საქართველოს "დარიალის მცველი" აღარ ჰყავს - კვირის პალიტრა

საქართველოს "დარიალის მცველი" აღარ ჰყავს

...თავად სულ ბორის პაიჭაძის სიტყვებს იხსენებდა ხოლმე - პირველად რომ დავდექი თბილისის "დინამოს" კარში, მოვიდა და მითხრა, იცოდე, "დინამოს" კი არა, დარიალის კარს იცავო.

და იცავდა კიდეც ისეთი თავდადებითა და ჟინით, როგორითაც სამშობლოს კარიბჭეს უნდა დაცვა. არაერთხელ, ერთი შეხედვით გარდაუვალი გოლებისგან გადაურჩენია გუნდი. მოედანზე ხომ სასწაულებს ახდენდა, მინდორს მიღმა კიდევ უფრო საოცარი ადამიანი იყო - უცნობ ადამიანებს დაუზარებლად დაუდგებოდა გვერდით.

სერგო კოტრიკაძე იმ "ოქროს თაობის" წარმომადგენელია, 1964 წელს ტაშკენტიდან რომ წამოიღო სსრკ-ის ჩემპიონის ოქროს მედლები. საბჭოეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 260 მატჩი ჩაატარა, ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, 1962-ში წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. სერგო კოტრიკაძეს დიდი გამარჯვებები არასდროს აკლდა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ ტიტულშია გაერთიანებული - "საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მეკარე"...

ოჯახის წევრების გარდაცვალებამ განუკურნებელი ტკივილი დაუტოვა, მაგრამ უფეხბურთოდ მაინც ვერ ძლებდა და ბოლო წუთამდე ფეხბურთში იყო. 74 წლის სერგო კოტრიკაძე 3 მაისს გულის შეტევით გარდაიცვალა სტოკჰოლმში, სადაც საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებს მეკარეთა მწვრთნელის რანგში ახლდა "ლენარტ იუჰანსონის თასზე". ნიშანდობლივია, რომ ის ტურნირი ჩვენმა გუნდმა მოიგო, სხვა უამრავ წერილთან ერთად კი, სამძიმრის ბარათი უეფას ყოფილმა პრეზიდენტმაც გამოგზავნა - შეძრულია, ასეთი სახელოვანი ფეხბურთელი მისი სახელობის ტურნირისას რომ გარდაიცვალა.

XX  საუკუნის საუკეთესო მეკარე მოუკვდა საქართველოს, დიდი წარსულისა და დიდი გულის კაცი - სერგო კოტრიკაძე.

"ოქროს ბიჭი" იყო და თავის "დარიალს" იცავდა ყოველთვის...

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს სერგო კოტრიკაძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს.