რუნის უსმენენ - კვირის პალიტრა

რუნის უსმენენ

ბრიტანული პრესა, რომლის წარმომადგენლებიც საკბილოების გამოსაჭერად ყველაფერს კადრულობენ, კიდევ ერთი სკანდალის მიზეზი გახდა.

საქმე ისევ ცნობილი ადამიანების სატელეფონო საუბრების მოსმენას ეხება. რამდენიმე წლის წინ პოლ გასკოინმა აღმოაჩინა, რომ მის ტელეფონს ერთ-ერთი ცნობილი ტაბლოიდის წარმომადგენლები უსმენდნენ. ამჯერად კი ჟურნალისტთა მსხვერპლი უეინ რუნი აღმოჩნდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა "ტვიტერის" პერსონალური გვერდის მეშვეობით აღიარა, რომ მის პირად ცხოვრებაში ისევ იქექებიან. "ჩემთან სკოტლენდ-იარდის დეტექტივები მოვიდნენ და მაჩვენეს დოკუმენტები, რომლებიც ხელში ჩაუვარდათ. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა გაზეთმა ჩემი ტელეფონი "გატეხა". ამ საქმეს ჩემი ადვოკატები მიხედავენ, მე კი ისევ ფეხბურთზე ვიფიქრებ. სეზონის ბოლომდე ხომ რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის", - აღნიშნა თავდამსხმელმა.