დანაშაული და სასჯელი - კვირის პალიტრა

დანაშაული და სასჯელი

კარგა ხანია, ქართულ სპორტს ასეთი "ცხელი" მაისი აღარ ჰქონია. ალიაქოთი, ცემა-ტყეპა და სკანდალი აღარ გვიკვირს, თუმცა, დანაშაულს მკაცრი სასჯელი რომ მოჰყვა, ამას ნამდვილად მიუჩვეველნი ვართ.

არადა, გასულ კვირას შესაბამისმა ორგანოებმა დამნაშავე სპორტსმენებს აქამდე არნახული დისკვალიფიკაცია "ჩამოურიგეს" და ერთი ხანგრძლივ, დანარჩენები კი სამუდამო "შვებულებაში" გაუშვეს. სასჯელის მიზეზებზე ბევრს აღარაფერს ვიტყვით, "კვირის პალიტრის" მკითხველმა ამის შესახებ უკვე იცის. თქვენს ყურადღებას მხოლოდ გამოტანილ ვერდიქტზე შევაჩერებთ.

..."სოხუმი"-შსს-ს მატჩის ბოლო წამებზე მომხდარი სამარცხვინო ინციდენტისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის კალათბურთელი ბესიკ ლეჟავა სადისციპლინო კომიტეტმა წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ასეთი მკაცრი სასჯელი პირველია ქართული კალათბურთის ისტორიაში, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ არც მსგავსი თავშეუკავებლობა ახსოვს ჩვენს მრავლისმნახველ კალათბურთს - მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ლეჟავამ მატჩის არბიტრ მაკა კუპატაძეს ჯერ თავი ჩაარტყა სახეში, მერე კი წიხლიც უთავაზა. ამ კალათბურთელს ყველა მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებად ვიცნობდით და მისგან ასეთი გაცხარება ამიტომაც გაგვიკვირდა. თუმცა, მის საქციელს გამართლება რომ არა აქვს, მოთამაშემ თავადაც თქვა და ახლა უქმობა 2013 წლის 1-ელ იანვრამდე მოუწევს.

თუ ლეჟავასთვის ახალი წელი და "თავისუფლება" ერთად მოვა, ეროვნული ჩემპიონატის ხუთ ფეხბურთელს ახლავე შეუძლია ახალი საქმის ძებნა დაიწყოს. ტოტალიზატორთან დაკავშირებული მაქინაციების გამო სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა როინ ონიანი, ლევან ვართაგავა ("ბაია"), სპარტაკ გოგია, კახაბერ კირთაძე ("სამტრედია") და გიგა ბეჭვაია ("ვიტ ჯორჯია") ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთა! მათ აღარც უცხოეთის კლუბებში თამაშის უფლება აქვთ, ასე რომ, ამიერიდან ფეხბურთს მხოლოდ მეგობრებთან ერთად თუ ითამაშებენ.

დამნაშავე რომ უნდა დაისაჯოს, ახალი არავისთვის არის, მაგრამ ჯოხის მხოლოდ ამ ფეხბურთელებზე გადატეხა რომ უსამართლობაა, სადავო არც ეს უნდა იყოს. ძნელი წარმოსადგენია, ორ ან მით უმეტეს, ერთ ფეხბურთელს დამკვეთისთვის სასურველი კომბინაციის შესრულება მოეხერხებინა. და არც იმას დაიჯერებს ვინმე, რომ აზიის არცთუ უზადო რეპუტაციის მქონე საბუკმეკერო კანტორებს საქართველოს ჩემპიონატის მატჩების შეტანის იდეა როინ ონიანმა ან გიგა ბეჭვაიამ "ჩააწვეთეს".

ასე რომ, თუ შესაბამის სამსახურებს ჩვენი ჩემპიონატის "გაწმენდა" მართლაც სურთ, უფრო ღრმად უნდა "ჩაყვინთონ". თორემ, თუ გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა მხოლოდ "ქვეყნის დამაქცევარი" ამ ხუთი ფეხბურთელის დასჯით დასრულდა, ეს ყველაფერი პიარი ყოფილა და სხვა არაფერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ "დასასჯელი კიდევ ბევრია".