"ამ ფარსში მონაწილეობას ვერ მივიღებ"
28-09-2009
უსამართლო გზით მოსული ვერ იმოქმედებს თავისუფლად, მერე კი, როცა რაღაც არ მოეწონებათ, მასაც გაუშვებენ.

შვეიცარიაში მცხოვრებ მიხეილ ყაველაშვილს ოპონენტები ხშირად გადაუკრავენ ხოლმე სიტყვას იმის თაობაზე, რომ უცხოეთიდან რეალურად ვერ აფასებს ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებას. თავად "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთ ლიდერს კი მიაჩნია, რომ შორიდან გაცილებით უკეთ ჩანს ის უბედურება, რაც ჩვენს ფეხბურთში ტრიალებს. სავარაუდოდ, ყაველაშვილი თბილისში არც 1-ელ ოქტომბერს დანიშნული არჩევნებისთვის ჩამოვა, რადგან მისი თქმით, ფარსში მონაწილეობის სურვილი არა აქვს. საქართველოს
ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კარგად იცის, რომ "არჩევანი" უკვე გაკეთებულია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცის პოსტს ხელისუფლების მორიგი კადრი - ზვიად სიჭინავა დაიკავებს. "სიჭინავას პიროვნულად არაფერს ვერჩი, მაგრამ სანამ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს მთავრობა კი არა, საფეხბურთო სამყარო არ აირჩევს, არაფერი გვეშველება", - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.


-
როგორც ჩანს, სამართლიანი არჩევანის გასაკეთებლად მზად არც საფეხბურთო სამყაროა და არც საზოგადოება. ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია, ვის ავირჩევთ, მთავარი ის არის, რომ "არჩევის" ფორმაა უსამართლო. იმის ნაცვლად, რომ ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში იყოს, მათ შორის საჯარო დებატები შედგეს და ყველამ დაინახოს - ვის რა პროგრამა აქვს, ვინ რას გვთავაზობს. ერთი ხელის მოსმით, ყველას დაუკითხავად მოჰყავთ მავანი და მავანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. თანაც, იმის შემდეგ, რაც მის წინამორბედსაც თავად ჩაალაგებინეს ჩემოდანი...

- სიჭინავას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. თავად ამბობს - თუ შედეგს ვერ დაინახავთ, თვითონვე წავალო...
- ზვიად სიჭინავას არაფერს ვერჩი, ფეხბურთი უყვარს და ალბათ საქმის გაკეთებაც უნდა, მაგრამ უსამართლო გზით მოსული თვითონაც ცოდვაა, ვერ იმოქმედებს თავისუფლად, მერე კი, როცა რაღაც არ მოეწონებათ, მასაც გაუშვებენ და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად... კი ბატონო, ააშენა ამ კაცმა ორი სტადიონი, ფულიც აქვს, მაგრამ მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ ქართული ფეხბურთი ჩავაბაროთ? ყველაზე მეტად ვეტერანი ფეხბურთელებისა მიკვირს - ის ხალხია ჩუმად, ვისაც დიდი ფეხბურთი უთამაშია, სხვაზე მეტად არის ჩახედული ფეხბურთში. როცა ქართული ფეხბურთი იღუპებოდა, ხმა ერთხელაც არ ამოუღიათ და ახლაც დუმან, როცა იმავე შეცდომას ვუშვებთ. ვინც ამოიღო ხმა, ისინიც სიმართლის თქმის მაგივრად, ერთხელ ნანახ ფულიან კაცს დაუდგნენ გვერდით...

- ყველა იმას ამბობს, სიჭინავა "მთავრობის კაციაო", თუმცა, ამის დამამტკიცებელი ფაქტები არსად ჩანს...
- ახალკაციც არ იყო მთავრობის კაცი, არა? გადადგომამდე ორიოდე კვირით ადრე, კატეგორიულად გამოაცხადა, ყველაფერი კარგადაა და არსადაც არ მივდივარო. წასვლას მართლაც არ აპირებდა, სანამ "ზემოდან" არ დაიბარეს და არ აიძულეს წასულიყო. მიზეზიც აბსურდული მოიგონა - ნაკრების ცუდი თამაშის გამო მივდივარო. ნაკრების თამაშზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება, ფედერაციას კი ნაკრების გარდა, უამრავი სხვა საქმე აბარია. თუ მხოლოდ ნაკრების წარუმატებლობაში იყო საქმე, მწვრთნელი რატომ არ გაათავისუფლეს? ახალკაცს ავადმყოფობა ან სხვა მიზეზი მაინც მოეგონებინა, უფრო დავუჯერებდით.
როცა ასეთ გადაწყვეტილებებს ვეგუებით, უსამართლობას ვაკანონებთ. გამოდის, "ვიღაცის კაცი" თუ არ ხარ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არც უნდა იოცნებო? რატომ ვჩქარობთ, იქნებ სხვა უკეთესს გვთავაზობს? მოვუსმინოთ ერთმანეთს და ვინც უკეთეს პროგრამას შემოგვთავაზებს, ის ავირჩიოთ.
თითოეული მიყვარს და პატივსაც ვცემ, მაგრამ როგორც ჩანს, ის ადამიანები, ვისაც რაღაც მოეკითხება, ისევ ძველ დროში ცხოვრობენ, როცა თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ ზემოდან ხდებოდა და სხვაგვარად ვერ წარმოუდგენიათ.

- თქვენი მოთხოვნის მიუხედავად, ძნელი წარმოსადგენია, არჩევნები გადაიდოს. რას აპირებთ?
- ბუნებრივია, ამ ფსევდოარჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. სხვა მხრივ კი ბრძოლას გავაგრძელებთ და შევეცდებით, საზოგადოების კონსოლიდაცია მოვახერხოთ. თუმცა, დღეს ამისთვის ხალხი მზად არ არის. ყველამ იცის, რომ ეს არჩევნებიც უკანონოა, მაგრამ რამდენიმე კაცის გარდა, ამოიღო ვინმემ ხმა? იმ დონემდე ვართ დასული, რომ ორი დღის გაცნობილ კაცს მხოლოდ იმიტომ "ვირჩევთ", რომ XXI საუკუნეში ორი სტადიონი ააშენა. ჩემი სიტყვები ბევრს ეწყინება, მაგრამ ის უფრო არ უნდა სწყინდეთ, ამ ხნის განმავლობაში ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში რომ არის და ხმას არ იღებენ?

- "ჩვენი ფეხბურთი" არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს?
- ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობას რა აზრი აქვს? თანაბარი პირობები შეგვიქმნან, მოგვცენ დრო, ყველა დელეგატს შევხვდეთ, დებატებში გამომყვნენ და მაშინ ვაჩვენებთ, ვინ მეტი იცის და ვის მეტი შესაძლებლობა აქვს ქართული ფეხბურთის გასაცოცხლებლად. მაგრამ გვაძლევენ ამის შესაძლებლობას? ვიმეორებ - პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ დანიშნული პრეზიდენტი მეუბნება, გავერთიანდეთო. მოდი, ჯერ გავერთიანდეთ, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ და მერე გამარჯვებულს იმით დავეხმაროთ ფეხბურთის აღორძინებაში, რითაც შეგვიძლია.

- გამოდის გულშემატკივარმაც საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ფეხბურთზე?
- გაერთიანების ნაცვლად, გაჭირვებამ კიდევ უფრო დაგვაჩაჩანაკა. სხვა ქვეყანაში მსგავს რამეს არავინ მოითმენდა საზოგადოება, ქუჩაში გამოვიდოდა. შენ რა, ქართველების ცნობიერების შეცვლა გინდაო? - მეკითხებიან და ყველაზე მეტად ეს მწყინს. რა, არ უნდა შევიცვალოთ? როდემდე უნდა შევეგუოთ ასეთ უსამართლობას? უნდა გამოვფხიზლდეთ. განა ვინმე მავალდებულებს, ქართულ ფეხბურთზე ვილაპარაკო, მაგრამ რომ მიყვარს, რომ მტკივა, იმიტომ ვიბრძვი. რა ვქნა, ჩავიქნიო ხელი? შევეშვა? შუაგულ ევროპაში ვარ, იმის შესაძლებლობა ნამდვილად მაქვს, ხარისხიან ფეხბურთს ვუყურო და კარგი თამაშით ვისიამოვნო. ფეხბურთმა ბევრი რამ მომცა, და ვალდებულად ვგრძნობ თავს მის წინაშე, მინდა დავეხმარო. ამიტომ ვთხოვ პასუხს ვეტერანებსაც - ფეხბურთმა აქცია ისინი დიდ კაცებად და საპასუხოდ რას აკეთებენ? აბა, მოუსმინეთ, უმცირეს დარღვევაზეც კი როგორი კრიტიკა ისმის ბეკენბაუერის, ნეტცერის, ბრაიტნერის მხრიდან. რაც უნდა დიდი ფეხბურთი ეთამაშათ, კაციშვილი არ მოუსმენს, სიმართლეს თუ არ ილაპარაკებენ.

- ლაპარაკში ჩვენთანაც ბევრია მაგარი...
- მაგრამ გულშემატკივარს ვერ მოატყუებ! მას ნაღდი, ნამდვილი თამაში სჭირდება და ასეთ თამაშს ნებისმიერი დისტანციიდან ცნობს. დღეს კი სად არის სიმართლე? ვხუმრობთ ხოლმე, პირდაპირ მიშა სააკაშვილი დავნიშნოთ ფედერაციის პრეზიდენტადო. ალბათ, ვერც მაშინ მოვიგებთ, მაგრამ ქართული ტელევიზიები რისთვისაა? ისე დახატავენ, ყველა მატჩში საქართველო იქნება მოგებული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით