"ალაფის" პირველი ალაფი - კვირის პალიტრა

"ალაფის" პირველი ალაფი

5 ივნისამდე თბილისი სარაგბო ქალაქი იქნება. 20-წლამდელთა უძლიერესი ნაკრებების გარდა, დედაქალაქს მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნებიც სტუმრობენ და ჯერჯერობით, მასპინძელთა დახვედრითაც, ინფრასტრუქტურითაც და ორგანიზებითაც ფრიად კმაყოფილნი არიან.

"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფი" გასულ კვირას საზეიმოდ გაიხსნა და მონაწილეებმა უკვე ორი  ტურიც მოილიეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პირველ შეხვედრაში კანადის საკმაოდ ძლიერ გუნდს დაუხვდა და ავჭალის სტადიონზე შეკრებილი 2 ათასამდე ქომაგის თვალწინ მასპინძლის საკადრისი  ანგარიშით დაამარცხა - 38:9.

პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებმა "ნეკერჩხლებს" 4 ლელო გაუტანეს და ამისთვის პრემიალური ქულაც მიითვალეს. პრემიალური ქულის აღების გარდა, საქართველოს ნაკრებს სხვა მიზანიც ჰქონდა, თუმცა, თუ პირველ ამოცანას ჩვენმა ბიჭებმა წარმატებით გაართვეს თავი, მომდევნო მატჩებისთვის ძალის დაზოგვა არ გამოვიდა - კანადელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ბლომად ძალ-ღონეც წაგვართვეს.

მეორე ტურში ბორჯღალოსნებმა ზიმბაბვეს მოუგეს (50:19), ჩემპიონობაში მათმა უმთავრესმა მეტოქე სამოამ კი აშშ-ის დამარცხების (48:11) შემდეგ ურუგვაისაც მოუგო (37:6) და თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, 5 ივნისს გასამართ ფინალში სწორედ კუნძულელებს შევერკინებით. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ისევ ავჭალის სტადიონზე ჩაატარებს იაპონელთა წინააღმდეგ. შეხვედრა 1-ელ ივნისს, 18.00 საათზე დაიწყება.