მესამე ქართველი სუმოს ელიტაში - კვირის პალიტრა

მესამე ქართველი სუმოს ელიტაში

"ჩემი მეტოქე წინამორბედების გზას გავუყენე"

ბოლო წლებია იაპონიაში სამი ქართველი სუმოისტი ჭიდაობს. თუმცა, ყველაზე ხშირად კოკაისა და ტოჩინოშინზე გვიხდებოდა წერა. ეს ბუნებრივიც არის - ორივე მათგანი ელიტური დივიზიონის ბინადარია და შედეგებიც გაგამარუზე (თეიმურაზ ჯუღელი) უკეთესი ჰქონდათ. ჰოდა, თემურმა "სამართლიანობის" აღდგენა გადაწყვიტა და სექტემბრის ბაშოზე მანაც მოიპოვა ელიტის საგზური. გაგამარუ სუმოს იერარქიის მესამე დივიზიონში - მაკუშიტაში მეათე ნომრად ასპარეზობდა და სუპერტურნირის წაუგებლად ჩამთავრების შემთხვევაში ელიტურ, ძურიოს დივიზიონში გადასვლის შანსი ეძლეოდა. თემურმა ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი - შვიდიდან შვიდი ორთაბრძოლა მოიგო და მომავალი ბაშოდან უძლიერეს ფალავნებში გაერევა. მაკუშიტას დივიზიონში მოასპარეზე 120(!) სუმოისტიდან შვიდივე ბრძოლის მოგება გაგამარუს გარდა მხოლოდ ბრაზილიელმა კაისეიმ მოახერხა და ბაშოს ბოლო დღეს დივიზიონის ჩემპიონის გამოსავლენად ქართველი სწორედ სამხრეთამერიკელ ფალავანს შეერკინება. თუმცა ამ მატჩის შედეგი რეიტინგზე აღარ აისახება და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, - სუმოს ელიტაში უკვე სამი ქართველია!

თეიმურაზ ჯუღელს ტოკიოში მაშინ შევეხმიანეთ, როცა ორ ლევანთან - ცაგურიასა და გორგაძესთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავდა.

- სექტემბრის ბაშოს კარგად მომზადებული შევხვდი. წინა ტურნირებისგან განსხვავებით, არც ტკივილს შევუწუხებივარ და არც სხვა სახის პრობლემას, რაც დაეტყო კიდეც ჩემს გამოსვლას - ყველა ორთაბრძოლა მოვიგე.

- შვიდიდან შვიდი მეტოქის დამარცხება მართლაც აღსანიშნავი შედეგია...

- თითოეული ორთაბრძოლა უდიდეს დატვირთვასა და მობილიზებას მოითხოვდა, თუმცა სხვა შეხვედრებზე მეტად ბოლო ორთაბრძოლისას ვინერვიულე. ჩემი მეტოქე დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, მე - ელიტისთვის და... საბედნიეროდ, ისიც წინამორბედების გზას გავუყენე (იცინის).

- შენ გარდა, ასეთივე შედეგი ბრაზილიელმა კაისეიმაც აჩვენა. ძლიერი მეტოქეა?

- მის წინააღმდეგ არასდროს მიჭიდავია, თუმცა, ყველა ორთაბრძოლას შემთხვევით ვერ მოიგებდა. რომ შევხვდები, მისი ძალა მერე მეცოდინება. მთავარია, რომ ელიტის საგზური თითქმის განაღდებული მაქვს...

- თითქმის?..

- ოფიციალურად, სუმოს ასოციაციამ ბაშოს დამთავრებიდან რამდენიმე დღეში უნდა დაამტკიცოს ელიტაში აღზევებულთა და დაქვეითებულთა სია. თუმცა, აქამდე არასდროს მომხდარა, ყველა ორთაბრძოლის მომგები სუმოისტი არ დაეწინაურებინოთ. ასე რომ...

- ისე, კარგა ხანია იაპონიაში ხარ და დრო იყო, ელიტაში შეგებიჯებინა...

- მართალი ხართ, ცოტა არ იყოს, დამიგვიანდა ელიტაში გადასვლა. ოთხი წელია იაპონიაში ვცხოვრობ,  ეს მეოცე, საიუბილეო ბაშო იყო ჩემთვის და კარგი საჩუქარიც გავუკეთე თავს. აქაურ გარემოს მიჩვევა სჭირდება. უკვე მივეჩვიე აქაურ ტრადიციებს, კერძებს, არც ტრავმებს შევუწუხებივარ.

- კოკაიმ და ტოჩინოშინმა რატომ ვერ ივარგეს ამ ბაშოზე?

- ტოჩინოშინს მაღალი რეიტინგი აქვს და უძლიერესი ფალავნების, მათ შორის იმპერატორის თასის მფლობელთა წინააღმდეგ უწევდა ჭიდაობა. მძიმე ბრძოლები გადაიტანა კოკაიმაც... თუმცა, ბოლო სამი შერკინება მოიგო და ბაშოზე დადებით ბალანსს (როცა მოგება მეტია წაგებაზე. - რ.შ.) მიაღწია. ორივე მათგანი გამოცდილი ფალავანია და აუცილებლად გამოასწორებენ რეიტინგს. ახლა სამივე ერთად ვართ და ქართულად აღვნიშნავთ ჩემს წარმატებას. პატარა ლევანი (გორგაძე) მეუბნებოდა გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ - შენზე მეტად მე ვნერვიულობდიო.

P.S. კვირას გაგამარუმ საჩემპიონო პლეი-ოფიც მოიგო ბრაზილიელ კაისეისთან!