დიდი ქართველი უმაღლეს მწვერვალზე - კვირის პალიტრა

დიდი ქართველი უმაღლეს მწვერვალზე

მთა ტეიდე ესპანეთის უმაღლესი წერტილია (3718 მ). სწორედ ამხელა სიმაღლიდან გადმოხედა ევროპას ქართველმა გიორგი შერმადინმა, რომელიც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოფიციალურად დასახელდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად!

ტეიდე ტენერიფეშია, კანარის კუნძულების მთავარ ქალაქში, რომლის კლუბის ღირსებასაც "შერმინატორი" 2019 წლიდან იცავს, თანაც ისე, რომ ლამის ყოველ ტურში ასახელებენ სიმბოლურ გუნდში, ამ სეზონის ბოლოს კი სულაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს; ტურნირისა, სადაც დღემდე ბრწყინავენ: პაუ გასოლი, რუდი ფერნანდესი, ედი ტავარეში, ნიკოლა მიროტიჩი, მარსელინიო უერტასი და სხვები.

კანარის კუნძულების აბორიგენი მოსახლეების, გუანშებისთვის, ტეიდე ისეთივე მითური და წმინდა მთა იყო, როგორიც ოლიმპო ბერძნებისთვის. ჩვენი გმირი სწორედ ოლიმპსა და ოლიმპოზე შედგა და ესპანეთის უმაღლესი მწვერვალიდან მიულოცა თავის ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე...

ქართველმა ცენტრმა მიმდინარე ჩემპიონატში იმდენჯერ მოიპოვა მატჩის, ტურისა და თვის MVP-ის (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) ტიტული, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების მთავარი კანდიდატი გახლდათ. თუმცა ესპანური წესების თანახმად, საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვით უნდა გამოვლენილიყო. "ლიგა ენდესას" ხელმძღვანელობამ გამოსაკითხად 4 სეგმენტი აარჩია: გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ესპანური ლიგის მწვრთნელები და მოთამაშეები. თითოეულს სეგმენტს 25-პროცენტიანი წილი ჰქონდა. გულშემატკივართა გამოკითხვა, რომელიც ინსტაგრამით, Twitter-eriTa და ACB.COM-ის აპლიკაციით მიმდინარეობდა, შერმადინმა დიდი უპირატესობით მოიგო. ქართველმა კალათბურთელმა 7200 ხმით აჯობა მადრიდის "რეალის" ცენტრ ედი ტავარეშს. რაც შეეხება მწვრთნელების, მოთამაშეებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგებს, სოციალურ ქსელებსა და მედიაში 26 მაისამდე არ გამოქვეყნებულა. ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა ACB.COM-მა საბოლოო შედეგები სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოაქვეყნა და გიორგის ორმაგი ზეიმის საბაბი მისცა! დიახ, შერმადინმა ყველა დანარჩენი სეგმენტი მოიგო და ჯამში 100% მიიღო გულშემატკივრებისგან, ჟურნალისტებისგან, მწვრთნელებისა და მოთამაშეებისგან!

რაც შეეხება მის სტატისტიკას, შერმადინი ესპანური ლიგის 38 მატჩში საშუალოდ 23.19 წუთს თამაშობდა და 17.0 ქულით საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ. მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა სარგებლიანობის ინდექსითაც, რაც დადებითი სტატისტიკური მაჩვენებლების ერთიანობაა და რომლის მიხედვითაც იძლევიან კონკრეტული მატჩის MVP-ის წოდებას.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა ესპანური ლიგის სიმბოლური (საუკეთესო) ხუთეულიც, რომელიც ასე გამოიყურება: მარსელიონიო ჰუერტასი ("ტენერიფე"), პიეირა ანრი ("ბასკონია"), ხაბი ლოპეს-აროსტეგუი ("ხუვენტუდი"),

გიორგი შერმადინი ("ტენერიფე"), ედი ტავარეში ("რეალი").