დამატებითი დრო... ოჯახის წევრებისთვის!
დამატებითი დრო... ოჯახის წევრებისთვის!
ევროპის ჩემპიონატის ემოციური მხარე

ევროპის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის. გუნდების ნაწილი უკვე დაემშვიდობა ტურნირს და შინ დაბრუნდა, დარჩენილები კი ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ისევ შორიდან უყურებენ "ევრო-2020"-ის თასს და... ოჯახის წევრებს! დიახ, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი არა მარტო მონატრებული საფეხბურთო ფორუმი, სერიოზული ცხოვრებისეული გამოცდაც არის. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ფეხბურთელები, ფაქტობრივად, ვერ ნახულობენ ოჯახის წევრებს. ახლობლებთან თუნდაც მცირე დროის გატარების ერთადერთი შანსია რამდენიმე წუთი საფინალო სასტვენიდან გასახდელში ჩასვლამდე... მატჩის დასრულებისთანავე ფეხბურთელები სწრაფად
მირბიან ტრიბუნებთან, ორიოდ სიტყვის თქმას ასწრებენ მეუღლეებისთვის, სწრაფად ეფერებიან შვილებს და გასახდელში უჩინარდებიან, რათა რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ მიიღონ უახლოესი ადამიანების ნახვის შანსი. დღევანდელ ფოტოგალერეაში სწორედ იმ პატარა მონაკვეთებს გაჩვენებთ, როცა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები მცირე ხნით მაინც ახერხებენ მონატრებული ოჯახის წევრების ნახვას:

ინგლისის ნაკრებთან
ნათამაშები 0:0-ის შემდეგ: დაღლილი, მაგრამ ბედნიერი ენდრიუ რობერტსონი. მერე რა, რომ სტიუარდების გარემოცვაში და მხოლოდ ხუთიოდე წუთით? მთავარია, მონატრებული ვაჟიშვილის – როკოს ჩახუტება შეუძლია. შოტლანდიის ნაკრებისთვის "ევრო-2020" ჯგუფურ ეტაპთან ერთად დასრულდა, თუმცა სამშობლოში მაინც თავაწეულები დაბრუნდნენ.

გაცილებით მეტი აქვთ საამაყო უნგრელებს: მადიარები მატჩის მიწურულს დამარცხდნენ პორტუგალიასთან, ფრე ითამაშეს საფრანგეთსა და გერმანიასთან და მხოლოდ რამდენიმე წუთი დააკლდათ 1/8-ფინალში გასასვლელად! ეს კადრი კი მორიგი მატჩის შემდეგ არის გადაღებული და მასზე კარგად ჩანს, როგორ იწევენ ოჯახის წევრები ერთმანეთისკენ! უნგრეთის სიმპათიური და მებრძოლი ნაკრები მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა და ამაში ამ გუნდის ქომაგები და მოთამაშეთა ოჯახის წევრებიც იგულისხმებიან.


სამაგიეროდ, 90 წუთი ითამაშა ჰარი კეინმა. ახლა კი ვალმოხდილი და დაღლილი მშვიდად ეჭუკჭუკება ოჯახის წევრებს. საკითხავი მხოლოდ ის არის, როგორ ხასიათზე იქნებიან კეინები გერმანიასთან მატჩის შემდეგ.

გერმანიის ნაკრები ტურნირის ლიდერია მატჩის შემდგომი მინი-პაემნების მიხედვით. ტონი კროოსი სამი შვილის მამაა: ბუნდესგუნდის ერთ-ერთ ლიდერს ჰყავს 7 წლის ლეონი, 5 წლის ამელი და 2-ის ფინი. ფოტოზე სწორედ გერმანიის ვაჟ ფეხბურთელთა ნაკრების მომავალი წევრები არიან აღბეჭდილი.

2020 წელს კროოსმა იკამათა ობამეიანგთან, რომელმაც გოლის აღნიშვნის დროს თავზე სუპერგმირის ნიღაბი გადაიცვა და ცეკვა დაიწყო. ტონის მიაჩნია, რომ ასეთი რაღაცები ზედმეტია. "ამ ტონი კროოსს შვილები თუ ჰყავს? - იკითხა მაშინ ობამეიანგმა, - ეს ჩემი შვილისთვის გავაკეთე და იმავეს მომავალშიც გავიმეორებ". როგორც ხედავთ, შვილ(ებ)ი კროოსსაც ჰყავს და ერთმანეთი ძალიანაც უყვართ!


რაც შეეხება ალვარო მორატას, ესპანელმა ფორვარდმა ტყუპ ვაჟიშვილთან ფეხბურთის თამაშიც კი მოასწრო! ვინ იცის, იქნებ ამ ფოტოზე "ფურია როხას" მომავალ ფორვარდებსაც კი ვხედავთ? იმედია, ალვაროსაც ისევე სჯერა შვილების მომავლისა, როგორც ლუის ენრიკე ენდობა "იუვენტუსის" შემტევს.

გერმანიის ნაკრების მცველი მათიას გინტერი პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ: გინტერის ვაჟი მატეო ზუსტად მათიასის დაბადების დღეს - 19 იანვარს დაიბადა, თუმცა ჯერ მხოლოდ წლინახევრის არის და ტრიბუნაზე დიდხანს ვერ ძლებს. სამაგიეროდ, ქმრის არც ერთ მატჩს არ აკლდება გინტერის მეუღლე. სწორედ მას ელაპარაკება მათიასი კრიშტიანუ რონალდუსა და მისი რაზმის დამარცხების შემდეგ.


ფოტოზე გაცილებით დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი კიდევ ერთი გერმანელის - ჯოშუა კიმიხის ოჯახის წევრები: და დებორა, დედა ანია, მამა ბერტოლდი და მეუღლე ლინა. მოედანზე კიმიხი მაქსიმალურად სერიოზული და კონცენტრირებულია, თუმცა საოჯახო სელფის დროს გაღიმებაც შეიძლება!


მშობლებისა და დედმამიშვილის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა ცოლ-ქმარს ცალკეც ბევრი აქვთ სალაპარაკო! კიმიხს და ლინა მაიერს ორი შვილი ჰყავთ - 2019 და 2020 წელს დაბადებული ბიჭი და გოგო.

მეტოქე გუნდების წარმომადგენლებისგან არც ინგლისელები განსხვავდებიან: მართალია, იმ შეხვედრაში არ უთამაშია, მაგრამ ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ფილ ფოდენი მაინც ბედნიერია - სამი ქულით და ვაჟიშვილთან ჩახუტებით!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები