ნინიაშვილის ბაღი პრეტორიაში?
ნინიაშვილის ბაღი პრეტორიაში?
სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ტაიმი გავ(ა)ხარეთ

სამხრეთი აფრიკა 40:9 საქართველო


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ივლისის ტესტმატჩების პირველი შეხვედრა პრეტორიაში გამართა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ და პირველ ტაიმში კარგი თამაშის მიუხედავად, 40:9 დამარცხდა. საწყის ნახევარ საათში ლევან მაისაშვილის შეგირდებმა მხოლოდ ერთი უხეში შეცდომა დაუშვეს (მე-5 წუთზე), რაც დაუჯდათ კიდეც გაშვებულ ლელოდ. თუმცა დანარჩენ ეპიზოდებში "ბორჯღალოსნები" საკმაოდ დამაჯერებლად, მაქსიმალური კონცენტრაციით თამაშობდნენ და "ქურციკებს" (იგივე "სპრინგბოკი", "ბოკე" - სამხრეთაფრიკელ მორაგბეთა
მეტსახელია - რ.შ.) გალაღების საშუალება არ მისცეს.

ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრები სამჯერ დაწინაურდა, სამივეჯერ თედო აბჟანდაძის გატანილი საჯარიმო დარტყმებით და 34-ე წუთამდე 9:5-ს ვიგებდით. ქართველები ყურადღებით და დიდი თავგანწირვით თამაშობდნენ დაცვაში, მსოფლიო ჩემპიონებს არაფერი დაუთმეს დერეფანსა და მოლშიც, რაც აფრიკელთა ლამის კოზირია და ტაიმის
მიწურულამდე მეტ-ნაკლები წარმატებით უმკლავდებოდნენ "ბოკეს" უსწრაფეს გარემარბებსაც. სამწუხაროდ, მხოლოდ ტაიმის ბოლომდე - მასპინძლებმა ჩინებულად ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით (საღინაძის 10 წუთით გაძევება ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა), ჩვენი შეცდომებით და ორწუთიან მონაკვეთში ორი ლელო გაგვიტანეს - 19:9.

ცხადი იყო, რომ მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებს ძალიან გაუჭირდებოდა გამოცოცხლებული "ქურციკების" დაწევა და ასეც მოხდა: მასპინძლებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და თავის მონაგარს კიდევ სამი ლელო შემატეს, "ბორჯღალოსანთა" "ყულაბაში" კი აღარაფერი ჩავარდნილა.

"35-ე წუთამდე, თამაშს ვიგებდით და საწყენია, რომ უდისციპლინობის გამო ორი ლელო გავუშვით. არის შემთხვევები, როცა შეცდომის დაშვებას მეტოქე გაიძულებს, თუმცა ზოგჯერ ეს დაუფიქრებლობით მოგდის. როდესაც ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშები, ასეთ რაღაცებს ვერ ასცდები. კაცნაკლულ მეტოქესთან მოწინააღმდეგე ყოველთვის ახერხებს ქულების აღებას და ამ შემთხვევაში ორი ლელო მივიღეთ", - თქვა ნამატჩევს ჩვენი ნაკრების თავკაცმა ლევან მაისაშვილმა, "მიუხედავად იმისა, რომ დებიუტში უხეში შეცდომის გამო ლელო მივიღეთ, გუნდი თამაშში დარჩა. მეორე ტაიმში რამდენიმე იძულებითი გადაადგილება დაგვჭირდა. შეტევაშიც გვქონდა ეპიზოდები, მაგრამ მათი ქულებში ასახვა ვერ მოვახერხეთ. ვიყავით ბრძოლისუნარიანები, მაგრამ ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ჩემპიონთან შეცდომები გვქონდა.

თამაშის წინ ვთქვით, რომ დაცვა იწყება შეტევით. ვეცადეთ შეტევაში ბურთი გაგვეკონტროლებინა და გარკვეულწილად მოვახერხეთ კიდეც. თუმცა შესვენების შემდეგ აფრიკელებმა ჩვენზე უკეთ მოახერხეს ბურთის გაკონტროლება. სტატიკურ სიტუაციებში რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით და უძლიერეს მოწინააღმდეგეს ვეღარ გავუძელით.

სამხრეთ აფრიკამ იაპონიაში მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი დერეფანი, ჩვენ კი სამ აუტში შევუშალეთ ხელი და მოლების გაჩერებაც მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ შეხვედრაში პროგრესი გვექნება. ვფიქრობ, სამხრეთ აფრიკაც კმაყოფილი უნდა იყოს ჩვენთან თამაშით. კონტაქტის არეალში, მოლში, შერკინებაში, კონკურენტუნარიანები ვიყავით და რომ არა უდისციპლინობა, ტაიმსაც მოვიგებდით".

საკმაოდ დიდი ხანია, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს სანაკრებო მატჩი აღარ გაუმართავს. პანდემიამ მსოფლიო ჩემპიონებსაც შეუშალა ხელი, თუმცა უმაღლესი კლასისა და უდიდესი გამოცდილების მქონე აფრიკელები ხანგრძლივი "შვებულების" შემდეგაც ისეთივე სახიფათონი არიან, როგორიც სარაგბო სეზონის შუაგულში. ამ დონის გუნდთან მოგებაზე, ჯერჯერობით ვერც ვიოცნებებთ. თუმცა, რაც უფრო ხშირად გვექნება "ბობოლებთან" თამაშის შესაძლებლობა, მით სწრაფად ამოივსება ის უფსკრული, რაც, გვაშორებს პლანეტის უძლიერეს ნაკრებებთან.

რაც შეეხება სათაურს: 18 წლის დავით ნინიაშვილი "ბორჯღალოსანთა" ფულბეკია და თელავში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში სამი ლელოც მიითვალა. დათო ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა მორაგბეთაგან, ქართველ ქომაგს განსაკუთრებულად რომ ეიმედება - სწრაფი, ჭკვიანი, თანამედროვე ფულბეკისთვის საჭირო თითქმის ყველა თვისებით. ნინიაშვილმა აფრიკელებთანაც იბრძოლა, მაღალი ბურთისთვის გამართული ორთაბრძოლებიც მოიგო, თუმცა არც სამხრეთი აფრიკაა ნიდერლანდები (არადა, ბურების სახით რამდენი "ყოფილი ნიდერლანდელი" ჰყავთ?!) და არც პრეტორია "ნინია(შვილი)ს ბაღი", სადაც თავისუფლად სეირნობის უფლებას მოგცემენ! აკი მეორე ტაიმში მასპინძლებმა ჩარაზეს კიდეც თავისი ლელოსკენ მიმავალი ყველა კარი და თავის ნახევარზე აღარც ახალგაზრდა ქართველი გააჭაჭანეს და არც შედარებით გამოცდილი "ბორჯღალოსნები"...
ეგ არაფერი. "ქურციკებთან" პირველ შეხვედრაში სამარცხვინო არც თამაში ყოფილა და არც ანგარიში. პირიქით, ჩვენს გუნდს ეს ტესტებიც (9 ივლისს "ბოკეს" კიდევ ერთხელ ვეთამაშებით. - რ.შ.) და აქამდე ნაჩვენები თამაშიც პოზიტივად უნდა ჩავუთვალოთ და იმ დიდ გამოცდილებადაც, რასაც ყველა შემთხვევაში მიიღებენ პლანეტის უძლიერეს მოწინააღმდეგეებთან თამაშებში.

ჩვენი ნაკრების კაპიტანი - მერაბ შარიქაძეც ასე ფიქრობს: "სამხრეთი აფრიკა შემთხვევით არ არის მსოფლიო ჩემპიონი. ძალიან ძლიერი გუნდია და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ნამდვილად არ არის ჩვენთვის სასურველი, ვფიქრობ, გვქონდა უკეთ თამაშის შანსი. მიმაჩნია, რომ 80 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლეთ. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის მიწურულს ორი დასანანი ლელო მივიღეთ. თუმცა დასაფასებელია, რომ გარკვეულ სათამაშო ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ კიდეც. მეორე მატჩამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ და ასე მარტივად აღარაფერს ვაჩუქებთ მოწინააღმდეგეს".
მოკლედ, მადლობა ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. ვუსურვებთ სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩში მინიმუმამდე დაიყვანონ შეცდომების რაოდენობა და იქნებ ლელოსაც გამოვკრათ ხელი...

P.S. რაც შეეხება ივლისის ტესტების ბოლო შეხვედრას, 17 ივლისს "ბორჯღალოსნები" თბილისში უნდა დაუხვდნენ შოტლანდიის ნაკრებს, თუმცა... ქართველებამდე "ნარშავების" გუნდს კორონავირუსი დაერია - ვირუსი რამდენიმე შოტლანდიელ მორაგბეს დაუდასტურდა, მთელი ნაკრები იზოლაციაშია და ამის გამო უკვე გააუქმეს რუმინეთთან დაგეგმილი შეხვედრა...
მაგრამ ამაზე რუმინელებმა იდარდონ. ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ დარჩენილ დროში ყველაფერი კარგად იქნება და თბილისურ პაპანაქებას სქოთებსაც ვაგრძნობინებთ!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები