"შესანიშნავი შვიდეული" ანანიძისთვის - კვირის პალიტრა

"შესანიშნავი შვიდეული" ანანიძისთვის

როგორც ჩანს, ჯანო ანანიძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ბოლო სულ მალე მოეღება. 16 წლის ქართველი მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელია და თავისი თამაშით

რუსები ისე მოაჯადოვა, დღე არ გავა, რუსული პასპორტის აღებაზე არ ჩამოუგდონ სიტყვა. უკვე ერთი წელია, ჩრდილოელები ანანიძის დაყოლიებას ცდილობენ, არაერთ მილიონსაც შეჰპირდნენ, თუმცა... "არჩევანი კარგა ხნის წინ გავაკეთე - მხოლოდ საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ!" - ამბობს უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელიც 17 წლისა 10 ოქტომბერს ხდება.

"სპარტაკის" დუბლშემადგენლობაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში ჯანომ 7 გოლი გაიტანა. ცოტა ხნის წინ კი, "კრასნოდართან" სათასო მატჩში ძირითად გუნდშიც ათამაშეს და დებიუტი გოლითაც აღნიშნა. ამგვარად, ჯანო ანანიძე პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც "სახალხო გუნდის" მაისურით 16 წლის ასაკში ითამაშა.

ორმაგი მოქალაქეობა რომ ჰქონდეს, ანანიძე ლეგიონერად აღარ ჩაითვლებოდა და "სპარტაკშიც" უპრობლემოდ ითამაშებდა. თუმცა, რუსეთის კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. თუ უცხოელი რუსეთის მოქალაქე ხდება, მან თავისი ქვეყნის პასპორტი უნდა დატოვოს და ბუნებრივია, ჯანო ვეღარც საქართველოს ნაკრებში თამაშს შეძლებს. ამიტომაცაა, ცდუნებას გმირულად რომ უძლებს და მხოლოდ საქართველოს ნაკრებში სურს თამაში. "ერთხელ, რუსებს პირდაპირ ვუთხარი, რომ მათ ჰიმნზე ვერ დავდგები" - ამბობს ფეხბურთელი.

მას შემდეგ, რაც ექტორ რაულ კუპერმა "ჟანო" (როგორც მას რუსები ეძახიან) 12 აგვისტოს, მალტასთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა, რუსები უფრო გააქტიურდნენ და უნიჭიერეს ქართველს მიანიშნეს, - საქართველოს ნაკრებში წასვლით, რუსული პასპორტის მიღების პროცედურას შეაფერხებო. თუმცა, ფეხბურთელის გადაწყვეტილება ურყევია და სავარაუდოდ, თავის გამოჩენის შანსი მალტაშივე მიეცემა - საკმარისია, ჯანომ წუთით მაინც მოირგოს საქართველოს ნაკრების მაისური, რომ რუსებს ფარ-ხმლის დაყრა მოუწევთ...

თუმცა, იქამდე, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ქებით ლამის ცაში აიყვანონ ახალგაზრდა ქართველი. მეტიც, ჯანოს გაზეთ "ტრუდის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კვირის "შესანიშანვ შვიდეულშიც" მიუჩინეს ადგილი. ჯანო ჩამონათვალში რუსეთის პატრიარქ კირილთან, კვირის ყველაზე წესიერ მოსამართლესთან, რუსეთში საგასტროლოდ მყოფ პოპვარსკვლავ მადონასთან, საემიგრაციო სამსახურის უფროსთან, კვირის ყველაზე საქმიან ჩინოსანთან და კვირის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენთან, 17 წლის მოცურავესთან ერთად მოხვდა და თანაც - მეოთხე პოზიციაზე!

ექტორ რაულ კუპერი პირადად ესაუბრა "სპარტაკის" თავკაც ვალერი კარპინს, რომელსაც ჯერ კიდევ ესპანეთში მუშაობიდან იცნობს და მისგან გარანტია მიიღო, რომ "სპარტაკი" ქართველ მოთამაშეს ნაკრებში გამგზავრებაში არ (და ვერ) შეაფერხებს. ახლა ჯერი მხოლოდ ჯანოზეა. საქართველოს ნაკრებში გამოჩენის შემდეგაც გააგრძელებენ თუ არა რუსები ანანიძისთვის (რომელსაც ხშირად მესისაც კი ადარებენ) დითირამბების მიძღვნას, ცოტა ხანში გამოჩნდება.