კობიაშვილი ხორვატიაში ვერ ითამაშებს - კვირის პალიტრა

კობიაშვილი ხორვატიაში ვერ ითამაშებს

"ჰერტას" ნახევარმცველმა 2000 კაცთან ერთად "იქეიფა"

ერთწლიანი პაუზის შემდეგ 33 წლის ლევან კობიაშვილი ბუნდესლიგას დაუბრუნდა. ბერლინის "ჰერტამ", სადაც ლევანი "შალკედან" შარშან გადავიდა, გერმანიის უმაღლესი დივიზიონის საგზური გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, "დუისბურგთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ დაიბევა. კობიაშვილმა სეზონი პირადი წარმატებითაც დაამთავრა - ბოლო ტურის მატჩი "ჰერტამ" სწორედ ჩვენებურის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით მოიგო, მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის დაწესებული თასიც ჩაიბარა და 2000-კაციან "ბანკეტზეც" მოილხინა. სამწუხაროდ, ორი ყვითელი ბარათის გამო, ლევან კობიაშვილი ხორვატიასთან მატჩში ვერ ითამაშებს, თუმცა, მისი ინტერვიუ მკითხველისთვის მაინც საინტერესო იქნება.

- ლევან, მეცამეტე წელიწადია, გერმანიაში თამაშობთ და ბუნდესლიგაში ახალი არაფერია თქვენთვის, მაგრამ უმაღლეს ლიგაში აღზევება, ალბათ, მაინც ძალიან გაგიხარდათ.

- მართალია, ბუნდესლიგაში არაერთი წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ვიცი, რა სიტუაციაც არის გერმანიის უძლიერეს დივიზიონში და ამიტომ უფრო მიხარია უმაღლეს დონეზე დაბრუნება. იმაზე დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს, როდესაც ფეხბურთელმა იცის, რომ საკუთარ მოედანზე თუ სტუმრად ყოველთვის სავსე ტრიბუნების წინაშე მოუწევს თამაში. იმედია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ("ჰერტასთან" კონტრაქტი ლევანს 2013 წლის სეზონის ბოლომდე აქვს. - ავტ.) იმავე სიტუაციაში ვიქნები.

- "დუისბურგთან" მოგების შემდეგ რაც ხდებოდა "ჰერტას" გასახდელში, ფოტოებზეც კარგად ჩანს.

- ძალიან რთული სეზონი იყო ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ბუნდესლიგიდან გავვარდით, არც კლუბის ბიუჯეტი შემცირებულა და ძვირად ღირებული მოთამაშეებიც დატოვეს გუნდში. ამიტომაც მუდმივად ვგრძნობდით ფსიქოლოგიურ წნეხს - ბუნდესლიგის საგზური რომ ვერ მოგვეპოვებინა, ალბათ, "ჰერტას" ფინანსური პრობლემები შეექმნებოდა. ამიტომაც, როცა კონკურენტებისთვის მიუწვდომელნი გავხდით, თავს მოდუნების შესაძლებლობა მივეცით და გასახდელში შამპანურით "ვიბანავეთ".

- "ექსპრომტად" როგორც აღნიშნეთ, უკვე ვიცით, მაგრამ მერე როგორ იზეიმეთ წარმატება?

- 2-3 კვირის განმავლობაში ხან ერთ ღონისძიებაზე გვიწვევდნენ, ხან მეორეზე. თუმცა, ბოლო ტურის შემდეგ, როცა ოფიციალურად გავიფორმეთ მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონობა, ყველამ ერთად აღვნიშნეთ წარმატება. 2 ათასამდე კაცი, ვისაც კი რაიმე კავშირი აქვს "ჰერტასთან", შევიკრიბეთ უზარმაზარ შენობაში, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის გადააკეთეს და მოვილხინეთ.

- სეზონი გოლით დაასრულეთ...

- არა აქვს მნიშვნელობა, პენალტიდან გაიტან თუ თამაშის დროს - გოლი ყოველთვის სასიამოვნოა. როდესაც სტადიონზე 80 ათასამდე გულშემატკივარი მოდის, ერთგულება უნდა დაუფასო და სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციო მატჩშიც ბოლომდე იბრძოლო.

- "ჰერტას" მწვრთნელზეც გკითხავთ. მარკუს ბაბელი თქვენზე მხოლოდ ხუთიოდე წლით ახალგაზრდაა და მის წინააღმდეგ გითამაშიათ კიდეც. ერთმანეთის კარგად გესმით?

- მასთან მუშაობა საინტერესოა, თუმცა, ჩემთანაც ისეთივე ურთიერთობა აქვს, როგორიც სხვა ფეხბურთელებთან. როცა საჭიროა, მკაცრიც არის, მოგებული მატჩის შემდეგ ჩვენთან ერთად მალიორკაზეც იყო სამი დღით და ა.შ.

- "ჰერტას" ვიცე-კაპიტნის როლში როგორ გრძნობს თავს ლევან კობიაშვილი?

- არა აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსით ვარ კლუბში. ვიცი, რას მოითხოვენ ჩემგან და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობაც მუდამ მაქვს. მთავარია, ჩემი გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდა თანაგუნდელებს. სხვათა შორის, მწვრთნელებთანაც ხშირად ვამბობ ხოლმე ჩემს აზრს კლუბის მომავალზე.

- გუნდის კაპიტანი ხორვატი ანდრე მიატოვიჩია. თბილისში წაგების შემდეგ როგორ ხასიათზე იყო?

- მატჩამდე დარწმუნებული იყო, რომ ხორვატები მოიგებდნენ, მერე კი... ჩვენმა გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშაო, მეუბნებოდა.

ადრე პირიქით ხდებოდა, უმეტესწილად სხვადასხვა ეროვნების ჩემი თანაკლუბელები ხარობდნენ საქართველოსთან გამარჯვებით, ახლა კი გამარჯვებული მე ვარ და ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. სხვათა შორის, მიატოვიჩი ახლაც დარწმუნებულია, რომ საკუთარ მოედანზე ხორვატები აუცილებლად მოგვიგებენ, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ.

- სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო, სპლიტში ვერ ითამაშებთ.

- მეც ძალიან მწყდება გული, მაგრამ... ურთულესი მატჩი იქნება, თუმცა, ის, რომ ხორვატებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ და დარწმუნებულიც არიან, რომ აუცილებლად დაგვამარცხებენ, იქნებ კარგიც იყოს ჩვენთვის.

- ქართულ ფეხბურთში მომხდარ ტოტალიზატორების სკანდალზე რას იტყვით? ასეთი რაღაცები ყველგან ხდება, მათ შორის - გერმანიაშიც, მაგრამ ჩვენ ჩვენი გაჭირვებისა ვთქვათ.

- არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე, არამედ ევროპის წამყვანი ჩემპიონატებისა და ნაკრებების მატჩებზეც ხშირად მოგვისმენია, ეს თამაში ჩაწყობილი იყოო, მაგრამ არასდროს მჯეროდა. ფეხბურთი უზომოდ მიყვარს და, ალბათ, არ მინდა დავიჯერო, ასეთი რაღაცები რომ ხდება. ჭირი თავს არ მალავს, თორემ ჩვენს ჩემპიონატს, სადაც ისედაც უამრავი პრობლემაა, კიდევ ასეთი სიბინძურე უნდა? ფეხბურთელმა არ უნდა აკადრო ასეთი რამ საკუთარ თავს, ოჯახს, გულშემატკივარს. გვიკვირს ხოლმე, მაყურებელი რატომ არ დადის სტადიონზეო. ასეთი სამარცხვინო რაღაცების შემდეგ, ვის რა უნდა მოვთხოვოთ? თუმცა, კარგიც არის, რომ გამოაშკარავდა, იქნებ მომავალში მაინც აღარ განმეორდეს.

- თბილისში როდის ჩამოხვალთ?

- ალბათ, რამდენიმე დღეში, მაგრამ მერე ისევ ბერლინში უნდა დავბრუნდე, ბავშვს ჯერ სწავლა არ დაუმთავრებია და...