გორგოძე პარიზულ ბადეში
გორგოძე პარიზულ ბადეში
პარიზი წელს კიდევ უფრო ლამაზია. უფრო ხანგრძლივად და უფრო მეტი ქართველით. წლევანდელი "როლან გაროსის" ძირითად ბადეში ორი ჩვენებური "გაეხვია": საქართველოს პირველი ჩოგნები ნიკოლოზ ბასილაშვილი (31) და ეკატერინე გორგოძე (222). ნიკასგან განსხვავებით, გორგოძე პირველად მოხვდა "დიდი სლემის" ტურნირების ძირითად ბადეში. უფრო სწორად, კი არ მოხვდა, საგზური თავად დაიმსახურა! ქართველმა ჩოგბურთელმა მიყოლებით დაამარცხა მექსიკელი რენატა ზარაზუა (141) და ბულგარელი ელიცა კოსტოვა (231), კვალიფიკაციის ფინალში კი ესპანელ ნურია პარიზას-დიასსაც (165) ორ სეტში აჯობა
და პლანეტის უძლიერესი მეჩოგნეების მარაქაში გაერია. "როლან გაროსის" ძირითადი ბადის პირველ წრეში ეკატერინე გორგოძემ 30 მაისს ითამაშა 18 წლის კლარა ტაუსონის (90) წინააღმდეგ. დანიელ მეტოქესთან შეხვედრის შედეგი "კვირის პალიტრის" ამ ნომერში ვერ მოხვდა, მაგრამ მთავარია, ეკომ უკვე ჩაისუნთქა "დიდი სლემის" ტურნირების მთავარი კორტის ჰაერი და
მისი შთაბეჭდილებები აუცილებლად დაგაინტერესებთ:

- ახლა, როცა დიასთან გამარჯვებიდან ორი დღე გავიდა და მღელვარებაც შედარებით ჩაცხრა, უფრო ცივი გონებით ველი ბადის შევსებას და მეტოქის გარკვევას (ინტერვიუ მანამდე ჩაიწერა, სანამ გაირკვეოდა, რომ კლარა ტაუსონის დამარცხების შემთხვევაში გორგოძეს აზარენკა/კუზნეცოვას წყვილში გამარჯვებულთან მოუწევდა შეხვედრა. - რ.შ.). ცოტათი დაღლილი ვარ ფიზიკურად და ემოციურად, მაგრამ გაცილებით მშვიდად და დიდი მოლოდინით.

- მღელვარება ახსენე: ბოლო დღეების უამრავი შთაბეჭდილებიდან, რომელი მომენტი იყო ყველაზე ემოციური?
- კვალიფიკაციის ფინალის ბოლო გეიმი! სწორედ პარიზას-დიასთან მატჩის უკანასკნელ წამებზე გავაცნობიერე, რამდენად ახლოს ვიყავი ჩემი კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებასთან. თამაშის დასრულებისთანავე კი მთელი ემოცია ცრემლებად წამოვიდა...



- ეს წარმატება ორმაგად ამაღელვებელი იქნებოდა შენთვის შარშანდელი ძალიან მძიმე წლის შემდეგ... ზედიზედ წააგე თამაშები... პანდემიასთან ერთად მთავარი მიზეზი, ალბათ, მამის გარდაცვალება იყო...
- მართალი ხართ, მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო... ფაქტობრივად, არც ვვარჯიშობდი. ჩავარდნის პერიოდი თითქმის ნახევარ წელიწადს გაგრძელდა, რადგან ვერაფრით ვახერხებდი ემოციების მოთოკვას და ჩოგბურთში დაბრუნებას. საჭირო გახდა როგორც მედიკამენტოზური, ისე ფსიქოლოგების დახმარება...

- გარდამტეხი გამოდგა აპრილის დასაწყისში გამართული ბელინცონას ტურნირი, სადაც კარგად ითამაშე და ნახევარფინალამდე მიხვედი.
- ბელინცონაში კარგად ვითამაშე, ჩემპიონობაც შემეძლო. იმის მიუხედავად, რომ ფინალში ვერ გავედი, მაინც კმაყოფილი ვიყავი, რადგან რთული პერიოდის და წაგების სერიის შემდეგ ნახევარფინალში გასვლა მოვახერხე, მით უმეტეს, დიდი ბადე იყო და ნახევარფინალამდე იმაზე მეტი მატჩის გამართვა დამჭირდა, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში. სხვათა შორის, ბელინცონას ტურნირზე მარტო გავემგზავრე - ყველას ვთხოვე, მარტო დავეტოვებინე, თავად რომ დამეძლია ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც უკანასკნელ თვეებში მაწუხებდა. ჩანაფიქრმა გაამართლა - ჩემს თავთან მარტო დარჩენილმა უკეთ შევძელი მობილიზება და ეს თამაშზეც აისახა. პარიზში ჩემმა თამაშმა აჩვენა, რომ "როლან გაროსისთვის" მზად ვიყავი როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ვაცნობიერებდი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა რეალურად შემეძლო. ახლა კი... ახლა უფრო ძლიერი ვარ!

- შემდეგი კითხვა სწორედ საკვალიფიკაციო ეტაპს ეხება: რენატა ზარაზუასთან მატჩი კარგად დაიწყე, მაგრამ ბოლო სეტში მაინც გვანერვიულე. როგორც ვიცი, ხელმა შეგაწუხა.
- მექსიკელთან შეხვედრის პირველ სეტში მართლაც დამაჯერებლად ვთამაშობდი. ისე კი, წვიმის გამო მატჩის რამდენიმეჯერ შეწყვეტამ უარყოფითად იმოქმედა ჩემზე. მთლიანობაშიც, ძალიან გრძელი და დამღლელი დღე გამოვიდა, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩემს მეტოქესაც ხომ შეუშალა ხელი და საბოლოოდ გამარჯვება მე დამრჩა. რაც შეეხება ტრავმას, მესამე სეტში შემაწუხა ხელის ტკივილმა. საბედნიეროდ, 5:4-ის დროს მაინც მოვახერხე საქმის ბოლომდე მიყვანა.

- ცნობილია ელიცა კოსტოვასთან შენი პრინციპული დაპირისპირებების შესახებ. ფაქტია, რომ ეს ამბავი დამატებით მოტივაციას გმატებს...
- ვერც კი დავუშვებდი მასთან წაგებას! იმიტომ კი არა, რომ ცუდი ჩოგბურთელია, არა, მაგრამ პირადი მიზეზების გამო ამ მატჩის მოგება ჩემთვის აუცილებელი იყო. მე და ელიცას ბევრჯერ გვითამაშია როგორც დიდ ტურნირებზე, ისე კლუბურ თამაშებშიც და ჩვენი დუელი ყოველთვის დრამატულად სრულდებოდა. ამის გამო ორმაგად მოტივირებული ვიყავი და მიხარია, რომ გამარჯვება ამჯერადაც მე დამრჩა.

- დამაჯერებელი პირველი სეტის შემდეგ მეორე სეტის სტარტზე გვანერვიულე კვალიფიკაციის ფინალურ შეხვედრაშიც. თიხნარი ესპანელების საყვარელი საფარია, დიასთან თამაში არ გაგიჭირდა?
- დიასი არ არის მთლად ესპანური სტილის მოთამაშე, პირიქით, შემტევ ჩოგბურთს თამაშობს და გათამაშებების მალევე დასრულება უყვარს. ნურიასთან თამაშის წინ არჩეული მქონდა ტაქტიკა, რომელიც პირველ სეტში იდეალურად გამოვიყენე. მეორე სეტში მოწინააღმდეგემ გამოიყენა ჩემი შეცდომები და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ მაინც შევძელი სეტის საჩემოდ შემობრუნება და 2:0 გავიმარჯვე.

- ერთი შეხედვით, აუღელვებლად თამაშობდი, მაგრამ გამარჯვების მომტანი დარტყმის შემდეგ ვერაფრით მოახერხე ცრემლების შეკავება...
- მთელი თამაშის განმავლობაში ვცდილობდი არ მეფიქრა შედეგზე. მინდოდა მხოლოდ თამაშზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული. ბოლო გეიმამდე ამას ვახერხებდი კიდეც, მერე კი... მერე აღარაფერი მახსოვს. მოგვიანებით ვიდეოჩანაწერში ვნახე გადამწყვეტი ბურთიც, ჩემი ცრემლებიც, ოთოსთან ჩახუტებაც და მთელი ის ემოცია, რაც ჩემდა უნებურად მომეძალა ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ.

- აქვს მნიშვნელობა, ვინ შეგხვდება ძირითადი ბადის პირველ წრეში? ასეთ დონეზე სუსტი მოწინააღმდეგეები აღარ არიან...
- მეტოქეს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. ისე კი არის რამდენიმე ჩოგბურთელი, რომლებთან შეხვედრასაც დიდად არ ვისურვებდი, მით უმეტეს, პირველ წრეში.

- ძირითად ბადეში უფრო თავისუფლად ითამაშებ თუ პირიქით?
- ვფიქრობ, ამიერიდან უფრო თავისუფლად ვითამაშებ, თუმცა უფრო მეტი პასუხისმგებლობით, რადგან კვალიფიკაციის გავლით არაფერი დამთავრებულა, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება. მჯერა, რომ ძირითად ბადეშიც შემიძლია კარგი თამაშის ჩვენება. რაც მთავარია, ძალიან ვამაყობ "როლან გაროსის" ძირითად ბადეში გასვლით, რადგან ეს ძალიან რთული ამოცანაა და ბევრი ვერც ახერხებს კვალიფიკაციის დაძლევას.

- პანდემიამ ძალიან შეცვალა პარიზი?
- დიახ, განსხვავება ნამდვილად თვალში საცემია. თუმცა მიხარია, რომ ამჯერად გაცილებით მეტხანს მიწევს საფრანგეთში დარჩენა. კარგია, რომ მაყურებლის გარკვეულ რაოდენობასაც დაუშვებენ ტრიბუნებზე.

- უახლოეს გეგმებზეც გვითხარი: უკვე იცი, პარიზიდან სად გაემგზავრები?
- "როლან გაროსის" ძირითად ბადეში გასვლამ ცოტათი შეცვალა ჩემი გეგმები. ვაპირებდი კიდევ ორ ტურნირში მონაწილეობას და შემდეგ ბალახის ტურნირების დაწყებას, მაგრამ ახლა შესაძლოა პირდაპირ "ბალახის სეზონის" დაწყებამ მომიწიოს და ძალიან მიხარია. ასე რომ, ჯერ არ ვიცი, სად გავემგზავრები პარიზიდან.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები