გამარჯობა, აფხაზეთო შენი! - კვირის პალიტრა

გამარჯობა, აფხაზეთო შენი!

საოცარი სეზონი ჰქონდა "გაგრას" - ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ პირველი ლიგის გუნდმა ქვეყნის თასი მოიგო და ევროტურნირის საგზურიც მოიპოვა!

თანაც, გუნდსაც ხომ გააჩნია? - მსოფლიო კიდევ ერთხელ ნახავს, რომ თუმცა კი დედასამშობლოს დროებით ჩამოშორებული, მაგრამ გაგრაც ქართული ქალაქია, ისევე, როგორც სოხუმი, ბიჭვინთა, ოჩამჩირე, ცხინვალი...

პირველი ლიგის გუნდიო, ვთქვით... გასულ სეზონში ასეც იყო, ახალ ჩემპიონატს კი ბესიკ ჩიხრაძის გუნდი უმაღლეს ლიგაში დაიწყებს. გაგრელებმა პირველი ლიგის გათამაშებაში ლიდერობა არავის დაუთმეს, თასი კი... დავით ყიფიანის სახელობის თასზე "გაგრამ" საოცრებები მოახდინა - მოუგო თბილისის "დინამოს", "ვიტ ჯორჯიას", ფინალში ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა და გარდა იმისა, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა, ევროპის ლიგისკენ მიმავალი გზაც უამრავი ახალშეძენილი ქომაგის გულის გავლით გაიკვლია.

რაც შეეხება 26 მაისს ჩატარებულ ფინალს, "გაგრასა" და "ტორპედოს" მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ფინალი მოსაწყენი იყო! "გაგრა" ჭკვიანურად იცავდა თავს და მწარედ იჩხვლიტებოდა, უფრო მეტს ქუთაისელები უტევდნენ, თუმცაღა გაგრელთა მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილის კარის აღება იმ დღეს შეუძლებელი იყო! 25 წლის მეკარე საოცრებებს აკეთებდა და უკრაინელი ანატოლი პისკოვეცის მიერ გაწვრთნილი გუნდი რომ საქართველოს თასის მფლობელია, გაგრელები დიდწილად სწორედ ჩინებულ მეკარეს უნდა უმადლოდნენ.

მატჩის ერთადერთი გოლი კი მაშინ გავიდა, როცა მაყურებელი უკვე თერთმეტმეტრიანების სერიისთვის ემზადებოდა: მატჩის 116-ე წუთზე (საოცარი დამთხვევაა - ანდრეს ინიესტამაც დამატებითი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გაიტანა ბურთი 2010 წლის მუნდიალის ფინალში. - ავტ.), საჯარიმოში ნაკონეჩნის ჩაწოდებული ბურთის მოგერიება ქუთათურთა კაპიტანმა სევასტი თოდუამ სცადა, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, პირდაპირ საკუთარ კარში "მოიგერია" - 0:1.

საოცარი სეზონი ჰქონდა "გაგრას" - უმაღლესი ლიგის საგზური, ქვეყნის თასი, ევროპის ლიგა...

ქართულ ფეხბურთს კი ისევ დაუბრუნდა აფხაზეთის წარმომადგენელი გუნდი.

მაშ, გამარჯობა, აფხაზეთო შენი...