კარგი, ცუდი... საშუალო - კვირის პალიტრა

კარგი, ცუდი... საშუალო

ჯერ გარიგებული მატჩების, მერე კი დამანგრეველი სტიქიის გამო, იაპონურ სუმოში რამდენიმეთვიანმა პაუზამ დაისადგურა. თუმცა, როგორც იქნა, იაპონელებმა სპორტის უსაყვარლესი სახეობა დაიბრუნეს და უკვე ერთ კვირაზე მეტია, ტოკიოში მაისის ბაშო მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, იაპონიაში სამი ქართველი სუმოისტი ასპარეზობს, ოღონდ სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვაგვარი წარმატებით. ჩვენებურთაგან ყველაზე გამოცდილი სუმოისტი - ლევან ცაგურია (კოკაი) ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად დაქვეითდა რანგით მეორე დივიზიონ ძურიოში და სამწუხაროდ, იქაც ძალიან ცუდად ჭიდაობს.

საწყისი შვიდი ტურის შემდეგ (კვირას გამართულ მატჩებზე ვერაფერს გეტყვით. - ავტ.), კოკაი მხოლოდ ერთი გამარჯვებით იწონებდა თავს და 1:6 ბალანსი ჰქონდა. იგივე, ოღონდ  სარკისებური (6:1) შედეგი ჰქონდა მეორე ლევანს (ტოჩინოშინი). ლევან გორგაძე ჩინებულ ფორმაშია და შვიდიდან მხოლოდ ერთი მატჩი წააგო. რაც შეეხება მესამე ჩვენებურს, 200კგ-იან გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ჯერჯერობით საშუალო შედეგი აქვს - სამი გამარჯვება ოთხი მარცხის წილ.