თბილისი უკვე ვილისია - კვირის პალიტრა

თბილისი უკვე ვილისია

ნაკრების ფრანგი მწვრთნელი საქართველოში იცხოვრებს

ექსკლუზიური ინტერვიუს დროს სფფ-ის პრეზიდენტისგან ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში შევიტყვე, რომ საქართველოს ნაკრების ახალდანიშნული თავკაცი ვილი სანიოლი თბილისში გეგმავდა ცხოვრებას: "ვილის სურს საქართველოში იცხოვროს, აქ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს, ფეხბურთელების გარდა, ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთანაც და გაიგოს, რა სურთ, რას ფიქრობენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უცხოელ მწვრთნელს მუდმივი საცხოვრებელი ექნება საქართველოში, თანაც ამას კონტრაქტის პუნქტის გამო კი არა, თავისი ინიციატივით აკეთებს", - მითხრა მაშინ ლევან კობიაშვილმა.

გასულ კვირას ფრანგმა მწვრთნელმა ეს ინფორმაცია თავადაც დაადასტურა. ვილი სანიოლმა ჯერ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა ივნისის დასაწყისში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის, მერე კი მედიის წარმომადგენლების კითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა:

განვლილი მატჩები

- ცხადია, ბოლო სამმა მატჩმა იმედი გაგვიცრუა, რადგან გაცილებით უკეთესი შედეგის ჩვენება შეგვეძლო. დავინახეთ, რაზე გვაქვს სამუშაო, შრომას გავაგრძელებთ და იმედია, უახლოეს მომავალში შედეგიც გაუმჯობესდება. კმაყოფილი ვარ იმ ფეხბურთელებით, ვინც უკვე ვნახე საქმეში, იმ შესაძლებლობებით და რესურსით, რაც გუნდმა აჩვენა.

ბათუმის სტადიონზე ნანახმა ჩემზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება და ფეხბურთელები ამას კოსოვოსთან მატჩისას იგრძნობენ. თუმცა კოსოვომდე ჯერ ორი შეხვედრა გვაქვს გასამართი და ამჟამად მხოლოდ რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართ მატჩებზე ვფიქრობთ.

ძალიან კარგია, რომ ამ ორი თამაშის წინ ფეხბურთელებთან დიდ დროს გავატარებ. მწვრთნელისთვის მოთამაშეების ხასიათის გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია და უახლოეს დღეებში ამის შესაძლებლობაც მექნება.

დებიუტანტი

- როცა საქართველოს ნაკრები ჩავიბარე, სერგო კუხიანიძის თამაში ნანახი არ მქონდა. წელს ნანახით კი კმაყოფილი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ განსხვავებული და საინტერესო ფეხბურთელია, გოლის გატანაზე ორიენტირებული მოთამაშე. ამხანაგური მატჩები ჩინებული შესაძლებლობაა ფეხბურთელების გამოსაცდელად. ეს შეკრება და თამაშები პროგრესში სერგოსაც დაეხმარება. ეროვნული ნაკრების კარი არავისთვის არის დაკეტილი და მუდამ მზად ვარ ახალ ფეხბურთელებს მივცე შანსი. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ თამაშობდა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში - მთავარია, რას აკეთებს მოთამაშე ახლა და რისი გაკეთება შეუძლია მომავალში.

ვაკვირდებით ყველა ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებისთვის რაღაცის მიცემა შეუძლია. თუმცა ახალგაზრდების ნაკრებში გამოძახებას სირთულეებიც ახლავს: შესაძლოა ეს მათთვის მოტივაცია გახდეს, მაგრამ შესაძლოა ისიც ჩათვალონ, რომ უკვე მიაღწიეს ძალიან მაღალ დონეს. ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა - ყველა ფეხბურთელი, ვინც ეროვნულ გუნდში თამაშს დაიმსახურებს, ნაკრებში აუცილებლად მოხვდება!

რატომ არ არიან?

- წინათ ქვილითაია ბევრს თამაშობდა ნაკრებში, გოლებიც გაჰქონდა. მას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მე ამ პოტენციალის დემონსტრირებას ველი. როცა ნაკრებში თამაშობ, გუნდისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ამას გიორგიც მაქსიმალურად ცდილობდა, მაგრამ მარტის თამაშებში მისი ფიზიკური ფორმით არც ისე კმაყოფილი ვიყავი. თანამედროვე ფეხბურთელი დიდი დატვირთვებისთვის უნდა იყოს მზად. ვფიქრობ, მომავალში გიორგის კიდევ ვნახავთ ეროვნული ნაკრების ფორმით, თუმცა მანამდე კუხიანიძის გამოცდა გადავწყვიტე, რომელსაც, გიორგისგან განსხვავებით, არ ვიცნობ. ქვილითაია ჭკვიანი ბიჭია და იმედია, სწორად გააცნობიერებს ჩემს გადაწყვეტილებას. ის პროფესიონალი მოთამაშეა და მეტი მუშაობა სჭირდება. ნაკრებში კონკურენციის ამაღლება აუცილებელია და იმედია, ეს გიორგისაც დაეხმარება.

ქოჩორაშვილი ძლიერ ლიგაში თამაშობს, მაგრამ, ძირითადად, ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობს და არცთუ ხშირად ეძლევა უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა. მიმაჩნია, რომ "ლევანტეს" მეორე გუნდის დონესა და საქართველოს ნაკრების დონეს შორის დიდი ნაპრალია. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად გახდება ნაკრების წევრი, მანამდე კი სტაბილურად უნდა ითამაშოს უმაღლეს დონეზე.

ბერიძემ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით შვედეთთან მატჩში. თუმცა ამხანაგური შეხვედრებისთვის 15 შემტევს ვერ გამოვიძახებდით. (მოგვიანებით, სანიოლმა გიორგი ბერიძე მაინც გამოიძახა ვაკო ყაზაიშვილის ნაცვლად, რომელიც კოვიდრეგულაციების გამკაცრების გამო, კორეიდან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს).

უახლოეს ორ თამაშში შანსის მიცემა დავითაშვილისთვის გადავწყვიტეთ. მინდა, რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელი ვნახო საქმეში, რათა მომავალში სწორი გადაწყვეტილებები მივიღო.

მამუჩაშვილი ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ გუნდში თამაშობს. ახალგაზრდაა, აქვს თვისებები, რომლებიც ეროვნულ გუნდს გამოადგება. თუმცა ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე მისი გამოძახება ნაადრევი იყო. რაც შეეხება ანზორ მექვაბიშვილს, რამდენიმე თვეა მისი სახელი მონიშნული მაქვს - ისიც ახალგაზრდა და საინტერესო მოთამაშეა, აქვს კარგი ტექნიკა და გუნდზე დადებით ზეგავლენას ახდენს. თუმცა მიმაჩნია, რომ ნაკრებში გამოძახება საკმაოდ ადრეა - ერთი სრული სეზონი მაინც უნდა ჩაატაროს.

კაპიტანი და მეკარე. გრიგალავაც

- კაპიტნის შეცვლას არ ვაპირებ - ჯაბა კანკავას ქმედებებმა დამარწმუნა, რომ ის სამკლავურს იმსახურებს. ამჯერად ჯაბა ტრავმის გამო გვაკლია, იმედია, კარგად დაისვენებს და სექტემბრის უმნიშვნელოვანეს თამაშებში ჩვენთან იქნება. მისი არყოფნისას გუნდს მოედანზე გურამ კაშია გაიყვანს. მათი სახით გუნდს ორი ლიდერი ჰყავს, კანკავას და კაშიას არყოფნის შემთხვევაში კი კაპიტანი ის იქნება, ვინც დაიმსახურებს. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მე არ ვიღებ...

რაც შეეხება მეკარეებს, სამწუხაროდ, ისევ არ გვეყოლება მაკარიძე, რომელიც "ალმერიასთან" ერთად პლეი-ოფში ითამაშებს. მესმის მისი - საუკეთესო ლიგაში თამაშის შანსი უდიდესი გამოწვევაა. ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდა კუპატაძე და 99%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ რუმინეთთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება. ვინ დაიცავს ჩვენს კარს ნიდერლანდებთან შეხვედრაში, ჯერ არ გადამიწყვეტია.

გრიგალავამ ნაკრები ესპანეთთან თამაშის შემდეგ დატოვა. ვილაპარაკეთ და თქვა, რომ უკმაყოფილო იყო, ძირითადში ყოფნა სურდა. ნაკრები ისეთი ორგანიზმია, სადაც თამაში უნდა დაიმსახურო, კლუბში თამაშის დროსაც ნაკრებზე უნდა იფიქრო. გიასთან საუბრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საკითხებს სხვანაირად ვუყურებდით და გრიგალავა კლუბში დაბრუნდა.

ჯანო ანანიძე? ადვილი არ არის ტრავმის შემდეგ დაბრუნება, მით უმეტეს, ისეთი დაზიანების მერე, რაც ჰქონდა. ჯანო ბევრს მუშაობს და ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კონკურენცია ყველა სათამაშო პოზიციაზე გვჭირდება.

კვარაცხელია

ხვიჩაზე არ ვნერვიულობ - მას კუნთის ჩვეულებრივი ტრავმა ჰქონდა, სერიოზული არაფერია. განსხვავებული ვითარება აქვს ჩაკვეტაძეს. გიორგის ბევრი დრო გაუცდა და მის ორგანიზმს მომჯობინება სჭირდება. ჩაკვეტაძემ იცის, რომ მომწონს და გუნდში მისი ყოფნაც ძალიან მინდა.

თავად კვარაცხელიაზეა დამოკიდებული, ყაზანში დარჩება თუ სხვა კლუბში გადაბარგდება. თუ "რუბინიდან" წავა, ისეთი კლუბი უნდა აირჩიოს, სადაც ენდობიან და სწავლისთვის დროს მისცემენ. ხვიჩა ჯერ მხოლოდ 20 წლის არის და ბევრი რამ აქვს სასწავლი. მას პირადადაც ვუთხარი, როცა ახალგაზრდა ხარ, თამაშით სწავლობ, სათადარიგოთა სკამზე დიდხანს ყოფნა კი დროის და ფორმის დაკარგვას ნიშნავს! ხვიჩა დიდი ტალანტია და მას წარმატებას ვუსურვებ.

საქართველო

- დიახ, თბილისში ვიცხოვრებ, თანაც მე და ჩემმა ასისტენტმა გადავწყვიტეთ არ ვიცხოვროთ სასტუმროში - როცა სამუშაოდ უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, საჭიროა უკეთ გაეცნო ამ ქვეყნის საზოგადოებას, კულტურას, ადამიანებს...

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ეროვნული პირველობის ბევრი მატჩი ვნახე და, ბუნებრივია, მაქვს ჩემი შეხედულება, თუ რა დონეზეა გათამაშება, რა არის საჭირო მის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და უმჯობესია, ამ თემაზე კლუბების წარმომადგენლებთან ვილაპარაკო. რაც ვნახე, აუცილებელია ფიზიკური მზადყოფნის გაუმჯობესება, რათა ფეხბურთელებმა შეძლონ ერთი და იმავე მოქმედების ბევრჯერ გამეორება.

ტაქტიკაზე დღეს არ ვისაუბრებ. უახლოეს მატჩებში იმ ფეხბურთელებს მივცემთ შანსს, ვისაც მარტში არ უთამაშია. მოედანზე მოსაგებად გადიხარ და ამისთვის ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ. ვეცდებით შევინარჩუნოთ დისციპლინის ის დონე, რაც ნაკრებმა მარტის თამაშებში აჩვენა. ამხანაგური თამაშების მიზანი სექტემბრის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის კარგად მომზადებაა. ქულებით თავს ვერ მოვიწონებთ, თუმცა ვთვლი, რომ კარგ გზაზე ვდგავართ. თუ განვითარება გვსურს, მხოლოდ კონტრშეტევის იმედად არ უნდა ვიყოთ, თამაშზე მეტი კონტროლის აღება უნდა ვცადოთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებში:

მეკარეები: გიორგი ლორია ("ანორთოსისი" კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე ("დინამო" ბათუმი), გიორგი მამარდაშვილი ("ლოკომოტივი" თბილისი, საქართველო);

მცველები: გურამ კაშია ("ლოკომოტივი" თბილისი), ოთარ კაკაბაძე ("ტენერიფე" ესპანეთი), ლაშა დვალი ("ფერენცვაროში" უნგრეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი" უკრაინა), გურამ გიორბელიძე ("ვოლფსბერგერი" ავსტრია), სოლომონ კვერკველია ("როტორი" რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე ("დინამო" ბათუმი), ირაკლი აზაროვი ("დინამო" ბათუმი);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი" პოლონეთი), გიორგი აბურჯანია ("კარტახენა" ესპანეთი), საბა ლობჟანიძე ("ანკარაგუჯუ" თურქეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო" ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი" ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია ("რუბინი" რუსეთი), ვაკო გვილია ("ლეგია" პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი ("როტორი" რუსეთი), მურთაზ დაუშვილი ("ანორთოსისი" კვიპროსი), ლევან შენგელია ("კონიასპორი" თურქეთი);

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი ("ანორთოსისი" კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე ("სერენი" ბელგია), სერგო კუხიანიძე ("სამგურალი" წყალტუბო), ბუდუ ზივზივაძე ("ფეჰერვარი" უნგრეთი); გიორგი ბერიძე ("უიპეშტი" უნგრეთი).

ივნისის ამხანაგური მატჩები:

2 ივნისი. რუმინეთი-საქართველო

პლოიეშტი. 22:45

6 ივნისი. ნიდერლანდები-საქართველო

ენსხედე. 20:00