გულზე ამოტვიფრული გამარჯვება - კვირის პალიტრა

გულზე ამოტვიფრული გამარჯვება

1981 წლის 13 მაისზე დიდი გამარჯვება ქართულ ფეხბურთს არ ჰქონია. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი "დაიღალა" კიდეც ამ თარიღის ყოველწლიურად აღნიშვნით, ქართველ ქომაგთა უმეტესობისთვის სწორედ 13 მაისი ასოცირდება ჩვენი ფეხბურთის წარმატებასთან, მის დიდ წარსულთან და გარკვეულწილად, მომავალთანაც... ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვებიდან 30 წელი გავიდა. თუმცა, ის სიხარული და ემოცია, რაც მაშინ დუღდა სტადიონზე, თბილისის ქუჩებში, თითოეული ქართველის გულში, დღემდე არ განელებულა. მათთვისაც კი, ვინც მაშინდელი ამბები მხოლოდ გადმოცემით იცის...

13 მაისი ერთი დიდი გამარჯვების დღეა, მაგრამ 30 წლის იუბილეს მაინც განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ ესტუმრა თბილისს უამრავი საპატიო სტუმარი: "დინამოს" ყოფილი მწვრთნელები, საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, "ნტვ ფეხბურთის" ჟურნალისტები... სტუმრებს ჯერ "დინამოს" ბაზაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერებინეს, საღამოს კი დიუსელდორფის გმირ ფეხბურთელებთან ერთად იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოსა და ბანკეტზე მიიწვიეს.

"დინამოს" მაშინდელი გამარჯვების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხუბრთის ფედერაციამ დაამზადა და ვეტერან ფეხბურთელებს დაურიგა სპეციალური ვერცხლის მონეტები, რომლებზეც ტრიუმფატორი გუნდის ყველა წევრია ამოტვიფრული.

ლამაზი ჟესტია, უფრო კარგი კი ის არის, რომ მონეტებზე კარგა ხნით ადრე, 13 მაისი ყველა ქართველის გულზეა "ამოტვიფრული".