სანიკიძემ დაამთავრა - კვირის პალიტრა

სანიკიძემ დაამთავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისთვის - ვიქტორ სანიკიძისთვის სეზონი უკვე დამთავრდა.

ბოლონიის "ვირტუსმა", რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი იცავს, სიენის "მონტეპასკისთან" ფლეი-ოფის სერიის მესამე მატჩიც წააგო და იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ბოლო მატჩში ვიქტორი შედეგიანად გაისარჯა და 13 ქულას 8 მოხსნა და 2 პასიც მიამატა.

მიუხედავად იმისა, რომ "ვირტუსს" მისი გუნდში დატოვების დიდი სურვილი აქვს, შესაძლოა, ქართველი ფორვარდი ახალი სეზონიდან სხვა კლუბის მაისურით ვიხილოთ.

სანიკიძის კლუბისგან განსხვავებით, იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს მანუჩარ მარკოიშვილის "ბენეტ კანტუ". კანტუელებმა ნახევარფინალის საწყისი ორი მატჩი მოუგეს მილანის "არმანი ჯინსს", თუმცა,  მილანში უკვე მასპინძლებმა იძალეს და თუ კვირა საღამოსაც "არმანიმ" გაიმარჯვა, ფინალისტის გამოსავლენად დამატებითი მეხუთე მატჩი იქნება საჭირო, რომელიც 7 ივნისს კანტუში გაიმართება.