"უცხოეთში ბევრი რამ ვისწავლე" - კვირის პალიტრა

"უცხოეთში ბევრი რამ ვისწავლე"

ახალ კლუბში ადაპტაცია გამოცდილ ფეხბურთელებსაც ძალიან უჭირთ ხოლმე, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდმა - ლადო დვალიშვილმა კი ახალ გუნდთან შეთამაშება ძალიან მალე შეძლო და მის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. ჰაიფას "მაქაბიში" ლადო ერთი თვის წინ ჩაირიცხა და ებრაული კლუბის მაისურით უკვე ოთხი გოლიგაიტანა, თანაც - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე! ყაზახურ "აქტობესთან" მატჩში, რომელიც "მაქაბიმ" 4:3 მოიგო, ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და რაც მთავარია, გადამწყვეტი - მესამე და მეოთხე გოლი გაიტანა. ლადო დვალიშვილს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მალტაზე წასვლის წინ გავესაუბრეთ:

- "მაქაბიში" ძალიან თბილად შემხვდნენ. ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც თავიდანვე კარგი თვალით შემომხედეს და ასე იოლადაც ამიტომ შევეწყვე ახალ გუნდს. ისრაელის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა, ფეხბურთელებს კი ყველანაირი პირობა აქვთ, საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა რომ შეძლონ.

- "აქტობესთან" მატჩი შენს ბენეფისად იქცა...

- საოცარი თამაში იყო... წარმოიდგინეთ - მე-15 წუთისთვის უკვე 0:3-ს ვაგებდით, თუმცა, მობილიზება შევძელით, მწვრთნელმაც სწორი ცვლილებები გააკეთა და სასურველი ანგარიშით მოვიგეთ. ის დღე არასოდეს დამავიწყდება...

- რა გასაკვირია, ორი გოლი და ამდენივე საგოლე პასი ჩაიწერე აქტივში...

- ბედნიერი ვარ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რომ შევძელი ამის გაკეთება. როცა ანგარიში 4:3 იყო, გოლის გატანა კიდევ შემეძლო, თუმცა, მიღწეულითაც ძალიან კმაყოფილი ვარ...

- ნამატჩევს რა გითხრეს თანაგუნდელებმა?

- მომილოცეს და მითხრეს, ასე გააგრძელეო (იცინის). ყველა გახარებული იყო და პრესამაც დიდი ადგილი დაუთმო ჩემს თამაშს...

- ისე, საოცარი კია - მატჩის დასაწყისშივე ზედიზედ სამი ბურთი როგორ გაუშვით...

- ყაზახებისგან ასეთ თამაშს ნამდვილად არ ველოდი. "აქტობე" ძლიერი გუნდი ყოფილა - სწრაფ და ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობდნენ. დასაწყისშივე სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ საბედნიეროდ, ყურები არ ჩამოგვიყრია, საპასუხო გოლი მალევე გავიტანეთ და 2:3-ზე, ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე ჩვენს მხარეს იყო.

- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ახლა უკვე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ. თუმცა, ეს "მხოლოდ" ავსტრიის ჩემპიონი "ზალცბურგია"...

- "ზალცბურგის" სახით მართლაც სერიოზულ მეტოქეს გადავეყარეთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა კიდეც. დიდი შანსი იყო, კენჭისყრას გაცილებით ძლიერი კლუბი დაეწყვილებინა ჩვენთან. რა თქმა უნდა, ამ წყვილების ფავორიტი ავსტრიული კლუბია, მაგრამ ყველანაირად შევეცდებით, ჩვენი შანსი გამოვიყენოთ...

- პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ჩემპიონატში ისეთივე შედეგიანი ნამდვილად არ ყოფილხარ, როგორიც რიგის "სკონტოსა" და "მაქაბიში". არადა, უფრო პირიქით ხდება ხოლმე - საქართველოში ჩინებულად მოთამაშე ფეხბურთელები უცხოურ კლუბებში გადასვლის შემდეგ სათადარიგო სკამს ვერ შორდებიან. შენს შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?

- საქართველოდან რომ წავედი, 21 წლის ვიყავი და ალბათ, სწორადაც მოვიქეცი. უცხოეთში ბევრი რამ ვისწავლე და მეტი შედეგიანობაც ამას უნდა "დავაბრალოთ". ისიცაა, რომ "სკონტოში" გამოკვეთილ თავდამსხმელად მათამაშებდნენ, საქართველოს ჩემპიონატში კი, სხვადასხვა პოზიციაზე მიხდებოდა გარჯა.

- ნაკრების მწვრთნელის თვალთახედვის არეშიც სწორედ ლატვიაში თამაშის დროს მოხვდი...

- კუპერმა რომ ნაკრებში მიხმო, უზომოდ გაოცებული და გახარებული ვიყავი. უკვე რამდენჯერმე მომეცა თავის გამოჩენის შანსი და უნდა გამოგიტყდეთ - ეროვნული ნაკრების მაისურით გოლის გატანა საოცარი გრძნობაა...