ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისევ გადაიტანეს!
17-05-2021
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისევ გადაიტანეს!
29 მაისს ჩაის ნაცვლად კალდეირადა იქნება

გაურკვევლობის პერიოდი დასრულდა. უეფამ საბოლოო გადაწყვეტილება გასული კვირის ბოლოს მიიღო და უკვე ოფიციალურადაც გამოაცხადა: ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის ფინალური მატჩი, სტამბოლის ნაცვლად, პორტუში გაიმართება! ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა სეზონის მთავარი შეხვედრის ლონდონში გადატანის საკითხი, თუმცა არჩევანი პორტუგალიაზე შეჩერდა. ასე რომ, თურქული ან ინგლისური ჩაის ნაცვლად (აქვე არც ლუდის ხსენება იქნება ურიგო), ჩემპიონთა ლიგის ფინალის სტუმრებს "კალდეირადას", ერთ-ერთი პოპულარული პორტუგალიური კერძის დაგემოვნება მოუწევთ.

ფინალის ახალ მასპინძლად პორტუს მთავარი სტადიონი "დრაგაუ" დასახელდა. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ინგლისურ ფინალზე გულშემატკივრებსაც დაუშვებენ: "მანჩესტერ სიტის" და "ჩელსის" 6-6 ათას ფანს და სხვა ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებსაც.

ფინალის მონაწილე კლუბების ზუსტად ამდენივე ფანის შეშვება იგეგმებოდა სტამბოლშიც. ტრიბუნებზე დაშვებული ქომაგების საერთო რაოდენობას
უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. "იმედია, ეს ფინალი იქნება იმედის სიმბოლო. იმედისა, რომ ევროპა, ბოლოს და ბოლოს, აღწევს თავს ამ ურთულეს პერიოდს, ის ფანები კი, ვისაც სტადიონზე ყოფნის ბედნიერება ექნება, თავიანთი შეძახილებით და აქტიურობით გაამართლებენ საკლუბო ფეხბურთის მთავარი მატჩის სტატუსს", - თქვა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ.

რას ერჩოდნენ თურქეთს?



როგორც უკვე ვთქვით, ევროსეზონის მთავარი მატჩისთვის სტამბოლს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ფინალში ინგლისური კლუბების გასვლის შემდეგ, დაიწყო მოლაპარაკება თამაშის სხვა ადგილას გადატანის შესახებ (შარშანდელის მსგავსად!). ცხადია, გადაწყვეტილების მიზეზი პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებია. საქმე ის არის, რომ 12 მაისს ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო თურქეთი შეიყვანეს ბრიტანეთის მთავრობის "წითელ სიაში", რამაც შეუძლებელი გახადა ამ ქვეყანაში ინგლისელების მოგზაურობა. ინგლისელ ფანებს რა შეზღუდვა დააკავებდა საყვარელი კლუბების თამაშზე გასამგზავრებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ მთავრობის მკაცრი რეკომენდაციით არ შემოიფარგლებოდა - "წითელ სიაში" შეყვანილი ქვეყნიდან დაბრუნებულს 11-დღიანი კარანტინის გავლა უწევს სახელმწიფო სასტუმროში, რისთვისაც 1750 გირვანქა უნდა გადაიხადოს!

ინგლისური კლუბები - ინგლისში!


ბოლო დღეებში ლიგის ფინალის გადატანის მთავარ კანდიდატად ლონდონის ლეგენდარული სტადიონი "უემბლი" მიიჩნეოდა. თუმცა ეს ვარიანტიც ჩაიშალა ბრიტანეთის მთავრობის მოთხოვნების გამო. უეფას თხოვნა ინგლისში შესული სტუმრებისთვის (სპონსორების წარმომადგენლები, VIP-პერსონები, უეფას პერსონალი და ა.შ.) აუცილებელი კარანტინის გაუქმებას გულისხმობდა. გარდა ამისა, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს წლის მთავარ მატჩზე დამსწრე მაყურებელთა რაოდენობის გაზრდაც სურდა, თუმცა ბრიტანეთის ხელისუფლებისგან ორივე საკითხზე უარი მიიღო.
"კარგად გვესმის ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი თურქეთის "წითელ სიაში" შეტანის შესახებ - ეს ინგლისელების დასაცავად და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გაკეთდა. თუმცა ამან დაგვაყენა რთული ამოცანის წინაშეც - სად გაგვემართა ფინალური შეხვედრა ინგლისური კლუბების მონაწილეობით. ბრიტანეთში მატჩის გადატანა ძალიან რთული საქმე გახლდათ და მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამისთვის ყველაფერი გააკეთა", - ესეც ჩეფერინის სიტყვებია. საბოლოოდ კი არც სტამბოლი, არც ლონდონი - უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლების ფინალს პორტუ უმასპინძლებს.

რატომ ისევ პორტუგალია?


თურქეთისგან განსხვავებით, პორტუგალია ბრიტანეთის "მწვანე სიაშია": ამ ჩამონათვალში მყოფ ქვეყნებში სამოგზაუროდ ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის კორონავირუსის მხოლოდ ორი ტესტია საკმარისი - გამგზავრებისას და სამშობლოში დაბრუნების დროს.


გარდა ამისა, პორტუგალიის სასარგებლოდ მეტყველებს შარშან ჩემპიონთა ლიგის ბლიცტურნირის წარმატებით მასპინძლობის გამოცდილებაც. მაშინ მატჩები ლისაბონის ორ სტადიონზე გაიმართა, "დრაგაუ" კი სათადარიგო არენა გახლდათ.

პორტუგალიისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ფინალია უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში. 2010 წლიდან სხვა არც ერთ ქვეყანას არ უმასპინძლია ევროთასების მთავარი მატჩისთვის ასეთი ინტენსივობით. გამოცდილება ბევრს ნიშნავს, უეფას განცხადებაში კი ნათქვამია, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ასოციაცია სწრაფად დაფაცურდა და მალევე გასცა ყველა გარანტია აუცილებელი მოთხოვნების შესრულების შესახებ.

გაისად - რუსეთში, სტამბოლს სხვა თამაშს ანდობენ


ზედიზედ მეორე წელიწადია თურქეთის მთავარი ქალაქი ფინალის გარეშე რჩება. თუ შარშან უეფამ ერთი წლით გადაავადა სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრის გამართვა, ამჯერად თურქებს დაპირებასაც აღარ აძლევენ. წესითა და რიგით, 2022 წლის ფინალს სანქტ-პეტერბურგმა უნდა უმასპინძლოს, მაგრამ ვინ იცის... მომავალ წელს გასამართი მატჩის საორგანიზაციო კომიტეტში დარწმუნებული არიან, რომ მასპინძელი ქალაქი აღარ შეიცვლება: "ფინალის სტამბოლიდან გადატანა გავლენას ვერ მოახდენს პეტერბურგში გაისად გასამართ მატჩზე. ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაგეგმილია", - ამბობს ორგკომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი სოროკინი.

ამასობაში, უეფას ჩინოსნები "მადლობად იღვრებიან" თურქული მხარის მიმართ: "უეფა ძალიან ემადლიერება თურქ კოლეგებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მათ მხარდამჭერი ნაბიჯი გადმოდგეს ძალიან რთულ ვითარებაში. აუცილებლად გამოვნახავთ შესაძლებლობას, რათა სტამბოლი უახლოეს მომავალში ჩავრთოთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში".

რაც შეეხება ლონდონს, მართალია, ფინალი ვერც ინგლისელებმა მიიღეს, მაგრამ სადარდებელი აშკარად თურქებზე ნაკლები აქვთ: მიმდინარე წელს "უემბლი" ჯერ ინგლისის საფეხბურთო ლიგის პლეი-ოფს უმასპინძლებს, შემდგომ ინგლისის თასის ფინალს, ზაფხულში "ევრო-2020"-ის რვა მატჩს მიიღებს, 2024 წელს კი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები