გავიდა და... აღარ დაბრუნებულა! - კვირის პალიტრა

გავიდა და... აღარ დაბრუნებულა!

ჯერ ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი ცირეკიძის "ჩაძინების" ამბავი არ მოგვინელებია, რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი არანაკლებ უსიამოვნო, უფრო სწორად კი უცნაურ ისტორიაში გაეხვია!

ცირეკიძე გასულ კვირას ეროვნული ნაკრების სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში უნდა გამგზავრებულიყო "დიდი მუზარადის" ტურნირზე საჭიდაოდ. ბოლო შეკრების წინ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ერთი დღით გათავისუფლება ითხოვა - მშობლიურ ქუთაისში პირადი საქმეები მაქვსო და... აღარ გამოჩენილა! მოსკოვში წასვლას ვინ ჩივის, ძიუდოისტის ასავალ-დასავალი ვერავინ შეიტყო, მობილური ტელეფონიც გამორთული ჰქონდა და მიუხედავად იმისა, ნაკრებისა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ პირადი კონტაქტებითაც სცადა გაუჩინარებული მოჭიდავის პოვნა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა!

იმ დროისათვის, როცა გაზეთის ეს ნომერი დაიბეჭდება, იქნებ გაირკვეს კიდეც ოლიმპიური ჩემპიონის ასავალ-დასავალი და იმედია, ცირეკიძე ავს არაფერს გადაჰყრია. თუმცა, ისე ეტყობა, სპორტსმენის უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე და თუ მართლაც ასეა, მაშინ სჯობდა ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს შარშანდელი გადაწყვეტილება აღარ შეეცვალა და სპორტში აღარ დაბრუნებულიყო.

P.S. უინტერესო არ უნდა იყოს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის კომენტარიც: "ამ ეტაპზე ცირეკიძეს მიმდინარე თვის ხელფასს დავუქვითავთ, დანარჩენზე კი მაშინ ვიმსჯელებთ, როცა საქმის ვითარება გაირკვევა. მე მეტი არაფერი შემიძლია, სპეცრაზმს ვერ გავუგზავნი და ძალით ვერ მოვიყვან სავარჯიშოდ", - განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.