"ბაია" თუ "გუდ ბაია"? - კვირის პალიტრა

"ბაია" თუ "გუდ ბაია"?

ქართულ ფეხბურთს სკანდალები არასდროს აკლდა, თუმცა, გასული კვირა ამ მხრივ მაინც განსაკუთრებულად გამოირჩეოდა. სამართალდამცავებმა ქართული კლუბების ხუთი ფეხბურთელი - როინ ონიანი, ლევან ვართაგავა (ზუგდიდის "ბაია"), სპარტაკ გოგია, კახაბერ კირთაძე ("სამტრედია") და გიგა ბეჭვაია ("ვიტ ჯორჯია") დააკავეს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების განცხადებით, მოთამაშეებს ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელთან, დავით გაბედავასთან სისტემატური ურთიერთობა ჰქონდათ და სოლიდური თანხის სანაცვლოდ ე. წ. "ცოცხალის" (მატჩში მოწოდებული აუტების, შეცვლების, მიღებული ბარათების რაოდენობა, პენალტი და ა.შ.), მისთვის სასურველი ვარიანტის "დასმას" უზრუნველყოფდნენ. ამ ბრალდებებს შესაბამისი ვიდეომტკიცებულებებიც მოჰყვა, თუმცა დაკითხვის შემდეგ ხუთივე ფეხბურთელი გაათავისუფლეს(?!).

"გაყიდული" მატჩების ვიდეოჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ ზოგიერთ ეპიზოდში საკმაოდ უნიჭოდ, მაგრამ ბრალდებულებმა "შეკვეთა" შეასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ხუთი მოთამაშის ბრალეულობა ჩანს, ძნელი წარმოსადგენია, "დავალების" შესრულება გუნდის მხოლოდ ორ, მით უმეტეს - ერთ ფეხბურთელს, თანაგუნდელების დაუხმარებლად მოეხერხებინა. ასე რომ, დიდი შანსია, გამოძიების დასრულების შემდეგ უმაღლესი ლიგა არა მხოლოდ ბევრმა ფეხბურთელმა, რამდენიმე კლუბმაც დატოვოს.

KvirisPalitra.Geყოველ შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაციაში ირწმუნებიან, რომ სასჯელი უმკაცრესი იქნება. მით უმეტეს, რომ გარიგებული მატჩების "აღმოჩენისთანავე" სფფ-მ უეფასგან მიიღო წერილი, რომელშიც ზემდგომი ორგანო ფეხბურთის ფედერაციას კიდევ სამი საეჭვო მატჩის ("ვიტ ჯორჯიასა" და "სპარტაკის" ორი შეხვედრა და "კოლხეთი"-"სამტრედია" - ავტ.) გამოძიებას ავალებს. უეფას წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნულ მატჩებზე ერთ-ერთ აზიურ ტოტალიზატორში საეჭვო ფსონები შევიდა.

ჟურნალ "ათიანის" რედაქტორი გია გორგოძე ფიქრობს, რომ აზიელი ბუკმეკერები ქართული "ბაზრით" თავისით არ დაინტერესებულან.

გია გორგოძე:

- წინათ იქაურ საბუკმეკერო კანტორებში საქართველოს ჩემპიონატის მატჩები არ იყო და საინტერესოა, ვინ გამოიჩინა ინიციატივა, აზიის ტოტალიზატორებში ჩვენი პირველობის თამაშებიც რომ შეეტანათ?

- მას შემდეგ, რაც ტოტალიზატორთან დაკავშირებული გარიგებები გამოაშკარავდა, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელთა უმეტესობას ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს პირველად გაიგეს ქართულ ფეხბურთში არსებული "აღებმიცემობის" ამბავი.

- ქართულ პრესაში დიდი ხანია იწერება ამ სენის შესახებ. შემიძლია, ავტორებიც ჩამოგითვალოთ, ვინც ამგვარ ფაქტებზე წერდა: მამუკა კვარაცხელია, კონსტანტინე გოგიშვილი, მერაბ მამულაშვილი, თქვენი მონა-მორჩილი. თუმცა, როცა ამას ვამტკიცებდით, ინტრიგანებსა და ქართული ფეხბურთის მტრებს გვეძახდნენ. ყველას ახსოვს, თასის ნახევარფინალის მატჩის შემდეგ, რომელიც ყველამ იცოდა, რომ ჩაწყობილი იყო, ლევან ყიფიანმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია - საქართველოს თასი დავით ყიფიანის სახელს ატარებს და არ მინდა ამ სიბინძურეში მამაჩემის სახელიც იყოს გარეულიო.

ჟურნალისტები ფულის "დანომვრასა" და ფარული კამერებით სირბილს ვერ დავიწყებდით. მაშინ ჩვენთვის რომ მოესმინათ, იქნებ აქამდე არ მისულიყო საქმე და ქართული ტოტალიზატორების სკანდალს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე არ მიეღწია.

- გაყიდული მატჩები ჩვენზე გაცილებით ძლიერ ჩემპიონატებშიც ხშირია.

- მართალია, მაგრამ ასეთი თამაშების გამოაშკარავებას დიდი რეზონანსი მოჰყვება ხოლმე. თუ გახსოვთ, ცნობილი მეკარე ბრუს გრობელაარი სამუდამოდ მოკვეთეს ფეხბურთიდან, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - პაოლო როსი ციხეში ჩასვეს, ტურინის "იუვენტუსი" მეორე დივიზიონში დააქვეითეს და ა.შ. თბილისის "დინამომ" "ბაიას" 2:1 რომ მოუგო, ის მატჩი ყველას ახსოვს. მატჩის ბოლოს ზუგდიდელთა კარში პენალტი დაინიშნა, მთელი გუნდი აპროტესტებდა. ჟურნალისტებიც დიდი ამბით ვმსჯელობდით, უნდა დაენიშნა თუ არა მსაჯს ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანი. ზუგდიდელები ისეთი სახეებით უმტკიცებდნენ მსაჯს თავის "სიმართლეს", "ბაიას" მოთამაშეებთან შედარებით რობერტ სტურუა და თემურ ჩხეიძე ფრაერები ყოფილან. არადა, თურმე იმ პენალტს "აპროტესტებდნენ", რომელზეც თავად მიიღეს "შეკვეთა". ამაზეა ნათქვამი, "ზოგი ჭირი მარგებელიაო" - ეს ხალხი უნდა მოსცილდეს ქართულ ფეხბურთს.

- ალბათ, მოშორდებიან კიდეც, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ მხოლოდ ეს ხუთი ფეხბურთელი არ არის ქართული ფეხბურთის დამაქცევარი?

- რა თქმა უნდა. ამიტომაც, თუ შესაბამისი სამსახურები მოინდომებენ, გაცილებით შორსაც წავლენ და კიდევ ბევრ "სასიამოვნო" სიახლეს გავიგებთ... სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა მართლაც დაიმსახურა ის სიტყვები, რაც "ქორთიარდ მერიოტში" მოწყობილი შეხვედრის დროს უთხრა თემურ ქეცბაიამ ვეტერან ფეხბურთელებს. როცა ძალიან დიდი ფეხბურთი გაქვს ნათამაშები და შენი სახელობის საფეხბურთო სკოლის ასაშენებლად გამოყოფილ ადგილზე ბაზრობას მოაწყობ, სწორედ ასეთი სიტყვების მოსმენის ღირსი ხარ.

- როგორ ფიქრობთ, როცა ჩემპიონატში ასეთი სკანდალი ხდება, ფეხბურთის ფედერაციამ არ უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა?

- არსებობს ადამიანების ორი კატეგორია: პირველი, რომელსაც ფეხბურთი საუფროსოდ, საბალახოდ და სატრაბახოდ სჭირდება, და მეორე - ხალხი, რომელიც ქართულ ფეხბურთს სჭირდება. სანამ სფფ-ს სათავეში ასეთი ადამიანები არ მოვლენ, თანაც, დანიშვნით კი არა, არჩევნებით, მანამდე არაფერი გვეშველება. საფეხბურთო საზოგადოება დღეს შეშინებული, შერცხვენილი და თავლაფდასხმულია. თუმცა, უსაშველო არაფერია,  მთავარია, სურვილი და უნარი და ყველაფერს ეშველება.

გია ფირცხალავა, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი:

- ასეთ მატჩებზე ჩემს პოზიციას ყოველთვის ვაფიქსირებდი - ფედერაციის მხრიდან იქნებოდა ეს თუ პროფლიგიდან. სამწუხაროდ, ფეხბურთის ფედერაციას არა აქვს შესაძლებლობა, თავად გამოავლინოს ისეთი სამარცხვინო ფაქტები, როგორებსაც ამ დღეებში მოეფინა ნათელი. თუმცა, ყველანაირად ვცდილობდით, ხელი შეგვეშალა მსგავსი მაქინაციებისთვის.

- ქართველი სამართალდამცავების მიერ გავრცელებული მასალები ყველამ ვნახეთ. თუმცა, უეფამ კიდევ სამი საეჭვო შეხვედრის შესახებ გაცნობათ და სფფ-ს მათი გამოძიება დაავალა. თუ ამ მატჩების შესახებ ეჭვი არსებობდა, აქამდე რას ელოდნენ უეფაში?

- საეჭვო თამაში შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ სანამ მტკიცებულებები არ ექნება, უეფა მის გამოძიებას არ ითხოვს. ამას კი დრო სჭირდება. როცა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში დარწმუნდებიან, რომ ამა თუ იმ შეხვედრას მართლაც "ცუდი სუნი" ასდის, მხოლოდ მაშინ ავალებენ შესაბამისი ქვეყნის ფედერაციას საქმის გამოძიებას. ასე მოხდა ამ სამი ახალი მატჩის შემთხვევაშიც. მერწმუნეთ, გამოძიების დასრულების შემდეგ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

P.S. დიახ, ზოგი ჭირი მარგებელია და იქნებ ამ სამარცხვინო ფაქტებიდანაც "გამოდნეს" ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთო შედეგი. თუმცა, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ სანამ ჩვენი ფეხბურთი სარეველისგან გაიწმინდება, კიდევ ბევრი "თავი ჩაგორდება ნახერხიან კალათში", ზოგიერთ კლუბს კი, შესაძლოა, "გუდ ბაიც" უთხრან.