვე მიანიშნებენ. მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე სპორტის დარგში მერაბ ჩიქობავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს პროექტირება და ღონისძიების მასპინძლობის სავარაუდო ღირებულებაც პროექტირების დასრულებისას გაირკვევა.

თბილისში 24 მაისს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტს ელიან. სწორედ, მისი თანდასწრებით უნდა გამართოს ქართულმა მხარემ პროექტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია. შემდეგ კი ექსპერტის შენიშვნების გათვალისწინება მოხდება.

მერიაში ამბობენ, რომ ზოგადად, თბილისის ზღვის შემოგარენში ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაში 2015 წლის თამაშებისთვის ოლიმპიური სოფლის მშენებლობაც შედის. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი ეს კოტეჯები შესაძლოა კერძო ინვესტორს გადაეცეს.

მერაბ ჩიქობავა ამბობს, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდეს ალტერნატიული უნივერსალური ტიპის დარბაზი. თუმცა ამ შენობას მხოლოდ სპორტული დატვირთვა არ ექნება, ეს იქნება იქნება სპორტის სასახლის მსგავსი შენობა, ოღონდ თანამედროვე. ასევე მერია აპირებს არსებული სპორტული მოედნების ქირაობას, რომლებსაც კერძო მფლობელები ჰყავთ, თუმცა, ეს მოედნები 2015 წლისთვის სტანდარტების შესაბამის მდგომარეობაში უნდა იყოს.

„ერთადერთი რაც ამ ეტაპისთვის ვიცით, რომ ასაშენებელი გვექნება უნივერსალური დარბაზი, სადაც გაიმართება სპორტულ ტანვარჯიშში შეჯიბრება. რაც შეეხება სტადიონებს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი აკმაყოფილებს სტანდარტებს. სათადარიგო სტადიონი - „ნორჩი დინამოელი“ იქნება. 2015 წლისთვის ამ მოედნებს გარკვეული მომზადება მაინც დასჭირდებათ“.

ცნობილია, რომ შარშან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას მიმართა, რათა  თბილისში 2012 ან 2013 წელს გაიმართოს ევროპის ლიგის ფინალი. თუმცა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თბილისში სტუმრობისას დედაქალაქის ინფრასტრუქტურა დაგვიწუნა. მაშინ ქალაქის მერმა პლატინის შენიშვნა მიიღო, თუმცა იმედოვნებს, რომ ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია.

„ეს არის აეროპორტის გამტარიანობა, სასტუმროები და სპორტული მოედნები. სპორტული მოედნები მოსწრებადია და გაკეთდება. აეროპორტის თვალსაზრისიდაც მიღწევადია ეს საკითხი, რადგან თბილისის აეროპორტს საკმაო რესურსი გააჩნია ამისთვის. გადასაწყვეტია მთავარი საკითხი - სასტუმროები. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - განაცხადა მაშინ გიგი უგულავამ.

რაც შეეხება 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადას, დედაქალაქის მერიაში აცხადებენ რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა სრულიად აკმაყოფილებს იმ მასშტაბებს, რაც ამ ღონისძიებას სჭირდება.

„ახალგაზრდული ოლიმპიადა  არ აერთიანებს ისეთ დიდ რაოდენობას, როგორც მაგალითად, ევროპის ლიგის ფინალი ფეხბურთში. 2015 წელს, სულ 10-12 ათასი ადამიანი იქნება, როცა ევროპის ლიგის ფინალზე შეიძლება 100 ათასამდე ადამიანიც კი ჩამოვიდეს. მთავარი მშენებლობა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში არის ოლიმპიური სოფელი“.

მერიაში ამბობენ, რომ ჩვეულებრივ ოლიმპიადასთან შედარებით, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასშტაბები 10%-იც არ არის.

„ეს არ არის ორიენტირებული მაღალ სპორტულ შედეგებზე. ეს არის ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი მიმართულება, რათა ბავშვებმა გაიგონ შედეგების ფასიც, ჰქონდეთ ურთიერთობა ერთმანეთთან. ეს უფრო გასართობ-შემეცნებითი მოვლენაა. ჩვენთან ინფრასტრუქტურა ვითარდება, თან გამოცდილებას შევიძენთ, ასევე ამდენი ტურისტი ჩამოდის, რომელთა დიდ ნაწილს საქართველოს არსებობაც არ გაეგონათ..“, - ამბობს მერაბ ჩიქობავა.

თემურ იობაშვილი