Backაურის დაბრუნება - გზა ლაშა(უ)რის გორიდან ოლიმპიურ მწვერვალამდე - კვირის პალიტრა

Backაურის დაბრუნება - გზა ლაშა(უ)რის გორიდან ოლიმპიურ მწვერვალამდე

ბექაური მართლაც დაბრუნდა. სპორტსმენის მთავარი წინაღობის - ტრავმის სამყაროდან. ტოკიოში გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე მიღებული დაზიანების გამო (რომელსაც, საშუალოდ, ექვსთვიანი რეაბილიტაცია სჭირდება!) 21 წლის სპორტსმენის იაპონიაში გამგზავრებაც კი სათუო გახლდათ, აქტიურად ლაპარაკობდნენ მისი შემცვლელის მოძებნაზეც, თუმცა... ლაშა დაბრუნდა. ტოკიოში (ჩა)ვიდა. ტოკიო ნახა. ტოკიოში გაიმარჯვა! ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა დიდებულად და სარეკორდოდ იჭიდავეს. აქამდე ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი მაქსიმუმი ორი მედალი გახლდათ, ამ ჯერზე კი იაპონიის დედაქალაქში გაშლილი ტატამებიდან ოთხი მედალი (ოქრო და სამი ვერცხლი) წამოვიღეთ!

ოღონდ მარგველაშვილის, თუშიშვილისა და შავდათუაშვილის ვერცხლის მედლებზე, ლიპოს მწარე მარცხსა და კიდევ უფრო მწარე გადაწყვეტილებაზე (რომელიც, იმედია, მხოლოდ ცხელ გულზე მიღებულია და სინამდვილეშიც არ იქცევა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კარიერის დასასრულად), "მთავარი ლაშას" (ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი) და მთელი სამწვრთნელო შტაბის, ფედერაციის უაღრესად ნაყოფიერ მუშაობაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ.

ამჯერად, ბექაურზე ვთქვათ, არხილოსკალოელ ფალავანზე, რომელმაც არხილოს შემდეგ ტოკიოს კალოზე "გალეწა" პოლონელი, ებრაელი, უზბეკი, რუსი და გერმანელი მეტოქეები და 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ ზვიადაურის დაწყებული ოქროს გზა ღირსეულად გააგრძელა. სხვათა შორის, ლაშა ბექაური სწორედ ზვიადაურის ნათლული გახლავთ და რაც დაანათლა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ყველამ ვნახეთ.

ისიც სათქმელია, რომ სწორედ ბექაურია XXI საუკუნეში დაბადებული (2000 წლის 26 ივლისს) პირველი ოლიმპიური ჩემპიონი! პირველია და მისთვის პირველივე ოლიმპიადაზე შეუდგა დიდ სარეკორდო გზას. არ მალავს, რომ მთავარ მიზნად ყველა დროის რეკორდის გაუმჯობესება - ოთხი ოლიმპიური ოქროს მოგება დაუსახავს - ქართული ძიუდოს ახალ სიმაღლეზე ასაყვანად.

უკვე ვთქვით, რომ მხრის ტრავმის გამო ლაშა ბექაურის ტოკიოში ასპარეზობა სათუო გახლდათ, მაგრამ ლაშა არ დანებდა და დაბრუნდა. დაბრუნდა, რაც ნაკრების სამედიცინო შტაბისა და წამყვანი ქართული კლინიკების, ძიუდოს ფედერაციის, პირადად ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის დიდი შრომის დამსახურებაა. ამ ფონზე არავის გაჰკვირვებია ისედაც მუდამ ემოციური "ზურა ექიმის" განსაკუთრებული ცრემლი: სიხარულის, სიამაყის, გაწეული შრომის დაფასების ნიშანი...

და სადაც ცრემლს და ემოციას ვახსენებთ, თავად ბექაურისაც უნდა ვთქვათ:

გადამწყვეტი შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ფალავანი თავადაც ძლივს იჯერებდა, რომ ამ ასაკში (21 წლისა ოლიმპიურ ოქროს მოპოვებამდე ორი დღით ადრე შესრულდა. - რ.შ.) მიაღწია მწვერვალს, უამრავ სახელოვან ფალავანს კარიერის ბოლომდე საოცნებოდ რომ რჩება.

პატარა ბიჭი, რომელიც ყოველდღე 13 კილომეტრს გადიოდა ძიუდოს "დარბაზამდე" მისასვლელად, უკვე, 21 წლის ასაკში მივიდა ყველა სპორტსმენისთვის სანუკვარ ტიტულამდე.

"ომში მივდივართ და უნდა მოვიგოთ ეს ომი!" - ლაშა ბექაურმა ეს სიტყვები ტოკიოში გამგზავრებამდე თქვა. არადა, თავად მაინც უკვირდა დედის ცრემლები - "ომში მაცილებ, დე?!" დედამ მართლაც ემოციური წერილით გააცილა იუბილარი შვილი ოლიმპიურ თამაშებზე და ისევე როგორც სხვა დროს, შვილის ჭიდაობის საყურებლად ვერც ამჯერად გამონახა ძალა. ამჯერადაც ტაძარს მიაშურა და უფალს შვილის ჯანმრთელობა და წარმატება შესთხოვა...

დედა, და მთლიანად ოჯახი, ლაშა ბექაურისთვის მთავარი ამბავია. "ომშიც" მათთვის და თავისი სამშობლოსთვის წავიდა და... მოიგო კიდეც თავისი წილი. უფრო სწორად, თავისიც და იმ თანაგუნდელების წილი ომიც, იაპონიაში ბექაურზე ნაკლებად რომ გაუმართლათ.

"ტოკიო-2020"-ზე სწორედ ლაშამ დაასრულა მასპინძელთა ოთხდღიანი ჰეგემონია (90 კგ კატეგორიის ფინალამდე ყველა გადამწყვეტი მატჩი იაპონელმა ფალავნებმა მოიგეს, მათ შორის მარგველაშვილისა და შავდათუაშვილის წინააღმდეგ). მერე კი... მერე

იაპონიაში ქიზიყური მზე ამობრწყინდა! "უბატონო კახელმა" ყველა მეტოქეზე "იბატონა" და მინიმუმ რამდენიმე დღით ლამის ყველა პრობლემა დაავიწყა მშობლიურ არხილოსკალოს, კარს მომდგარი არჩევნების მოლოდინში აწრიალებულ თბილისს, მთელ საქართველოს...

ტრავმა რამდენჯერმე ვახსენეთ და, გასაკვირი არც იქნებოდა, ახალგაზრდა ფალავანს ორივე ხელით სრულფასოვნად რომ ვერ ეჭიდავა, მაგრამ დაჩქარებული სარეაბილიტაციო ეტაპის დამსახურებით ბექაურს განსაკუთრებული პრობლემები არ შეჰქმნია. მეტიც, ფინალურ ოთხეულამდე სამი იპონით მივიდა. პირველ წრეში ლაშამ პეტრ კუჩერას აჯობა - პოლონელთან ჯერ ვაზარი მიითვალა, ცოტა ხანში კი შებოჭა კიდეც. ჩამორჩენის მიუხედავად, ვადაზე ადრე დაამარცხა ისრაელელი ლი კოხმანიც - ებრაელმა ლაშას ნაჩქარევი მოძრაობა სათავისოდ გამოიყენა და ვაზარით დაწინაურდა, თუმცა ჩვენებურმა ანგარიში მალევე გაათანაბრა, მალევე კი მეორე ქულაც დაიმსახურა და საჩემპიონო გზა განაგრძო. ბექაურმა "კუდიგორის გზას" გაუყენა მეოთხედფინალში მისი მეტოქე უზბეკი დავლატ ბობონოვი, რომელიც ქართველს სახიფათოდ კი უტევდა, თუმცა ლაშას შეტევის დროს თავი აკრძალული ილეთით დაიცვა და... ბექაური ნახევარფინალში გავიდა!

სწორედ ნახევარფინალიდან დაიწყო სერიოზული ნერვიულობაცა და გამოცდაც: ევროპის ორგზის ჩემპიონი რუსი იგოლნიკოვი 21 წლის ქართველის წინააღმდეგ. მიხაილ იგოლნიკოვი ქართველთათვის ტრადიციულად უხერხული მოწინააღმდეგეა და ამჯერადაც ბოლომდე გვანერვიულა, თუმცა ლაშამ მალევე მოახერხა დაწინაურება და ჭკვიანური, პრაგმატული ჭიდაობით ბოლო წამამდე მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება: "ნემსის წვერზე" იგოლნიკოვთანაც გავიარეთ და ფინალში ვართ!

ოქროს მატჩში ქართველის წინააღმდეგ დადგა 24 წლის გერმანელი ედუარდ ტრიპელი, რომელსაც აქამდე არც ერთ დიდ ტურნირზე არ გამოუჩენია თავი, ტოკიოში კი "სულ ერთმანეთზე დააწყო" ისეთი გამოცდილი და ტიტულოვანი ფალავნები, როგორიც არიან სერბი მაიდოვი და კორეელი გვაკი, ნახევარფინალში უნგრელი ტოტი გადაჭრა და მხოლოდ ფინალში იგემა ქართული კისრულის სიმწარე! ბექაურს იმ მომენტშივე შეეძლო ბრძოლის დასრულება, თუმცა გერმანელი ბოლო წამს დაუძვრა შებოჭვიდან და ბოლო წამამდე იბრძოლა, რისთვისაც (და მთლიანობაში ტოკიოში ნაჩვენები ჩინებული ჭიდაობისთვის) მხოლოდ ქებას იმსახურებს...

ოღონდ ტრიპელი გერმანელებმა აქონ, ჩვენ კი ბექ-აურისა ვთქვათ. იმ დადებითი აურისა, რამდენიმე დღეა, მთელი საქართველო რომ მოიცვა, სიამაყითა და სიხარულით გააერთიანა!

მრავალთაგან იმ ერთი ლაშას, შავდათუაშვილთან, გუჯეჯიანთან, ტალახაძესთან ერთად, ოლიმპიური მწვერვალებიდან ლაშა(რი)ს გორზე შადგომასაც რომ გვახსენებენ!

ყველა ლაშა ჩემპიონი არ არის, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთა სახელებიც მხოლოდ ჩემპიონობასთან ასოცირდება. უნიკალური მიღწევის მფლობელი შავდათუაშვილი შემთხვევით არ გვიხსენებია. არც ჩემპიონების მწვრთნელი გუჯეჯიანი. უკვე ბექაურიც ამ მარაქაშია.

5 აგვისტოს კი ლაშა ტალახაძის მორიგი ოქროს (რეკორდისაც!) დროა!

მეტი ლაშა, მეტი ოქრო, მეტი სიხარული საქართველოს!