"დღე არ ყოფილა, მაკედონიასთან მატჩზე არ მეფიქროს" - კვირის პალიტრა

"დღე არ ყოფილა, მაკედონიასთან მატჩზე არ მეფიქროს"

"ევროპაში თამაში მეც მინდოდა, მაგრამ არ მქონია კონკრეტული და საინტერესო შემოთავაზებები და როდესაც კორეის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბიდან რეალური წინადადება მივიღე, დავთანხმდი"

ვაკო ყაზაიშვილს ჯერ არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ახალი გადასულია სამხრეთკორეულ "ულსან ჰიუნდაიში", მარტის სანაკრებო მატჩებიც ამის გამო გამოტოვა, თუმცა თანდათანობით იბრუნებს ფორმას და ახალ კლუბშიც მოასწრო ლამაზი გოლითა და შედეგიანი გადაცემებით თავის გამოჩენა. ამერიკულ MLS-ში გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილმა კარიერის გასაგრძელებლად საფეხბურთო რუკის კიდევ ერთი ეგზოტიკური წერტილი აირჩია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეროვნულ გუნდს კორეული K1 ლიგიდანაც დაეხმარება. ჩრდილოეთი მაკედონია, აშშ, სამხრეთი კორეა, საქართველო - ექსკლუზიურ ინტერვიუში ვაკოს ამ და სხვა საინტერესო ამბებზე ვესაუბრეთ:

- ვაკო, ბოლო ამბით დავიწყოთ: "ჯანბუკთან" პრინციპულ მატჩში მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდი. ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო თუ მწვრთნელმა დასვენების საშუალება მოგცა?

- ბოლო წლებში "ულსანსა" და "ჯანბუკს" შორის მატჩები ძალიან პრინციპულ დაპირისპირებად იქცა. "ჯანბუკი" ორჯერ გახდა ჩემპიონი და ჩემს ამჟამინდელ კლუბს ორივეჯერ ქულათა მინიმალური სხვაობით აჯობა. ასე რომ, კონკურენტთან შესახვედრად ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად ვემზადებოდით. რაც შეეხება ჩემს თამაშს, კორეის უმაღლესი ლიგის ახალი წესდების მიხედვით, ყველა კლუბის სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს მინიმუმ ერთი 22 წლამდე ასაკის ფეხბურთელი. ბოლო მატჩებში სულ ძირითად შემადგენლობაში ვიყავი, "ჯანბუკთან" კი მწვრთნელმა ახალგაზრდა მოთამაშეს დააწყებინა თამაში, მე კი შესვენების შემდეგ შემიშვა მოედანზე.

- შენს თამაშს თუ გავითვალისწინებთ, ჩანს, ახალ კლუბსა და ქვეყანას იოლად შეეგუე. - მესამე თვეა, სამხრეთ კორეაში ვარ. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ულსანსა და ახალ კლუბს საკმაოდ მალე გავუშინაურდი. ფეხბურთელებმაც ძალიან კარგად მიმიღეს, ადაპტაციაშიც ძალიან მეხმარებიან და აქ თავს უკვე კომფორტულად ვგრძნობ.

- ულსანს "ჰიუნდაი სიტისაც" უწოდებენ, რადგან Hyundai-ს უდიდესი ქარხანა სწორედ იქ მდებარეობს. რით განსხვავდება ეს უზარმაზარი ქალაქი იმ ადგილებისგან, სადაც აქამდე გიცხოვრია? - ულსანი სამრეწველო ქალაქია მილიონზე მეტი მცხოვრებით, თუმცა ამის მიუხედავად, ისეთი წყნარი და მყუდროა, ხშირად ვადარებ ხოლმე კალიფორნიულ სან-ხოსეს, სადაც ბოლო წლებში ვცხოვრობდი. ულსანში სტუმართმოყვარე, ძალიან შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, ამინდიც კარგია. მოკლედ, ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

- ადგილობრივ, ჩვენთვის ეგზოტიკურ საჭმელსაც მიეჩვიე? გიყვარს აზიური სამზარეულო? - სიმართლე გითხრათ, კორეული კერძებიდან ბევრი არაფერი გამისინჯავს. კლუბში ოთხი ევროპელი ვართ და მზარეული სპეციალურად ამზადებს ჩვენთვის კერძებს.

- სამხრეთ კორეის საათობრივი სარტყელი საქართველოსგან ისე რადიკალურად არ განსხვავდება, როგორც აშშ-ისგან, მაგრამ სხვაობა მაინც არის. აკლიმატიზაცია იოლად გაიარე? - აშშ-დან ჩამოსვლის შემდეგ საქართველოს დროზე გადმოსაწყობად 2-3 დღე მაინც მჭირდებოდა, სამხრეთ კორეის დროს კი მხოლოდ ხუთი საათით ჩამოვრჩებით და აკლიმატიზაციასაც შედარებით ნაკლები დრო სჭირდება.

- ბოლო წლებში, კორეის უმაღლესი ლიგა (K1) საკმაოდ გაძლიერდა. - აქ ჩამოსვლამდე K1 ლიგაზე ბევრი არაფერი ვიცოდი და კორეის ჩემპიონატის დონით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. პირობები, ინფრასტრუქტურა, ჩემპიონატის გაშუქება მაღალ დონეზეა, კონკურენციაც დიდია - ჩემპიონობისთვის 3-4 კლუბი იბრძვის და თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

- კორეული გოლების ანგარიში 7 აპრილს, "სეულთან" მატჩში გახსენი, გატანილ ბურთს საგოლე გადაცემაც მიამატე და ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდი. - MLS-დან წამოსვლის შემდეგ რამდენიმე თვე უგუნდოდ ვიყავი, თამაშიც ძალიან მომენატრა. ასე რომ, "სეულთან" შეხვედრა ორმაგად ემოციური გამოდგა. საკუთარ მოედანზე გამარჯვება, გოლი და საგოლე პასი - ფეხბურთელმა ამაზე მეტი რა უნდა ინატროს? ისეთი გახარებული ვიყავი, რომ გამარჯვების მომტანი საგოლე გადაცემა მომდევნო შეხვედრაშიც შევასრულე.

- თუმცა ბოლო ორი მატჩია, "ულსან ჰიუნდაი" წარუმატებლად თამაშობს. - ამის მთავარი მიზეზი "ჯანბუკთან" მატჩია: უშუალო კონკურენტთან პრინციპულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველა მხოლოდ ამ თამაშზე ლაპარაკობდა და სხვა შეხვედრები მეორე პლანზე გადავიდა. სამწუხაროდ, ვერც "ჯანბუკი" დავამარცხეთ, მაგრამ ჯერ მთელი ჩემპიონატი წინ არის და ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად კიდევ ბევრი შანსი გვექნება.

- MLS-სა და "სან-ხოსეზე" რას იტყვი? აშშ-ში გატარებულმა პერიოდმა უფრო მეტი შეგმატა თუ დაგაკარგვინა? - აშშ-ის ჩემპიონატში გატარებულ წლებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავიხსენებ! MLS ყოველწლიურად ვითარდება და ადგილობრივ ჩემპიონატში სათამაშოდაც სულ უფრო მეტი ძლიერი ფეხბურთელი ჩადის. დავიდ ვილია, ჯოვინკო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი - სხვადასხვა დროს MLS-ში მოთამაშე ამ ფეხბურთელების დასახელებაც კმარა. ჩემთვის ერთადერთი დისკომფორტი საქართველოსგან სიშორე იყო და ის, რომ სანაკრებო მატჩებისას აკლიმატიზაციისთვის შედარებით მეტი დრო მჭირდებოდა.

- შენი დასახელებული გვარებიც ადასტურებს, რომ აშშ-ის საფეხბურთო ლიგაში სათამაშოდ უმეტესწილად, ასაკოვანი ვარსკვლავები მიდიან ხოლმე. ამიტომაც გაგვაკვირვა 24 წლის ვაკოს MLS-ში გადაბარგებამ. რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი? - ის, რომ იმ დროს დიდი არჩევანი და ბევრი შემოთავაზება ნამდვილად არ მქონია! ვიცოდი, რომ MLS-ის დონე ყოველწლიურად იზრდებოდა და როდესაც დამირეკა "სან-ხოსეს" სპორტულმა დირექტორმა (რომელიც ჯერ კიდევ ჰოლანდიიდან მიცნობდა) და ამერიკულ კლუბში თამაში შემომთავაზა, ბევრი აღარ მიფიქრია. ეს იყო თამაშის და თამაშისგან სიამოვნების მიღების შესაძლებლობა, რაზეც უარი არ ვთქვი.

- თუმცა, როცა "სან-ხოსეში" წახვედით, ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა ხელიც კი ჩაიქნია: ყაზაიშვილი და კაშია ნაკრებს ვეღარ გამოადგებიანო. - სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა სანაკრებო მატჩამდე 3-4 დღით ადრე გზაში თითქმის 24 საათის გატარება გიწევს. თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ეროვნულ გუნდში ჩემს თამაშზე ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მეც და გურამიც სულ მზად ვიყავით ნაკრებში სათამაშოდ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდით.

- ცხადია, გადაწყვეტილებას მხოლოდ შენ იღებ, მაგრამ ისიც გეცოდინება, რომ ქართველი გულშემატკივრის უმეტესობას არც აშშ-ში თამაშისთვის "ემეტებოდი" და არც კორეის ჩემპიონატისთვის: ვაკო ჯერ ახალგაზრდაა, კარგ ევროპულ კლუბში შეუძლია თამაში და კორეაში რა უნდაო? - ჩვენი ქომაგის კარგად მესმის - უნდა ქართველ მოთამაშეებს ძლიერ ევროპულ კლუბებში ხედავდეს! ევროპაში თამაში მეც მინდოდა, მაგრამ არ მქონია კონკრეტული და საინტერესო შემოთავაზებები და როდესაც კორეის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბიდან რეალური წინადადება მივიღე, დავთანხმდი.

"ულსან ჰიუნდაი" აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, ამ ტურნირზეც და ქვეყნის პირველობაზეც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და რადგან ევროპული გუნდებისგან რეალური დაინტერესება ვერ დავინახე, "ჰიუნდაის" ქალაქში წამოვედი.

- რას უპასუხებ მათ, ვინც ფიქრობს, რომ აშშ-სა და კორეაში სათამაშოდ მხოლოდ ფინანსური დაინტერესების გამო წახვედი? - დაიჯერებენ თუ არა, მათი საქმეა, მაგრამ სიმართლე ის არის, რაც უკვე ვთქვი: "სან-ხოსეში" იმიტომ წავედი, რომ რეალური შემოთავაზება მხოლოდ ამ კლუბისგან მქონდა. მსგავსი ვითარება იყო "ულსანის" შემთხვევაშიც - კალიფორნიიდან წამოსვლის შემდეგ სამი თვე უგუნდოდ ვიყავი, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი და როცა კონკრეტული წინადადება მივიღე აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბისგან, რომელიც ქვეყნის პირველობაზეც ჩემპიონობისთვის იბრძვის, თანხმობა ვუთხარი. ულსანში იმისთვის ჩამოვედი, რომ ვითამაშო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო!

- საქართველოს ნაკრებზეც ვილაპარაკოთ: გავიხსენოთ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის და იმედგაცრუების მატჩი: საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია... - ეს მართლაც უდიდესი იმედგაცრუება იყო. 12 ნოემბრის შემდეგ დღე არ ყოფილა, მაკედონიასთან მატჩზე არ მეფიქროს... ყველამ ძალიან განვიცადეთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ასეთი რეალური შანსის გამოუყენებლობა... მეტს ვერაფერს ვიტყვი, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.

- იმედგაცრუება გასაგებია, მაგრამ რა იყო მარცხის მიზეზ(ებ)ი? - მიზეზი ბევრია: ფსიქოლოგიური წნეხი, ცარიელი ტრიბუნები, რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნა... ვინც მოედანზე ვიყავით, თამაში არც ერთს არ გამოგვივიდა. ფაქტია, არ იყო ჩვენი დღე...

- იმის მიუხედავად, რომ მეორე ტაიმში რამდენიმე მოთამაშეს აშკარად დაგეტყოთ დაღლა, ვაისმა ბოლო წუთებამდე არ შეგცვალათ... როგორ ფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო? - მწვრთნელს თავისი შეხედულებები, ტაქტიკური ჩანაფიქრები და იმედი აქვს. მოგება ძალიან გვინდოდა, არც ცდა დაგვიკლია, მაგრამ ფაქტია, კარგად ვერავინ ვითამაშეთ.

- საქართველოს ნაკრების გასახდელში რა ხდებოდა თამაშის შემდეგ? - ყველა უზომოდ გულდაწყვეტილი ვიყავით და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ ამდენ გულშემატკივარს, მთელ საქართველოს გავუცრუეთ იმედი... ჩემთვის დღემდე ძალიან მტკივნეულია იმ დღის გახსენება.

- მთლიანობაში, როგორ შეაფასებ სლოვაკი მწვრთნელის მუშაობას საქართველოს ნაკრებში? - ვაისის მუშაობით კმაყოფილი ვარ. იყო წარმატება, იყო თამაშები, რომლებმაც გამარჯვება და დიდი სიხარული მოგვიტანა. თუმცა ძალიან გულდასაწყვეტია როგორც დასრულდა ყველაფერი.

- ვაისი ვილი სანიოლმა შეცვალა. - მასთან მუშაობა საინტერესო და სასიამოვნო იქნება. ის ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო, მისი ბევრი თამაში მაქვს ნანახი "ბაიერნში", საფრანგეთის ნაკრებში და ეჭვი არ მეპარება, ის თვისებები, რაც ფეხბურთელობისას ჰქონდა, სამწვრთნელო საქმიანობაშიც ძალიან გამოადგება.

- სანიოლის ხელმძღვანელობით ნაკრებმა უკვე ითამაშა სამი მატჩი. რას იტყვი მარტში გამართულ შეხვედრებზე? - იმის გათვალისწინებით, რომ ახალი მწვრთნელი, ფაქტობრივად, არ იცნობდა თავის ფეხბურთელებს, ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. გულდასაწყვეტია, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ბიჭებსა და მწვრთნელზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- ნაკრების მატჩების შორიდან ყურება ვაკო ყაზაიშვილისთვის უჩვეულო ამბავია. - ნამდვილად უჩვეულო და არცთუ სასიამოვნო გრძნობა იყო ჩემთვის, მაგრამ სანაკრებო მატჩები დაემთხვა პერიოდს, როცა რამდენიმე თვის განმავლობაში ჯერ უგუნდოდ ვიყავი, მერე კი კორეაში ჩასულმა 14-დღიანი კარანტინი გავიარე და ვარჯიში მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სფფ-ს, ნაკრების სამწვრთნელო შტაბის და ჩემი ერთობლივი გადაწყვეტილებით, ვამჯობინეთ ჯერ ახალ კლუბს შევეჩვიო, ფორმა აღვიდგინო და ეროვნულ გუნდს მხოლოდ ამის შემდეგ შევუერთდე.

- შენს არყოფნაში ნაკრებში რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოჩნდა. მათ თამაშზე რას იტყვი? - ახალწვეულების თამაშის ნახვა ჩემთვისაც საინტერესო იყო. ბიჭებმა ძალიან კარგი მატჩები ჩაატარეს, ვულოცავ წარმატებულ თამაშს და მიხარია, რომ ეროვნულ გუნდში სულ უფრო მეტი არჩევანი და კონკურენციაა. დიდი ფუფუნებაა, როცა მწვრთნელს თითოეულ პოზიციაზე 2-3 მოთამაშეს შორის შეუძლია არჩევნის გაკეთება, მეტი კონკურენცია ხომ წარმატების მეტ შანსს ნიშნავს!

- ნაკრების ახალი მწვრთნელის და ამ ფორმაციის გუნდის წევრების სათამაშო ამპლუების გათვალისწინებით, სად ხედავს თავის ადგილს ვაკო ყაზაიშვილი? - ბუნებრივია, ეს მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. მაგალითად, "ულსანში" ბოლო მატჩი მარცხენა ფლანგიდან დავიწყე, რამდენიმე წუთის შემდეგ ცენტრში, თავდამსხმელების უკან გადავინაცვლე, თამაშის ბოლოს - მარჯვენა ფლანგზე. სადაც გუნდს ვჭირდები, იმ ადგილიდან ვცდილობ სარგებლის მოტანას. ისე კი ჩემთვის ყველაზე კომფორტულია თავდამსხმელების უკან თამაში.