ადამია აგდამის ბომბარდირია - კვირის პალიტრა

ადამია აგდამის ბომბარდირია

ბოლო წლებში აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატში უამრავი ქართველი მოთამაშე გადაბარგდა. ზოგიერთი მათგანი არათუ ძირითად შემადგენლობაში, წინასამატჩო განცხადებაშიც იშვიათად ხვდება.

თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც საკუთარი კლუბის ნამდვილი ლიდერია. აგდამის "ყარაბაღის" ქართველი თავდამსხმელი გიორგი ადამია არა მხოლოდ საკუთარი კლუბის, არამედ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. გასულ პარასკევს ქვეყნის პირველობის 31-ე ტურში "ყარაბაღმა" მიმდინარე ჩემპიონატში ვადაზე ადრე გაჩემპიონებულ ბაქოს "ნეფთჩის" 3:0 მოუგო და სამივე გოლი... ადამიამ გაიტანა! ქართველმა ფორვარდმა თავი მე-5, მე-12 და 49-ე წუთზე გამოიჩინა.

ამ ჰეთ-თრიკის შემდეგ, ადამიას მიმდინარე სეზონში უკვე 17 გოლი დაუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში უახლეს კონკურენტს ორი ბურთით უსწრებს. იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი აღარაფერია დარჩენილი, დიდი შანსია, საუკეთესო ბომბარდირის ტიტული სწორედ ჩვენებურს დარჩეს.