"სიჩუმეზე გიცან" - კვირის პალიტრა

"სიჩუმეზე გიცან"

ხორვატია 2:1 საქართველო

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. და თუ ისრაელში წაგება გადაღლილობას დაჰბრალდა, სპლიტის "პოლიუდზე" იმიტომ დავმარცხდით, რომ ხორვატიის ნაკრები ჩვენზე ძლიერი გუნდია, შემსრულებლებიც უფრო მაღალი დონისა ჰყავს და გაცილებით მრავალფეროვნადაც უტევდა. უფრო სწორად, მხოლოდ ის უტევდა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. და თუ ისრაელში წაგება გადაღლილობას დაჰბრალდა, სპლიტის "პოლიუდზე" იმიტომ დავმარცხდით, რომ ხორვატიის ნაკრები ჩვენზე ძლიერი გუნდია, შემსრულებლებიც უფრო მაღალი დონისა ჰყავს და გაცილებით მრავალფეროვნადაც უტევდა. უფრო სწორად, მხოლოდ ის უტევდა.

რამდენჯერ შეიძლება გადაგარჩინოს კარის ძელმა? - სამჯერ. მეკარემ? - კიდევ უფრო მეტჯერ. მაგრამ, როდესაც მხოლოდ კარის დაცვაზე ფიქრობ, ეს რესურსიც ამოიწურება და როცა იქნება, გაგიტანენ. სწორედ ასე დაემართა საქართველოს ნაკრებსაც. ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე მოთამაშემ არ მოინდომა ან თავი დაზოგა, მაგრამ, როცა ბურთი მუდმივად მეტოქეს აქვს, თავად კი ცენტრს იქით გადასვლაც გიჭირს, წასაგებად განწირული ხარ.

მატჩამდეც ვიცოდით, რომ თემურ ქეცბაია აქცენტს კარის უსაფრთხოებაზე გააკეთებდა, მაგრამ ასეთ "ყრუ" დაცვას მაინც არ ველოდით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთა შორის შეტევის წამომწყები ფეხბურთელი სანთლით არის საძებნელი. და როცა არათუ ხეირიანი გამთამაშებელი, მოედნის ცენტრში ბურთის დამჭერიც კი არა გყავს, იოლი გამოსაცნობია, რომ "ფრონტის ხაზი" მუდმივად შენი საჯარიმოს მისადგომებთან იქნება გახსნილი. ბევრი, ალბათ, იტყვის, ნომერს რა ჭკუა აქვსო, მაგრამ საქართველოს ნაკრების ტაქტიკიდან გამომდინარე, სწორედაც რომ ნიშანდობლივია, ათნომრიანი მაისური ზურაბ ხიზანიშვილს რომ ეცვა.

ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე გახდა ცნობილი, რომ საწყისი 14 წუთის განმავლობაში სტადიონზე შეკრებილი 30 ათასამდე ქომაგი უხმაუროდ მიადევნებდა თვალს გუნდის თამაშს. ხორვატიის ეროვნულმა გუნდმა სპლიტში ბოლოს 14 წლის წინ წარუმატებლად ითამაშა. ამიტომაც აღნიშნეს ეს უსიამოვნო ტრადიცია გულშემატკივრებმა ამგვარი ჟესტით და მხოლოდ მე-14 წუთზე ახმაურდნენ. ადგილობრივთა სამწუხაროდ, ყურისწამღებმა ღრიანცელმა მხოლოდ სამიოდ წუთს გასტანა: მე-17 წუთზე მასპინძლებს კანკავას თავურმა დარტყმამ ჩააკმენდინა ხმა - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბილიარდის მოთამაშის სიზუსტით "ჩასვა" ბურთი რუნიეს კარის "ცხრიანში" და ადრიატიკის ზღვის ულამაზესი სანაპირო სენსაციის სურნელითაც გაიჟღინთა, თუმცა...

სხვათა შორის, ეროვნული ნაკრებების მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე დუგოპოლიეს სტადიონზე ხორვატმა და ქართველმა 21-წლამდელებმაც მოსინჯეს ძალა და ყველასთვის მოულოდნელად გამარჯვება ოთარ გაბელიას შეგირდებს დარჩათ - 1:0. ერთადერთი ბურთი თორნიკე თარხნიშვილმა გაიტანა მე-5 წუთზე. სამწუხაროდ, ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა ახალგაზრდული ნაკრების გმირობის გამეორება ვერ შეძლეს და "პოლიუდი" მხოლოდ რამდენიმე წუთით დაადუმეს.

ქეცბაიას სამწყსოს ცდა არ დაუკლია, როგორც შეეძლო, იცავდა თავს და პირველ ტაიმში საკმაოდ კარგადაც ახერხებდა საკუთარი საჯარიმოდან ბურთის "ამოტანას". თუმცა, გაძლებაზე ყოფნას ვისთვის დაუყრია ხეირი? სამჯერ ძელმა გადაგვარჩინა, სხვა ეპიზოდებში ჩინებულად მოთამაშე გიორგი ლორიამ გვიხსნა (ერთ ეპიზოდში, ძელს სწორედ მის მიერ მოგერიებული ბურთი მოხვდა - ავტ>.), მაგრამ როცა 76-ე წუთზე მანჯუკიჩმა  "როგორც იქნა" გაგვიტანა პირველი გოლი, ცხადი გახდა, რომ ხორვატები მეორე ბურთსაც მალე გაიტანდნენ.

მწვრთნელის საქმეში არ ვერევი, მაგრამ ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, მეორე ნახევარში თემურ ქეცბაიას ნახევარდაცვისთვის უფრო ადრე მიეშველებინა "ახალი სისხლი", თუნდაც ჯანო ანანიძის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის შემდეგ ჯანო ნამდვილად არ არის საუკეთესო ფორმაში, შეტევების წამოწყებისა და ბურთის "დაჭერისთვის" ერთი ტაიმის განმავლობაში მაინც ეყოფოდა ძალა. ბურთის კონტროლი კი სწორედ ის იყო, რაც ასე ძალიან აკლდა საქართველოს ნაკრებს "პოლიუდზე".

ხორვატიაში წაგებისგან ტრაგედიის შექმნას არავინ აპირებს. მსოფლიო რეიტინგში მეათე პოზიციაზე მყოფ და თბილისში წაგებისთვის სარევანშოდ შემართულ გუნდთან რომ წავაგეთ არ გაგვკვირვებია. თუმცა, ქართველი ქომაგი ყოველთვის მაქსიმალისტია და იმაზე არავინ ფიქრობს, მთელი თამაშის განმავლობაში მხოლოდ თავდაცვაზე რომ ვფიქრობდით, კარშიც ერთადერთხელ დავარტყით და იღბალმაც რამდენიმეჯერ  გაგვიღიმა.

გულშემატკივარს გულდასაწყვეტად ისიც ჰყოფნის, რომ ვიგებდით და წავაგეთ. კინოფილმის, "სიყვარული ყველას უნდა", პერსონაჟისა არ იყოს, ჩვენც "ვიცანით სიჩუმეზე" ხორვატი ქომაგები და ცოტა ხნით თავადაც დავადუმეთ, თუმცა... თუმცა, დაკარგული ჯერ არაფერია - თუ სამივე დარჩენილ თამაშს მოვიგებთ და სხვა მატჩებიც ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, ჯგუფიდან გასვლა სავსებით რეალურია.

P. S. დამაფიქრებელია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთაგან ყველაზე იშვიათად ისევ თავდამსხმელებს გააქვთ. თანაც, დარჩენილი მატჩებიდან სამივე აუცილებლად მოსაგებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დაცვაზე კი არა, შეტევაზეც უნდა ვიფიქროთ და ქეცბაიას სამწყსოს იმის დამტკიცებაც მოუწევს, რომ მხოლოდ "არწაგება" კი არა, მოგებაც ისწავლა.