"ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი და ამაყი ვარ!"
07-06-2021
"ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი და ამაყი ვარ!"
"ენით გამოუთქმელი შეგრძნება იყო, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისური მოვირგე, თითქოს ხელმეორედ დავიბადე..."

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკვე მოილია ივნისის ამხანაგური მატჩები: რუმინეთი სტუმრად დავამარცხეთ და ჰოლანდიასთან შეხვედრის შედეგიც იცით. ამჯერად ნაკრების შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა ეროვნული გუნდის მაისური უკვე მოირგო (ჯერ მხოლოდ ქართული პასპორტის აღსანიშნავად!), შემოდგომაზე კი მოედანზეც ვნახავთ. გიორგი წიტაიშვილს უკრაინის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია, ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ამიერიდან 20 წლის ფეხბურთელის ყველა სანაკრებო
გეგმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება! კიევის "დინამოს" სწრაფი და ტექნიკური შემტევი გასულ სეზონში პოლტავის "ვორსკლაში" იყო განათხოვრებული, თუმცა იჯარის ვადა ამოიწურა და კიევური კლუბის თავკაცი მირჩა ლუჩესკუ ახალგაზრდა ქართველს ისევ მისცემს თავის გამოჩენის შანსს. გიორგი წიტაიშვილი ახლა თბილისშია, მარტში მიღებული ტრავმის გამო, რამდენიმე თვე გაუცდა,
თუმცა ვარჯიში უკვე განაახლა და 15 ივნისიდან "დინამოს" შეკრებას შეუერთდება. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ ქართული პასპორტის მიღების შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ სწორედ "კვირის პალიტრას" მისცა:

- ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად არის. პროფესიონალი სპეციალისტების დახმარებით რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, სრული დატვირთვით ვარჯიშს კი კლუბთან ერთად შეკრების დაწყების შემდეგ დავიწყებ. უკრაინაში რამდენიმე დღეში ვბრუნდები.

- მირჩა ლუჩესკუმ კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი გააგრძელა. გავრცელებული ინფორმაციით, იჯარით გაშვებული იმ რამდენიმე ფეხბურთელიდან, ვისი "დინამოში" დაბრუნებაც ლუჩესკუმ მოითხოვა, ერთ-ერთი შენც ხარ.
- ვნახოთ. როგორც უკვე გითხარით, შეკრება რამდენიმე დღეში იწყება და ყველაფერი იქ გამოჩნდება. "ვორსკლაში" ნახევარი წლით ვიყავი განათხოვრებული. ტრავმის მიღების შემდეგ "დინამოში" დავბრუნდი, რადგან პოლტავის კლუბთან იჯარის ხელშეკრულებაც ამოიწურა.

- ლუჩესკუსთან მუშაობაზე რას იტყვი? უკრაინელი ჟურნალისტების თქმით, რუმინელმა მწვრთნელმა რამდენჯერმე მოგცა შანსი, მაგრამ... "წიტაიშვილს გოლი ვერ გაჰქონდა და "თავის თავზე" თამაშობდაო..." თუმცა იქვე ამატებდნენ, მხოლოდ 15 წუთი ეძლეოდა დრო და, ბუნებრივია, თავის თავზე ითამაშებდა, ასეთ მცირე დროში სხვა რა უნდა მოესწროო?
- პირადად ჩემთვის ლუჩესკუს ასეთი რამ არასდროს უთქვამს. პირიქით, ხშირად მაქებს და მისგან სულ მხარდაჭერას ვგრძნობ.

- მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღე, უკრაინელები რას გეუბნებიან?
- ახლო მეგობრებმა და თანაგუნდელებმა პოზიტიურად მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება და, ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ, გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო - ქართველი ვარ და, ბუნებრივია, საქართველოში ვამჯობინებდი თამაშს! რა თქმა უნდა, ზოგიერთი უკრაინელი ნაწყენი დარჩა, ზოგი ცუდ რაღაცებსაც დაწერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი და ამაყი ვარ!

- ინტერვიუს თავს არიდებდი - ჯერ არაფერი გამიკეთებია და რაზე უნდა ვილაპარაკოო?! არადა, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი გააკეთე - საქართველო აირჩიე! ამ გადაწყვეტილების მიღება არ იქნებოდა ადვილი: უკრაინაში გაიზარდე, ჩამოყალიბდი ფეხბურთელად, იქ მიაღწიე წარმატებას...
- უკრაინელების ძალიან მადლიერი ვარ. მესმის მათი უარყოფითი რეაქციის, ვისაც ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონა, რადგან წლებია იქ ვთამაშობ, მათ თვალწინ გავიზარდე, მაგრამ მაინც ყოველთვის ვიყავი და ვარ ქართველი, ხუმრობით "გრუზინს" მეძახდნენ... ჩემს უკრაინელ მეგობრებს უყვართ საქართველო, ჩვენი კულინარია, მუსიკა, კულტურა. არაერთი უახლოესი მეგობარი ჩამომიყვანია ჩემს სამშობლოში და ყველა მათგანი ამბობდა, რომ თავს საქართველოს ნაწილად გრძნობდა! სულაც არ ვფიქრობ, რომ უკვე მივაღწიე რამეს, ინტერვიუსგანაც იმიტომ ვიკავებდი თავს, რომ არ მინდა წინასწარ ვილაპარაკო რაღაცებზე - მირჩევნია, ჯერ მოედანზე ვაჩვენო ჩემი მაქსიმუმი... იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ ძალიან მონდომებული ვარ და მიზნად წარმატებას ვისახავ. სხვათა შორის, პირველად, საქართველოს ნაკრები მაშინ ვნახე, როცა კვიპროსში ვცხოვრობდით. ჩვენი ნაკრების თამაშზე "ბოლბოი" (ბურთის მიმწოდებელი ბიჭუნა) ვიყავი და საოცარ სიამაყეს ვგრძნობდი ჩვენების თამაშის ყურებისას და საქართველოს ჰიმნის მოსმენისას... მატჩის დასრულების შემდეგ, ყველას ჩამოვუარე და მაისურები ვთხოვე. ასე რომ, საქართველოს ნაკრებში თამაში ბავშვობიდანვე იყო ჩემი ოცნება!

- ამბობენ, რომ შენს გადაწყვეტილებაზე გავლენა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ბაბუის სურვილმაც მოახდინა. სინამდვილეში რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი? ქართული "სისხლის ყივილი", შენი და ოჯახის წევრების სურვილების თანხვედრა, წარმატების მეტი პერსპექტივა და შანსი თუ სხვა რამ?
- იმის მიუხედავად, რომ სხვა ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე, ქართული ტრადიციები და თვისებები უცხო არ არის ჩემთვის. ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა როგორც ბაბუას, ისე ოჯახის სხვა წევრებს. საქართველოში თამაშის გადაწყვეტილება რომ მივიღე, ბაბუას ძალიან გაუხარდებოდა! დარწმუნებული ვარ, სადაც არის, ბაბუა იქაც ამაყობს ჩემი არჩევნით.

როცა საქართველოდან შემოთავაზება მივიღე, წამითაც არ დავფიქრებულვარ - მაშინვე დავურეკე კიევის "დინამოს" პრეზიდენტს და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი. მირჩია, არ იჩქაროო, თუმცა მაშინვე დარწმუნდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. კიევური კლუბის პრეზიდენტს მადლობას ვუხდი ჩემი არჩევნის ობიექტურად მიღებისთვის!

- უკრაინელები გირჩევდნენ, თუ საქართველოს ნაკრებს აირჩევ, უკრაინაში ლეგიონერად ჩაითვლები და კარიერას დაიღუპავო... არ გეშინია?
- ჩემი მიზანია გუნდის წამყვანი მოთამაშე გავხდე! მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავ და არა მგონია, ქართულმა პასპორტმა ამაში ხელი შემიშალოს.

- რას გრძნობ ახლა, როცა უკვე გაქვს ქართული პასპორტი და რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების მაისურიც მოირგე?
- ენით გამოუთქმელი შეგრძნება იყო. თითქოს ხელმეორედ დავიბადე...

- ცხადია, ჩვენი ნაკრების თამაშებს აქამდეც უყურებდი. რას იტყვი ვლადიმერ ვაისის მუშაობაზე? მოახდინა თუ არა შენს არჩევანზე გავლენა საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის დანიშვნამ?
- საქართველოს ნაკრების თამაშებს ყოველთვის ვადევნებდი თავს და ვგულშემატკივრობდი. არა მარტო ფეხბურთს - სპორტის სხვა სახეობებსაც, სადაც ჩვენი ქვეყნის გუნდი ან სპორტსმენი მონაწილეობდა. რაც შეეხება მწვრთნელებს, მე უპირველესად ფეხბურთელი ვარ და ყველა მწვრთნელის ხედვასა და ტაქტიკას პატივს ვცემ.

- უკვე მოასწრებდი ვილი სანიოლსა და ნაკრების მოთამაშეებთან შეხვედრას...
- დიახ, ნაკრების მწვრთნელიც გავიცანი და მოთამაშეებიც. სანიოლიც და ფეხბურთელებიც ძალიან კარგად შემხვდნენ. ნაკრების წევრების უმეტესობას ისედაც ვიცნობდი, ახლა კი დანარჩენებსაც დავუმეგობრდები.

- რუმინეთთან მატჩზე თამაშზე რას იტყვი (ინტერვიუ ჩაწერილია ნიდერლანდების ნაკრებთან შეხვედრამდე. - რ.შ.)? მოგეწონა საქართველოს ნაკრების თამაში?
- ჩვენს გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. რაც შეეხება თამაშის გარჩევას, ეს მწვრთნელის საქმეა, თუმცა ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ, რომ მოტივირებულები თამაშობდნენ და გამარჯვება სურდათ.

- ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებში ბევრია ისეთი მოთამაშე, ვისაც შეტევა უყვარს და შეუძლია კიდეც. ერთ-ერთი შენც ხარ, თუმცა მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გვყავს. ბუნებრივია, გადაწყვეტილება მწვრთნელმა უნდა მიიღოს, მაგრამ შენი აზრიც საინტერესოა - თვითონ რომელ პოზიციაზე ხედავ თავს საქართველოს ნაკრებში?
- ჩემთვის ყველაზე კომფორტული მარჯვენა ფლანგზე თამაშია. რაც შეეხება მოთამაშეებს, მიხარია, ბევრი კარგი ფეხბურთელი რომ გვყავს და კონკურენციაც გაიზარდა. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ხარ, 2020 წლის Golden Boy-ს გამოკითხვის ერთ-ერთი ლიდერი, პერსპექტიული მოთამაშე... მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვს დასამტკიცებელი, მათ შორის საქართველოს ნაკრებშიც. მზად ხარ ამისთვის?
- ცხადია, ეს ტიტულები სასიამოვნოა, მაგრამ ისინი უკვე წარსულშია. ფეხბურთელმა ყველა თამაშში უნდა დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები, წარმატების მისაღწევად ყოველდღე იშრომოს.

- ბოლო დროს ყველგან ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ისმის, ასე იყო გიორგი ჩაკვეტაძის, გიორგი წიტაიშვილის, სხვა ნიჭიერი ფეხბურთელების შემთხვევაშიც... რას გრძნობს ახალგაზრდა მოთამაშე, როცა ყველას მისი ქება-დიდება აკერია პირზე, მისი ეიმედებათ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ? ეს დიდი პატივიც არის და მოტივაციაც, მაგრამ ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა! ამდენი ქება დათვურ სამსახურს ხომ არ უწევს ახალგაზრდა ფეხბურთელს?
- კვარამ და ჩაკვემ შრომით და თავმდაბლობით დაიმსახურეს ხალხის სიყვარული. ისეთი ბიჭები არიან, შექება და ის დიდი იმედი, რასაც მათ უკავშირებენ, ნამდვილად არ შეუშლით ხელს. თუმცა გეთანხმებით, დიდი მოლოდინი დიდი პასუხისმგებლობაც არის.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, მამაჩემი ძალიან მკაცრია, წონასაც კი მიკონტროლებსო. რთულია იყო ფეხბურთელი მამის შვილი?
- ძალიან რთული (იცინის). თუმცა მესმის მისი სიმკაცრის - ყველანაირად ცდილობს წარმატების მიღწევაში დამეხმაროს.

- რომელია შენი საყვარელი კლუბი, სად ითამაშებდი, არჩევა რომ შეგეძლოს?
- ბავშვობიდან მიყვარს "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

- ნაკრები გუნდებიდან რომელს გულშემატკივრობ და რას ელი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისგან?
- უკრაინის ნაკრებს ვგულშემატკივრობ. რაც შეეხება მთლიანად ტურნირს, საინტერესო მატჩები გველის.

- რამდენიმე სვირინგი გაქვს, მათ შორის ქართული ბორჯღალიც...
- იმდენია, რომ უკვე ამერია სათვალავი. თითოეულ სვირინგს თავისი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.

- საუბრის ბოლოს, რას ეტყვის გიორგი წიტაიშვილი ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ძალიან გაახარე და რომელსაც შენ ძალიან ეიმედები?
- ყველას დიდი მადლობა ასეთი მოლოდინის, ასე თბილად მიღებისთვის - გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება! ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ამიტომ მინდორზე ვაჩვენებ ჩემს მაქსიმუმს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ დღეს ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ დღეს ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები