...გზად და ხიდად - კვირის პალიტრა

...გზად და ხიდად

სიკეთე არ იკარგება... და ადამიანები, რომელთაც თავად იგრძნეს მოყვასის თანადგომის ფასი, სხვათათვის დახმარების ხელის გაწვდენას საკუთარი ცხოვრების მთავარ პრინციპად აქცევენ ხოლმე.

თბილისელმა მარიანა ოსნადჩუკმა ასეთი სითბო წლების წინ იგრძნო საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო სპორტული ფედერაციის პრეზიდენტის, კახაბერ მარკოზაშვილისგან. გოგონა, რომელიც კარატე ნეკო-რიუს წარმომადგენელია და ზემოაღნიშნული ფედერაციის გარდა, პროფესიულ ორთაბრძოლათა საერთაშორისო ლიგის Inter-Fight-ის წევრიც არის, უკვე სამი წელიწადია, კარიერას აშშ-ის ქალაქ ატლანტაში აგრძელებს.

მარიანა სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში, რათა საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად კარატეში მოვარჯიშე, სოციალურად დაუცველი რამდენიმე პერსპექტიული ბავშვი შეარჩიოს და მათთვის სავარჯიშო და საცხოვრებელი პირობები უზრუნველყოს ამერიკის შეერთებულ შტატებში! "მინდა, ისევე დავეხმარო სხვებს, როგორც მე დამეხმარა კახაბერ მარკოზაშვილი. ჯორჯიის შტატის კარატეს კლუბებმა ბევრი რამ იციან ქართულ კარატეზე.

ამიტომაც ჩემს ინიციატივას გამოეხმაურნენ და არა მხოლოდ წარმატებული ქართველი მებრძოლების, არამედ იმ ნიჭიერი ბავშვების გაწვრთნის სურვილიც გამოთქვეს, რომელთა ოჯახებსაც ძალიან უჭირთ", - გვითხრა მარიანა ოსნადჩუკმა.