პირველი დღის ოქრო - კვირის პალიტრა

პირველი დღის ოქრო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოქროს მედლის მოპოვება ბაქოს "დიდი პრიზის" პირველივე დღეს, საწყის წონით კატეგორიაშივე მოახერხა.

ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) გახდა, ვინც მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარა და ფინალის გარდა, ყველა ორთაბრძოლა დიდი უპირატესობით მოიგო. რაც შეეხება გადამწყვეტ შეხვედრას, ფინალში ამირანის მეტოქე მონღოლი ბოლბაატარ ჩიმედ-იონდოლი გახლდათ და ჩვენებურმა პირველივე წუთებზე მოპოვებული იუკოს წყალობით იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ფინალამდე, პაპინაშვილმა თბილისის წლევანდელი მსოფლიო თასის ჩემპიონი, მასპინძელი ილგარ მუშკიევი დაამარცხა, მონღოლმა კი უკრაინის სახელით მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ზანთარაია ჩამოიშორა. პაპინაშვილის გარდა, ბუნებრივია, ბაქოში სხვა ქართველებმაც იჭიდავეს. საწყისი ორი დღის განმავლობაში, ამირანის გარდა მედალს ვერც ერთი მათგანი შესწვდა, კვირას ჩატარებული მატჩების შედეგებზე კი, ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით.