ხორვატიისთვის ხუთი ახალწვეულით - კვირის პალიტრა

ხორვატიისთვის ხუთი ახალწვეულით

მიუხედავად იმისა, რომ 3 ივნისს ხორვატია-საქართველო ჩვენი გუნდისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ნამდვილად არ არის, დიდწილად სწორედ სპლიტის სტადიონი გამოაჩენს, ვინ ვართ, რა გვსურს და საით მივდივართ.

თბილისში წაგების შემდეგ, ხორვატებს მომავალი შეხვედრის აუცილებლად მოგება მართებთ და ეჭვი არ არის, პირველივე წუთებიდანვე თავქუდმოგლეჯილები შეუტევენ საქართველოს ნაკრების კარს. თუმცა, ვინ იცის, შესაძლოა, ის ფაქტი, რომ მასპინძლებს მხოლოდ მოგება აძლევთ ხელს, ჩვენთვის სახეიროც კი გამოდგეს.

თუმცა, წინასწარ მარჩიელობა რომ არ გამოგვივიდეს, 3 ივნისის მატჩისთვის მზადებაზე ვთქვათ, დანარჩენს კი თავად შეხვედრა გამოაჩენს.

თემურ ქეცბაიას გუნდი უკვე რამდენიმე დღეა ნაკრების ახალგარემონტებულ სამწვრთნელო ბაზაშია დაბანაკებული. ჩვენს ეროვნულ გუნდში ხუთი ახალწვეულია: არდალიონ მიქაბერიძე, ("ვიტ-ჯორჯია"), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), გიორგი ადამია ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი), ირაკლი მაისურაძე ("ოლიმპი") და თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი").

მათ გარდა, თემურ ქეცბაიამ შეკრებაზე შემდეგ მოთამაშეებს უხმო:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე;

მცველები: კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, აკაკი ხუბუტია, ზურაბ ხიზანიშვილი, უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია, გიორგი ხიდეშელი, კახა ალადაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი;

ნახევარმცველები: გოჩა ხოჯავა, მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, სანდრო გურული, დავით კვირკველია.

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, მათე ვაწაძე, დავით სირაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, ჯაბა ლიპარტია, ირაკლი მოდებაძე.

გამოძახებულთა უმრავლესობა უკვე თბილისშია, დანარჩენები კი ნაკრებს კვირის დასაწყისში შეუერთდებიან. ლაპარაკია ზურაბ ხიზანიშვილზე, რომლის "რედინგსაც" 30 მაისს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს "სუონსისთან" და იმედია, ხიზანას ისევ ვიხილავთ პრემიერლიგაში, ასევე - "ვოლგას" ქართველ ლეგიონერებზე - გრიგალავაზე, ხოჯავაზე, ვაწაძესა და სალუქვაძეზე.

კვირის მიწურულს ეროვნულმა ნაკრებმა საკონტროლო მატჩის ჩატარებაც მოასწრო და "ბასას" მინდორზე 21-წლამდელთა ნაკრებს 3:2 მოუგო. ეს შეხვედრა ორივე ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ, რადგან ქეცბაიას სამწყსოს მსგავსად 3 ივნისს ოთარ გაბელიას შეგირდებიც ხორვატიაში თამაშობენ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს. რაც შეეხება გოლების ავტორებს, ეროვნული ნაკრებიდან თავი ირაკლი მოდებაძემ (ორჯერ) და ალექსანდრე იაშვილმა ისახელეს, 21-წლამდელთაგან კი საბანაძემ და კვეკვესკირმა გაიტანეს.

დისკვალიფიკაციის გამო, ხორვატიაში ლევან კობიაშვილი და ოთარ მარცვალაძე ვერ ითამაშებენ. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მათ შორის - ნიკო კრანჩარი, ივიცა ოლიჩი, ივან რაკიტიჩი, ივან სტრანიჩი, დეიან ლოვრენი და დომაგოი ვიდა დააკლდებიან.