"ათიანი ათიანზე" - კვირის პალიტრა

"ათიანი ათიანზე"

არგენტინელმა გულშემატკივრებმა "ფეისბუკის" მეშვეობით სპეციალური კამპანია წამოიწყეს. ქომაგებმა შექმნეს ჯგუფი, რომელშიც უკვე 15 ათასზე მეტი კაცია გაერთიანებული და "ათიანი ათიანზე" ჰქვია.

ჯგუფის წევრები მოითხოვენ, ათპესოიან კუპიურაზე მანუელ ბელგრანოს ნაცვლად, დიეგო მარადონას პორტრეტი იყოს გამოსახული. მიუხედავად იმისა, რომ ბელგრანო არგენტინის დროშის ავტორია, ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ 10 პესოს ნომინალი კუპიურა დიეგოს უფრო "ეკუთვნის". "ათპესოიან კუპიურაზე "ათიანი" უნდა იყოს გამოსახული. მარადონამ ქვეყნისთვის უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ბელგრანომ.

დაე, ბელგრანოს პორტრეტმა ორპესოიან კუპიურაზე გადაინაცვლოს, ათიანი კი მარადონას დაუთმოს", - აცხადებენ ახალი იდეის მომხრეები. მათ უკვე იმ კუპიურის მაკეტიც მზად აქვთ, რომლის დაბეჭდვასაც ითხოვენ. ათპესოიანის მათ ვერსიაზე მარადონასთვის 1986 წლის მუნდიალის დროს გადაღებული ფოტოა გამოსახული. საკვირველი კი მხოლოდ ის არის, ქვეყანაში, სადაც დიეგო მარადონას დღემდე აღმერთებენ როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით (არგენტინაში მარადონას მიმდევართა "რელიგიაც" კი არსებობს. - ავტ.), აქამდე როგორ არ მოუვიდათ აზრად ლეგენდარული ფეხბურთელის ფულის ერთეულზე გამოსახვა.