ტატიშვილი "დიდი სლემის" ძირითად ბადეში! - კვირის პალიტრა

ტატიშვილი "დიდი სლემის" ძირითად ბადეში!

საქართველოს პირველი ჩოგნის - ანა ტატიშვილის საქმეები კარგად მიდის. 21 წლის ჩოგბურთელი რეიტინგს ლამის ყოველკვირეულად აუმჯობესებს და მსოფლიოს 100 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის სულ მალე მოხვდება.

ამჟამად ქალ მეჩოგნეთა რეიტინგში ანას 105-ე პოზიცია უჭირავს, მაგრამ მიზნამდე მხოლოდ რამდენიმე სარეიტინგო ქულა აშორებს და... ანა ტატიშვილი ახლა საფრანგეთშია და საფრანგეთის ღია პირველობისთვის ემზადება. როდესაც პარიზში შევეხმიანეთ, ქართველი ჩოგბურთელისგან სასიამოვნო სიახლე შევიტყვეთ - "როლან გაროსზეც" და "უიმბლდონზეც" ანა ძირითად ბადეში ითამაშებს.

- "დიდი სლემის" ტურნირებზე ძირითად ბადეში ის ჩოგბურთელები განითესებიან, ვინც რეიტინგში საწყის 108 ადგილს იკავებს. მე ამჟამად 105-ე ვარ, ასე რომ...

- ანა, შენთან ინტერვიუ ქართულ პრესაში ძალიან იშვიათად იბეჭდება. ჟურნალისტები არ იჩენენ ყურადღებას, თუ შენ ხარ ძნელად მოსახელთებელი?

- ხშირად ნამდვილად არ მიკავშირდებიან, ზოგჯერ კი მე ვერ ვახერხებ დროის გამონახვას. მუდმივად სხვადასხვა ქვეყანაში მიწევს მოგზაურობა და ჩემი "დაჭერა" საკმაოდ ძნელია (იცინის).

- საუკეთესოთა ასეულამდე ძალიან ცოტა დაგრჩა. ალბათ, შენც მოუთმენლად ელი, როდის დადგება ეს დღე.

- მთავარია, მომავალ ტურნირებზე კარგად ვითამაშო და გამარჯვებაც და რეიტინგში დაწინაურებაც თავისთავად მოვა. როდესაც საუკეთესო ასეულის წევრი ხარ, გაცილებით ნაკლები დატვირთვა გაქვს, რადგან თითქმის ყველა დიდ ტურნირზე ძირითად ბადეში გიწევს თამაში და საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა აღარ არის საჭირო. ეს, ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურადაც ნაკლები დატვირთვაა. ახლაც, სენ გოდენის ტურნირის შემდეგ, ბრიუსელის 618-ათასიან ტურნირზე უნდა მეთამაშა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა დამეწყო ასპარეზობა.

- წლევანდელი წელი ყველაზე წარმატებულია შენს კარიერაში - წყვილთა თანრიგში მიდლენდის ტურნირი მოიგე, წარმატებით ითამაშე მაიამიში, ჩარლსტონში...

- ძლიერ ტურნირებში ხშირ თამაშს მეტი გამოცდილება და თავდაჯერება მოაქვს და ეს შედეგზეც აისახება. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორი განწყობით ჩაებმები თამაშში, როგორ "გრძნობ" თამაშს, კორტს...

- რატომ ხდება, რომ ხშირად მეტოქის მოწოდებაზე გაცილებით უკეთ თამაშობ, ვიდრე საკუთარზე?

- ჩაწოდებაზე მართლაც ბევრი სამუშაო მაქვს და ვმუშაობ კიდეც, მაგრამ... რატომღაც, მეტოქის მოწოდებულ ბურთს გაცილებით უკეთ ვიღებ, ჩემს მოწოდებებს კი ხშირად ვაგებ. ვერ ვიტყვი, რომ ჩაწოდება არ მივარგა, თუმცა, ფაქტია, რომ ჩემი ჩაწოდების შემდეგ, უფრო მეტს დაცვაზე ვფიქრობ.

- ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შენც უნდა გეთამაშა "ფედერაციის თასზე", თუმცა, ბოლოს კაიროში აღარ გაემგზავრე.

- თუ "ფედერაციის თასზე" ვითამაშებდი, მაშინ ორი დიდი ტურნირის გამოტოვება მომიხდებოდა და შესაძლოა, "უიმბლდონზე" ძირითად ბადეში ვეღარ მოვხვედრილიყავი. ამიტომაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტეს, კაიროში აღარ წავსულიყავი, თორემ ნამდვილად ვაპირებდი ნაკრებში თამაშს. მომავალ წელს აუცილებლად ვითამაშებ.

- შენს ახალგაზრდა თანაგუნდელებზე რას იტყვი?

- როცა თბილისში დავიწყე ვარჯიში, ჩემთან ერთად ძალიან ნიჭიერი ბავშვები იყვნენ. თუმცა, დიდი ჩოგბურთი თითქმის ვერც ერთმა ვერ ითამაშა, უმეტესობამ საერთოდ დაანება თამაშს თავი, რადგან მათ ოჯახებს ფინანსურად უჭირდა. სხვა ქვეყნების მსგავსი პირობები არა გვაქვს, თორემ ნიჭით ნამდვილად არავის ჩამოვრჩებით. შესაბამისი პირობები რომ იყოს, მეც ფლორიდაში კი არა, თბილისში ვიცხოვრებდი.

- საქართველო ძალიან გენატრება?

- ძალიან... შარშან ზაფხულს ვიყავი საქართველოში და იმედია, წელსაც ჩამოვალ. რვა წელიწადია სამშობლოში აღარ ვცხოვრობ, ძალიან მენატრება...