ჩისკო: "საქართველო ჩემს მეორე სახლად იქცა" - კვირის პალიტრა

ჩისკო: "საქართველო ჩემს მეორე სახლად იქცა"

"უოტფორდმა" დაამტკიცა, რომ პრემიერ-ლიგაში თამაშს იმსახურებდა, მისი ადგილი აქ არის!"

წლის მთავარი საფეხბურთო ტურნირი - "ევრო-2020" დასრულდა და ევროთასების პირველი შეხვედრები ქართულმა კლუბებმაც გამართეს, თუმცა ამჯერად არც ევროპის ახალ ჩემპიონზე ვწერთ ("კვირის პალიტრის" ფორმატიდან გამომდინარე, იტალია-ინგლისის ფინალური მატჩის შედეგი ჩვენი გაზეთის ამ ნომერში ვერ მოხვდა. - რ.შ.) და არც ბაქოს "ნეფთჩისთან" თბილისის "დინამოს" მარცხზე - გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დინამოელთა ყოფილ (ორგზის) მწვრთნელსა და მოთამაშესთან - ჩისკოსთან.

ჩისკო მუნიოსი - ქართველი გულშემატკივრის უმეტესობის აზრით, საუკეთესო ლეგიონერი, ვისაც ქართულ კლუბებში როდესმე უთამაშია. ესპანელი შემტევი სხვადასხვა დროს იყო ესპანური პრიმერას "ვალენსიას", "ბეტისის", "ლევანტეს", "ხიმნასტიკისა" და "უელვას" ფეხბურთელი, 2011-2014 წლებში კი თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა და ლურჯ-თეთრი მაისურით გამართულ 98 მატჩში 62 გოლიც გაიტანა! მოგვიანებით, ჩისკო მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა თბილისურ კლუბს და ისევე, როგორც ფეხბურთელობის დროს, ამჯერადაც ყველა ქართული ტიტული მოიგო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ფარერულ "კლაკსვიკთან" სამარცხვინო წაგებისას (1:6) საქართველოს ჩემპიონს სწორედ ესპანელი წვრთნიდა. გასული წლის დეკემბერში პირენელმა სპეციალისტმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა თბილისური კლუბი და ყველასათვის მოულოდნელად ჩემპიონშიფის (ინგლისის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონი. - რ.შ.) "უოტფორდი" ჩაიბარა! არა მარტო ჩაიბარა, წარმატებული თამაშების მთელი სერიაც გამოაცხო და პრემიერლიგის საგზურიც დაიმსახურა. ამგვარად, მუდამ მოღიმარმა ესპანელმა მწვრთნელმა ბრიტანეთშიც დაამტკიცა, რომ გუნდის მართვა და მომართვაც გოლების გატანაზე არანაკლები წარმატებით გამოსდის.

ჩისკო მუნიოსთან ექსკლუზიური ინტერვიუ "ევრო-2020"-ის დაწყებამდეა ჩაწერილი. სწორედ ამიტომ ესპანელ მწვრთნელთან საუბრისას არც კონტინენტის პირველობაზე გვილაპარაკია და არც ევროთასებზე ქართული კლუბების პირველ შეხვედრებზე. თუმცა, რაზეც ვილაპარაკეთ, ნამდვილად სიამოვნებით წაიკითხავთ:

- გილოცავთ მართლაც შესანიშნავ მიღწევას - პრემიერლიგაში აღზევებას. ახალ კლუბში პირველივე დღეებიდან მიაღწიეთ წარმატებას. რაშია თქვენი საიდუმლო?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. საიდუმლო? - არავითარი! ყველაფერი მხოლოდ გუნდური მუშაობის შედეგია. ყველა ჩვენგანს პოზიტიური განწყობა ჰქონდა, ვიცოდით, რა შეუძლია ჩვენს კლუბს და წარმატების მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდით. დეკემბერში, როდესაც "უოტფორდში" მოვედი, სრულ პოტენციალს ჯერ კიდევ ვერ ვაჩვენებდით, თუმცა მალევე მივაღწიეთ საუკეთესო კონდიციებს და ფორმას მას შემდეგ ვინარჩუნებთ. უზომოდ ბედნიერი ვარ, ეს საუცხოო შეგრძნებაა და მინდა ჩვენი კლუბის ფანებს კიდევ ერთხელ მივულოცო პრემიერ+ლიგაში დაბრუნება. "უოტფორდმა" დაამტკიცა, რომ ამას იმსახურებდა, მისი ადგილი აქ არის!

- დიახ, თქვენმა კლუბმა დაიმსახურა პრემიერლიგის საგზური. თუმცა საინტერესოა, რა გეგმები გაქვთ ახალ სეზონში, რომელიც 13 აგვისტოს იწყება? არის შანსი, ჩისკოს ფორმაციის "უოტფორდში" რომელიმე ქართველი ფეხბურთელიც ვნახოთ? - პრემიერლიგაში თამაშის უფლება აპრილში მოვიპოვეთ, რამაც საკმაოდ ბევრი დრო მოგვცა იმ გამოწვევებისთვის მოსამზადებლად, რასაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში შევხვდებით. თავდაუზოგავად გავაგრძელებთ მუშაობას, შევინარჩუნებთ იმ პოზიტიურ განწყობასა და აზროვნებას, რამაც აქამდე მოგვიყვანა. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. პრემიერლიგას ახსოვს რამდენიმე ძალიან კარგი ქართველი მოთამაშე, განსაკუთრებით კი საუცხოო ფლეიმეიქერი გიორგი ქინქლაძე. მინახავს მისი თამაშები "მანჩესტერ სიტის" მაისურით - ძალიან მაგარი იყო!

- რადგან ქინქლაძე და ნიჭი ახსენეთ... დღეს ქართველებს გვყავს კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ამ თაობაში - ხვიჩა კვარაცხელია. მისი გადაბირების მსურველებს შორის არის პრემიერ-ლიგის ბინადარი "ლიდსიც". ამაზე რას ფიქრობთ, შეძლებს ხვიჩა ინგლისში გაბრწყინებას? - ხვიჩასთვის ეს პრობლემა არ იქნებოდა. ძალიან ნიჭიერია, ნებისმიერ კლუბში შეუძლია თამაში და დარწმუნებული ვარ, ითამაშებს კიდეც ძლიერ გუნდში. გყავთ სხვა ძალიან კარგი მოთამაშეებიც. განსაკუთრებით მომწონს ლევან შენგელია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი აბურჯანია - მათთან მიმუშავია და კარგად ვიცი, რომ ლაპარაკია უმაღლესი დონის ფეხბურთელებზე, რომლებიც მზად არიან დიდ ლიგებში სათამაშოდ. განსაკუთრებით, შენგელია, რომელიც ტოპ-კლასის მოთამაშეა და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. და თუ დავუბრუნდებით თქვენს წინა კითხვას, რომელიც "უოტფორდში" ქართველების შესაძლო ტრანსფერს უკავშირდებოდა, ეს კლუბის საფეხბურთო დირექტორის პრეროგატივაა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ლევანის დონე პრემიერლიგაში სათამაშოდაც საკმარისად მაღალია.

- რაც შეეხება საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებს: როგორ შეაფასებთ ვილი სანიოლის საწყის მატჩებს საქართველოს ნაკრების სათავეში, რა პოტენციალი აქვთ ამ მწვრთნელსა და გუნდს? - ძალიან განვიცადე, როცა ვნახე, როგორ დაკარგეთ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი. არადა, როგორ ახლოს ვიყავით ამასთან... თუმცა ასეთი მარცხი იმასაც კარგად გიჩვენებთ, რომელი კომპონენტებია გასაძლიერებელი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რათა ქართული ფეხბურთი გააუმჯობესოს, ეროვნულ გუნდს დაეხმაროს პოტენციალის სრულად გამოვლენაში. მთავარია, ეს პოტენციალი ნამდვილად არსებობს და ისინი სწორი მიმართულებით მიდიან. რაც შეეხება ვილი სანიოლს, ჩემი აზრით, ძალიან კარგი მწვრთნელია და საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა. სანიოლმა წარმატებით იმუშავა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებში, მას ენდობოდნენ მიუნხენის "ბაიერნში", "ბორდოში". ამჟამინდელ საქმიანობაშიც იმავეს ვუსურვებ, რადგან მინდა საქართველოს ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს. იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც თბილისში მოთამაშის რანგში გავატარე, საქართველო ჩემს მეორე სახლად იქცა და ჩემთვის ძალიან ძვირფასია! ქართველები განსაკუთრებული ხალხია, მათ გული გამიხსნეს და მაგრძნობინეს ისეთი სიყვარული და პატივისცემა, რაც არასდროს დამავიწყდება... განსაკუთრებული გრძნობა მაკავშირებს იმ ადამიანებთან, რომლებიც "დინამოს" სამწვრთნელო შტაბში იყვნენ, მათგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას. "უოტფორდთან" ერთად პრემიერლიგაში დაწინაურება საქართველოდან ძალიან ბევრმა მომილოცა და ამით ძალიან გამახარეს!

- თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც სკეპტიკურად უყურებდა თქვენს შესაძლებლობებს ფარერულ "კლაკსვიკთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ. რას ეტყვით მათ ახლა? - ფეხბურთი ასეთია: ხან სჯერათ შენი, ხან არა. ზოგჯერ მხარს გიჭერენ, ხანდახან გაკრიტიკებენ. რაც შეეხება "კლაკსვიკთან" დიდი ანგარიშით წაგებას, ფეხბურთში ასეთი მწარე მარცხიც ხდება - სულ ეს არის, რისი თქმაც ახლა შემიძლია. ყოველ შემთხვევაში, ის შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი რეალური შესაძლებლობების დემონსტრირება. თბილისის "დინამოში" თავი არასდროს დამიზოგავს - ჯერ მოთამაშის რანგში მოვიგე საქართველოში ყველა შესაძლო ტიტული, მოგვიანებით კი, როგორც მწვრთნელმა - ეროვნულ დონეზე არსებული ყველა ტურნირი. რაც შეეხება ევროთასებზე წარმატებით თამაშს, ეს იყო და რჩება მთავარ გამოწვევად. ამის გამო "დინამოს" ქომაგებზე არანაკლებ ვწუხვარ, მაგრამ მერწმუნეთ - ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის ჩვენი მცდელობების ან მონდომების ნაკლებობის ბრალი!

- როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ "დინამოს" მფლობელ რომან ფიფიასთან? - ძალიან კარგი. მან მიმიწვია როგორც მოთამაშე, როგორც მწვრთნელი... ის ყველაფერს აკეთებს კლუბის წარმატებისთვის, ახალგაზრდა მოთამაშეების გასაზრდელად... ვიცი, როგორ ძალიან უყვარს რომან ფიფიას "დინამო", რამდენს აკეთებს მისთვის, რამდენ ფულს ხარჯავს, მაგრამ ევროთასებზე წარმატების მიღწევა ადვილი არ არის. მით უმეტეს, როცა შენს მოწინააღმდეგეებს შენზე ოთხ-ხუთჯერ მეტი ბიუჯეტი აქვთ.

- თბილისის "დინამო" დიდი ისტორიის და ტრადიციების კლუბია. სწორედ წელს შესრულდა 40 წელი 13 მაისის ტრიუმფიდან, დიუსელდორფის დიდი ფინალიდან... როგორ ფიქრობთ, კიდევ როდის ექნება ქართულ ფეხბურთს ასეთი დონის წარმატება? - დიახ, თბილისის "დინამოს" დიდი ისტორია აქვს და მისი მომავალი ამაზეც უნდა აშენდეს. აუცილებელია, გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ კლუბის მემკვიდრეობას და თვითმყოფადობას. მთელ საქართველოს ვულოცავ 1981 წლის 13 მაისის იუბილეს და გისურვებთ, მომავალში უფრო დიდ გამარჯვებებს მიაღწიოთ როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

- რა გახსენდებათ, როცა საქართველოს ახსენებენ? - ხუმრობით, შეიძლებოდა მეთქვა ხინკალი ან ხაჭაპური, რომლებიც მართლაც საოცრად გემრიელია, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ხალხი. ადამიანები, რომლებიც პირველივე დღიდან საოცრად თბილად დამხვდნენ უცხო ქვეყანაში ჩასულს. მოვხვდი ჩემთვის უცნობ ქვეყანაში, ძალიან ცუდად ვლაპარაკობდი ინგლისურ ენაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან მალე ვიგრძენი თავი "საკუთარ სახლში". ყველა გვერდში მედგა, ყველანაირად მეხმარებოდნენ ადაპტაციაში და საქართველო მოკლე ხანში შემაყვარეს. კიდევ ერთხელ ვამბობ - საქართველო ჩემი მეორე სახლია!