მაგრები მხოლოდ მეტოქისთვის ხელის კვრაში ვართ? - კვირის პალიტრა

მაგრები მხოლოდ მეტოქისთვის ხელის კვრაში ვართ?

ილუზიამ, რომ დაქცეული ქართული ფეხბურთის წარმომადგენლებს კიდევ შეუძლიათ თუნდაც საშუალო დონის ევროპული გუნდებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მხოლოდ ერთ კვირას იცოცხლა.

თბილისში 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ, დედაქალაქურმა "დინამომ" ბელგრადში 2:5 წააგო "ცრვენა ზვეზდასთან" და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როგორი უპირატესობაც უნდა უმაგრებდეს ზურგს, ქართული გუნდის სასურველი ანგარიშით დამარცხება პრობლემას არ წარმოადგენს.

გამარჯვება მწიფე ვაშლი არ არის, თვითონ რომ დაგეცეს თავზე, ცოტა შენც უნდა მოინდომო...

როგორც ჩანს, ჩვენს ფეხბურთელებს ჯერ კიდევ არაერთი "ფოკუსი" აქვთ არსენალში მრავლისმნახველი (და მრავალტანჯული) ქართველი გულშემატკივრის განსაცვიფრებლად. ოღონდ, სამწუხარო ის არის, რომ გაოცებას სიხარული იშვიათად ახლავს ხოლმე და უმეტესწილად, მორიგი იმედგაცრუებით მთავრდება. რადგან, მთლად ვირტუოზობა თუ არა, კაიძალი მოხერხება ნამდვილად უნდა, ორბურთიანი უპირატესობით დაწყებული მატჩის (რომელსაც, თამაშისას გატანილი კიდევ ორი ბურთი ემატება) მეტოქისთვის სასურველი ანგარიშით დამთავრება რომ მოახერხო...

ყველაზე ცუდი ამ ამბავში სწორედ ეს არის, თორემ, წაგება და ქართული გუნდები რომ ლამის სინონიმებად არიან ქცეული, არახალია.

ბელგრადში 0:3 ან 0:4 რომ წაგვეგო, ეს ტრადიციულიც იქნებოდა და ლოგიკურიც, მაგრამ, მატჩის დროს ჯერ 0:1 და მერე 1:2-ს რომ იგებ და მეტოქეს ოთხი ბურთის გატანის მეტი არაფერი შველის, ზუსტად ამ ანგარიშით წაგება როგორ უნდა მოახერხო? მის შემდეგ, აღარც ის უნდა გაუკვირდეს ვინმეს, თუ ქართულ-სერბული დუელის ირგვლივ ტოტალიზატორსა და გაცვლილ-გამოცვლილ "ერთიანებზე" ლაპარაკს მოისმენს...

არადა, უკვე მეორე(!) წუთზე დავწინაურდით: სტუმრების მიერ მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს პირველი მასპინძელთა ფორვარდი დეიან ლეკიჩი მისწვდა და... ქართული გუნდის უპირატესობა ლამის დაუძლეველი გახადა. თუმცა, სერბებმა კარგად იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე (ავტოგოლის შემდეგ ანგარიში მალევე გაათანაბრეს და ყურები არც მაშინ ჩამოუყრიათ, 23-ე წუთზე, მათე ვაწაძემ მეორედ რომ აიღო მასპინძელთა კარი). "ცრვენა ზვეზდას" ოთხი გოლი ჰქონდა გასატანი და ვითომ რატომ ვერ უნდა გაეტანა, როცა ხელს არავინ უშლიდა?

იმის ნაცვლად, რომ მოედნის თითოეული გოჯისთვის ებრძოლათ, ქართული გუნდი იდგა და აუღელვებლად ითვლიდა გოლებს საკუთარ კარში. დინამოელთა უმრავლესობა ახალგაზრდა მოთამაშეა და თუ უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაშს ვერ მოვთხოვთ, თავგანწირვასა და ბრძოლას რაღა უდგას წინ? თქვე კაი დედმამიშვილებო, ისე რამ გაგიყინათ სისხლი ძარღვებში, რომ კაცნაკლულმა გუნდმა (70-ე წუთზე, მასპინძელთა მცველი ჯორჯევიჩი გააძევეს) საკუთარ საჯარიმოს მიგაჯაჭვათ და ორი გოლი(?!) გაგიტანათ? მაგრები მხოლოდ მეტოქისთვის ხელის კვრაში ვართ?

მასპინძლებმა პირველ ნახევარში მხოლოდ სამი გოლი იკმარეს და მეორე ტაიმშიც, რომლის ნახევარიც უმცირესობაში გაატარეს, მხოლოდ ისინი უტევდნენ. 76-ე წუთზე კადუს პენალტის შემდეგ, ანგარიში 4:2 გახდა. შემდეგ ეტაპზე გასაღწევად, "დინამოს" ეს სხვაობაც აძლევდა ხელს, მაგრამ გამარჯვება მწიფე ვაშლი არ არის, თვითონ რომ დაგეცეს თავზე, ცოტა შენც უნდა მოინდომო. თუმცა, რომელ მონდომებაზეა ლაპარაკი, როცა თბილისური კლუბის მოთამაშეებს მეტოქის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამთ...

სამაგიეროდ, მასპინძლებმა მოინდომეს და 88-ე წუთზე, ანტიგმირობიდან მატჩის გმირად ქცეულმა ლეკიჩმა მესამე (თუ ავტოგოლს არ ჩავუთვლით) გოლი გაიტანა და "წითელ ვარსკვლავს" (ასე ითარგმნება "ცრვენა ზვეზდა") ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ გაუკაფა გზა...

და ქართველები? მათ თავის გამოჩენა მხოლოდ მუშტი-კრივში შეძლეს. ჯერ იყო, "დინამოს" ლეგიონერმა, ჯორჯ აკირემიმ დაიმსახურა 83-ე წუთზე წითელი ბარათი (მოწინააღმდეგეს ხელი ჰკრა), მატჩის მიწურულს კი ქართული მკლავის ძალა ახლა უკვე მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა(!) იგემა და მიწაზე გაიშხლართა. აუტის მოსაწოდებლად მისული ქართველისთვის მიწოდების ნაცვლად, ვლადიმირ პეტროვიჩმა ბურთი გვერდზე გადააგდო და სტუმრის რისხვაც დაიმსახურა. მწვრთნელის საქციელი მოსაწონი ნამდვილად არ არის, მაგრამ საკვირველი ერთი რამაა, - ასე ძალიან თუ ეწადათ ქართველებს შემდეგ ეტაპზე გასვლა, მთელი თამაშის განმავლობაში რა უშლიდათ ხელს, მხოლოდ 5:2-ზე რომ დაფაცურდნენ?

როგორც უნდა ითარგმნებოდეს "ცრვენა ზვეზდა" - ეს კლუბი არც ვარსკვლავია და არც ციდან მოუწყვეტია ვარსკლავები, თუმცა, უჯიგროდ და უნიათოდ მორბენალი ქართული გუნდისთვის თავისი ადგილის მისაჩენად ოსტატობა ნამდვილად ეყო...