ვის გულშემატკივრობს "ევრო 2020"-ზე ნონა გაფრინდაშვილი - კვირის პალიტრა

ვის გულშემატკივრობს "ევრო 2020"-ზე ნონა გაფრინდაშვილი

პირველ რიგში ვინ გახსენდებათ, როცა "ნონას" ახსენებენ? ცხადია, ჭადრაკის ლეგენდარული დედოფალი! ნონა გაფრინდაშვილს წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჭადრაკი რა შუაშია? შუაში არა და, თავში ნამდვილად არის, რადგან ქალბატონი ნონა ფეხბურთის სტაჟიანი მოყვარულია და სპორტის ამ სახეობის საფუძვლიანი ცოდნით არაერთი ცნობილი მოთამაშე გაუოცებია. ნონა გაფრინდაშვილს არაერთ საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ:

- "ევრო-2020"-ის ერთი წლის დაგვიანებით გამართვა ბევრს არაფერს ცვლის - ჩვენი მოლოდინი უფრო გახანგრძლივდა, ეს არის და ეს. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები, ოლიმპიადა ის ტურნირებია, რომლებიც დიდ ემოციას აძლევს ადამიანებს.

ჩემპიონობისთვის სერიოზული ბრძოლა გაიმართება, პირველობის ყველაზე დიდი შანსი კი, ჩემი აზრით, საფრანგეთს აქვს. ფრანგებს ძალიან ძლიერი, ყველა რგოლში თანაბრად დაბალანსებული გუნდი ჰყავთ. თუმცა სპორტი მოულოდნელობების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაც არის საინტერესო. ფავორიტად საფრანგეთი მიმაჩნია, მაგრამ კონკრეტულ მატჩებში დიდი მნიშვნელობა ექნება გამართლებასაც.

არაერთხელ გვინახავს, რომ ფავორიტს უდიდესი უპირატესობა ჰქონია, უამრავი საგოლე მომენტიც შეუქმნია, მაგრამ მის აუტსაიდერ მეტოქეს ერთადერთი შანსის გამოყენებით უჯობნია. პორტუგალია ისე გახდა ევროპის ჩემპიონი, ქვეჯგუფში ერთი მატჩიც ვერ მოიგო, მაგრამ პლეი-ოფის სტადიაზე მეტოქეებზე უკეთ გამოიყენა მომენტები და საბოლოოდ ტიტულამდე მივიდა. ფრანგების გარდა, ამ ჩემპიონატზე ძალიან ბევრ ძლიერ ნაკრებს ვხედავთ: რა დაეწუნებათ ესპანეთს, იტალიას, გერმანიას, ინგლისს, პორტუგალიას?

- არის გუნდი, რომელსაც ამ ტურნირში სხვებზე მეტად გულშემატკივრობთ? - რომელიმე ნაკრებს არ ვგულშემატკივრობ, ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთისკენ ვარ. მინდა კარგი თამაშები ვნახო! ლამაზ ფეხბურთს ჯერ კიდევ კრუიფის ჰოლანდიის დროიდან ვგულშემატკივრობ, პლატინის, შემდეგ კი ზიდანის საფრანგეთიდან, ჩავი/ინიესტას ესპანეთიდან მოყოლებული... ფეხბურთი სწორედ ამ სილამაზისთვის მიყვარს. წელსაც ამის მოლოდინში ვარ და თუ გაამართლა, ხომ კარგი. ვინც კარგად ითამაშებს და ყველაზე ძლიერი იქნება, დაე, მან გაიმარჯვოს!

ევროპაში ფავორიტები არა მყავს, აი, მსოფლიო ჩემპიონატი რომ იმართებოდეს, პირდაპირ გეტყოდით, ვის ვქომაგობ!

- ეს ისედაც ცნობილია - მესის და არგენტინის ნაკრებს! "ევრო-2020"-ის პარალელურად, "კოპა ამერიკას" თამაშებიც იქნება. რომელ ტურნირს ელით მეტი ინტერესით? - არაერთხელ მითქვამს, რომ არგენტინის გულშემატკივარი ვარ.

სამწუხაროდ, სამხრეთ ამერიკის თასის მატჩები საქართველოს დროით ძალიან გვიან იმართება, თანაც ყველა თამაშის რეპორტაჟი არც არის ხოლმე. ასე რომ, ფავორიტი ნაკრები ისევ მუნდიალზე მეყოლება, ევროპის ჩემპიონატზე კი ლამაზ ფეხბურთს ვუქომაგებ.

- ის, რომ ევროპის პირველობა იმართება რამდენიმე ქვეყანაში და განსხვავებული იქნება სტადიონებზე მაყურებლის დაშვების პროცენტული მაჩვენებელიც იმოქმედებს ჩემპიონატზე? - პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ ტრიბუნების თუნდაც 30-40%-ით შევსებაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრის, ისე ფეხბურთელებისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხშირად ვუყურებდი "როლან გაროსის" თამაშებს და როცა პარიზში კომენდანტის საათის დაწყების დრო მოახლოვდებოდა, მაყურებლები კორტიდან გაჰყავდათ. უეფამ იმის მიხედვით შეცვალა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები, სად უკეთესი ეპიდვითარება და მეტი მაყურებლის დაშვების შესაძლებლობა იყო და ა.შ. მაყურებლის დანახვა, მათი შეძახილები, მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს სპორტსმენებისთვის.

- ბოლო წლებში ფეხბურთი მნიშვნელოვნად შეიცვალა... რა იქნება გადამწყვეტი ტურნირში წარმატების მისაღწევად? - ინდივიდუალისტები. ყველა გუნდს უნდა ჰყავდეს გამორჩეული მოთამაშე, ლიდერი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში თავის თავზე აიღებს ინიციატივას. თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკური მომზადება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ხშირად ისეთ პრესინგს, ისეთ დაცვას გეთამაშებიან, პოზიციური შეტევით ვერაფერს რომ ვერ მოუხერხებ. ძალიან არ მიყვარს ისეთი თამაშის ყურება, რომელიმე გუნდი მხოლოდ თავდაცვაზე რომ ფიქრობს. სწორედ ასეთ დროს არის საჭირო ინდივიდუალური თამაში, რომ როგორმე იპოვო ღრიჭო მეტოქის დაცვაში.

- რადგან შემტევები ახსენეთ, ბომბარდირობის სავარაუდო კანდიდატებზეც გკითხავთ. - პირველ რიგში ლევანდოვსკი მახსენდება, ასევე მბაპე და ბენზემა, ვნახოთ, როგორ ფორმაშია რონალდუ... მთლიანობაში ისევ იმ თავდამსხმელებს ექნებათ ბომბარდირობის მეტი შანსი, ვინც მიჩვეულია გოლების გატანას! თუნდაც თომას მიულერი: ასაკი შეეპარა, თითქოს აღარც აპირებდნენ მის გამოძახებას, მაგრამ გადის მოედანზე და იტანს. ან ოლივიე ჟირუს მაგალითი ავიღოთ: ერთი შეხედვით, რაღა დროს ჟირუა, მაგრამ როცა მოედანზე გადის, ბურთები სულ გააქვს... ასე რომ, ბომბარდიორობის მთავარ კანდიდატებად ლევანდოვსკი, მბაპე და ბენზემა მიმაჩნია. შესაძლოა კრიშტიანუმაც გაიბრწყინოს. გააჩნია, თანაგუნდელები როგორ ითამაშებენ. პანდემიის დროს სპორტი ერთ-ერთი მთავარი გასართობია ჩემთვის. ბოლო დღეებში "როლან გაროსსაც" დიდი ინტერესით ვუყურებდი. სპორტის ესა თუ ის სახეობა დიდ ენერგიას აძლევს მის მოყვარულებს, განსაკუთრებით, ისეთი დიდი ტურნირები, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. დასანანია, რომ საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო კონტინენტის პირველობაზე გასვლა, ძალიან ცოტა დაგვაკლდა.

სპორტში გამართლება მნიშვნელოვანია: ჯერ იყო და, ჩაკვეტაძის გამოჯანმრთელება გაიწელა, შემდეგ კორონავირუსმა მაკედონიასთან თამაშის წინ გამოგვაკლო კვარაცხელია. ამას დაემატა ნერვიულობა, ფსიქოლოგიური ფაქტორი, ცარიელი ტრიბუნები... მოკლედ, იღბალმა ზურგი გვაქცია მაკედონიასთანაც და სხვა თამაშებშიც.

- მოგწონთ საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი? - ჯერ რთულია სანიოლის, როგორც მწვრთნელის შეაფასება, მაგრამ უკვე მომწონს საქმისადმი მისი მიდგომა. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩვენს ნაკრებში პერსპექტივას ვხედავ.

იმედიანად ვუყურებ ჩვენი ნაკრების მომავალს. შედარებით "ძველ" მოთამაშეებზე აღარაფერს ვიტყვი, ბოლო წლებში გამოჩენილთაგან კი განსაკუთრებით მეიმედება ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე, ბერიძე, სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელები. მომწონს ისიც, რომ სანიოლი ახალ მოთამაშეებსაც აძლევს თავის გამოჩენის შანსს.

თუმცა მწვრთნელის ერთი ფრაზა არ მესიამოვნა - ყველა ფეხბურთელი 100%-ით უნდა იხარჯებოდესო! როგორც ჩანს, რომელიღაც მოთამაშეების მონდომებით უკმაყოფილოა... ნიჭიერ ახალგაზრდებს რა გამოლევს ჩვენთან?! მთავარია, ნიჭს დროული, სწორი განვითარებაც მოჰყვეს... ვინატრებდი, რომ საქართველოს ჰყავდეს არსენ ვენგერის მსგავსი მწვრთნელი, რომელმაც უამრავი ახალგაზრდა მოთამაშე აქცია ვარსკვლავად. "ბარსელონასთან" ერთად, ლონდონის "არსენალს" სწორედ ვენგერის გამო ვგულშემატკივრობდი. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შანსის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ "გაფუჭებული" ახალგაზრდა ქართველებიც მინახავს, მოკლე პერიოდში სამ ასაკობრივ ნაკრებში რომ ათამაშებდნენ და ამით, ფაქტობრივად, კარიერის დასასრულებლად გაწირეს... არ შეიძლება ასეთი დატვირთვა!

- სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა ასაკობრივ ნაკრებებში შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები განვითარებას ვეღარ ახერხებენ. - ამწუთას გამახსენდა ლევან ყენია, რომელიც სუსტი ფიზიკური კონდიციების კომპენსირებას დიდი საფეხბურთო ნიჭის წყალობით ახერხებდა. ძალიან მწყდება გული მისი კარიერის გამო. ლევანი საოცრად ტექნიკური იყო, კარგ პასებსაც აკეთებდა, მაგრამ ზოგჯერ გაჩერდებოდა ხოლმე... იმდენად დიდი ტალანტი ჰქონდა, მწვრთნელი ვერაფერს ეუბნებოდა. ეს არასწორად მიმაჩნია - მოთამაშე რაც უნდა ნიჭიერი იყოს, მწვრთნელმა კალაპოტში უნდა მოაქციოს! როცა ჩაკვეტაძესა და კვარაცხელიას ვუყურებ, მიხარია, პროფესიულად უდგებიან ამ საკითხს. როცა ნიჭი გაქვს, თამაში შეგიძლია, სხვა ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და მხოლოდ სპორტით იცხოვრო. საქმისადმი სწორად მიდგომა ფეხბურთელისთვის სერიოზული ინვესტიციაა. ვიცი, რომ როცა კახა კალაძე კიევის "დინამოში" გადავიდა, ლობანოვსკის საოცრად მომქანცველი ვარჯიშების შემდეგ ისე იღლებოდა, მოედნიდან თანაგუნდელების დახმარებით გადიოდა. თუმცა ყველა დაბრკოლება გადალახა და დღეს ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია. ასე რომ, მხოლოდ ნიჭის ხარჯზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

- ნიჭთან ერთად, რა თვისებებია საჭირო წარმატების მისაღწევად?

- საჭადრაკო მწვერვალების დასაპყრობად აუცილებელია ჯამური კომპონენტები, რის ხარჯზეც შესაძლოა შენზე ნიჭიერ მოთამაშეს აჯობო. ნიჭთან ერთად, ეს კომპონენტებია შრომისმოყვარეობა, კარგი ნერვული სისტემა, ფსიქოლოგიური მდგრადობა და სპორტული ხასიათი. დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებთან მომუშავე მწვრთნელების კომპეტენციას და ობიექტურ მშობლებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რაც უნდა ნიჭიერი და ავტორიტეტული ფეხბურთელი იყოს, გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და მასთან კონფლიქტი კარგს არაფერს მოუტანს.

მწვრთნელთან უთანხმოების გამო ნაკრებს მიღმა დარჩენილი ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვინახავს. ამიტომაც ფეხბურთელს უნდა შეეძლოს ემოციების გაკონტროლება, შესაფერისი მომენტისა და გუნდის არჩევა და ა.შ.

- ხვიჩა კვარაცხელიაზეც უნდა გკითხოთ... - ძალიან მომეწონა ლეონიდ სლუცკის ინტერვიუ, რომელშიც "რუბინის" მწვრთნელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი მიდგომა და შეხედულებები ფეხბურთელებსა და მათ შორის კვარაცხელიასთან. ისიც თქვა, ყველა ნიჭიერ მოთამაშეს გვერდით დავუდგები და ხელს არაფერში შევუშლიო! როცა ყაზანურ კლუბში პირველად მივედი, გაკვირვებული დავრჩი, რატომ არ ათამაშებდნენ ხვიჩასო, იხსენებს სლუცკი. დაიწყო კიდეც ამის გამოსწორება. კვარაცხელია ბევრ შეცდომას უშვებდა, ბურთსაც ხშირად კარგავდა. თუმცა მწვრთნელი ენდობოდა, ათამაშებდა და შედეგს ყველა ვხედავთ. ვინც ხვიჩას იცნობს, ყველა ამბობს, რომ ფეხბურთისთვის აქვს თავი გადადებული და საქმეს ძალიან პროფესიულად უდგება. ხვიჩა უკვე ისეთ დონეზეა, დარწმუნებული ვარ, არც ერთ კლუბში არ დაიკარგება! თუმცა სასურველია, რაც შეიძლება მალე გაირკვეს, სად ითამაშებს მომავალ სეზონში.

ფსიქოლოგიურ მდგრადობას სპორტსმენისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბევრი გვინახავს ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, მომდევნო ტურნირზე საერთოდ რომ დაკარგულა... მოტივაციის ნათელი მაგალითია ლაშა ტალახაძე - ყველა ტიტულის და რეკორდის მფლობელია, მაგრამ არ ჩერდება და ვარჯიშზე ამყარებს ახალ-ახალ რეკორდებს... ამ ფენომენურ ძალოსანს დღეს ქართული სპორტის სიმბოლოსაც კი ვუწოდებდი. უნიკალური სპორტული მიღწევების გარდა, მაღალი ზნეობის, საუკეთესო პიროვნული თვისებების კაციც გახლავთ. დღეს, როცა დოპინგკონტროლი მსოფლიოში უმაღლეს დონეზეა, ბუნებრივ მონაცემებს, ლაშას საოცარ ძალას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. მე სამაგალითო პიროვნებად მიმაჩნია და კიდევ რამდენ ოქროს მოგვიტანს, ეს ცალკე საკითხია.

- მესი და სნუკერის ვარსკვლავი ჯად ტრამპი რომ გიყვართ, ვიცი. "როლან გაროსიც" ახსენეთ - ვინ არის თქვენი საყვარელი ჩოგბურთელი? - დიდ პატივს ვცემ ფედერერს, ლეგენდარული ჩოგბურთელია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ნოვაკ ჯოკოვიჩს ვგულშემატკივრობ. ყოფილ იუგოსლავიასთან უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს და მის წარმომადგენლებს სპორტის ყველა სახეობაში ვქომაგობ, მით უმეტეს, ნოვაკი უდიდესი სპორტსმენი და ძალიან კარგი ადამიანია.

რატი შელეგია