უცხოეთში "საკბილოს" იმედად? - კვირის პალიტრა

უცხოეთში "საკბილოს" იმედად?

ქართველი ძიუდოისტი ქურდობისთვის მოკვეთეს

ფეხბურთი, კალათბურთი, ახლა - ისევ ძიუდო... კვირა არ გავა, ქართული სპორტი მორიგი თავლაფდასხმით არ "გამდიდრდეს". წარმატებას ვინ ჩივის, გვერჩივნა, ამ სპორტსმენებზე საერთოდ არაფერი გაგვეგო, ვიდრე ასე "გამოეჩინათ" თავი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, გასულ კვირას ძიუდოს ფედერაციის აღმასკომმაც დასაჯა მოჭიდავეები სამუდამო დისკვალიფიკაციით. მძიმე წონაში ეროვნული ნაკრების წევრი ნოდარ მეტრეველი და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს 2009 წლის ჩემპიონი - იოსებ წელაური სპორტიდან მოკვეთეს. ქურდობა - ეს არის მეტრეველის უმკაცრესად დასჯის მიზეზი.

როგორც ჩვენშია მიღებული, დეტალების დაკონკრეტებისგან ამჯერადაც თავი შეიკავეს, თუმცა ქურდი ქურდია და რაც უნდა მოეპარა, მის დანაშაულს გამართლება ნამდვილად არა აქვს. ჩვენი ინფორმაციით, მეტრეველმა ბაქოს "გრან-პრის" დროს, დარბაზიდან ფრანგი მწვრთნელის კუთვნილი მობილური ტელეფონი მოიპარა, რაც ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ დაადგინეს!

რაც შეეხება წელაურს, ის უნივერსიადაზე ჩადენილი დანაშაულისთვის დაისაჯა - წაგებით განაწყენებული ძიუდოისტი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ნიკო ზაუტაშვილს სასტიკად გაუსწორდა.

აღმასკომმა კიდევ ორი ძიუდოისტი დასაჯა - ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს არჩილ შინჯიკაშვილსა (90კგ) და ივანე დავითაშვილს (66კგ) მხოლოდ 6-6-თვიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს. ოფიციალური ინფორმაციით, ისინიც უნივერსიადაზე ჩადენილი არასპორტული საქციელისთვის დაისაჯნენ, თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, საქმე ამჯერადაც ქურდობას ეხება!

ფეხბურთის მსგავსად, ეს ფაქტებიც (უფრო კი, სასჯელი! - ავტ.) მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია იმ უამრავი სამარცხვინო შემთხვევიდან, რაც ქართულ სპორტში არცთუ იშვიათია. სამწუხაროდ, ზოგი ქართველი სპორტსმენი უცხოურ ტურნირზე მედლის მოსაპოვებლად კი არა, იმის იმედად მიდის, რომ დარბაზიდან, სასტუმროდან ან მაღაზიიდან რამეს "გამოაყოლებს" ხელს!

ამ სამარცხვინო ფაქტებზე არანაკლებ სამწუხარო ის არის, რომ ასეთი "გმირობების" გამომზეურებას ყველა ერიდება. საინტერესოა, რატომ? თუ ფრანგი მწვრთნელი მობილურის ძებნას და თხოვნას არ დაიწყებდა, ტელეფონს ვინ ჩივის, სიმ-ბარათი მაინც დამიბრუნეთო, ეს ფაქტიც ისე უნდა "გადაგვეყლაპა", როგორც სხვა არაერთი?

ანდა, მთასავით კაცი რომ ტელეფონის ან "ტრუსიკ-მაიკის" მოპარვას იკადრებს, სულ რომ ოლიმპიური ჩემპიონი იყოს, ახალგაზრდამ მისგან რა უნდა ისწავლოს? ან ამის შემდეგ, რა უნდა იფიქრონ უცხოელებმა ქართველ ძიუდოისტებზე? თუმცა კი სწორედაც პირიქით არის - თუ კაცი კაცად არ ვარგა, ვერც ჩემპიონი გახდება ოდესმე... და ჩემპიონობა რომ მხოლოდ მოგება არ არის, იქნებ ამაზე ახლა მაინც დაფიქრებულიყავით.