"თავისი "სახელმწიფო" აქვს, სადაც მეფეც არის და ოქროთი (მედლებით) სავსე სკივრის პატრონიც, ზღაპრულ დროში გვაცხოვრებს ყველას" - კვირის პალიტრა

"თავისი "სახელმწიფო" აქვს, სადაც მეფეც არის და ოქროთი (მედლებით) სავსე სკივრის პატრონიც, ზღაპრულ დროში გვაცხოვრებს ყველას"

ოქროს მედალი, სამი ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი - ლაშა ტალახაძემ ტოკიოდან ყველაფერი წამოიღო!

ერთი პოპულარული ქართული ფილმის გმირი ამბობს, რომ "სიყვარულმა არ იცის დრო და ამინდი!" არც ლაშა ტალახაძემ!

იმარჯვებს ყველგან - ამინდის, ქვეყნის, ტურნირის რანგისა თუ მეტოქეების მიუხედავად. თუმცა სადღა ჰყავს მეტოქეები?! თავისთვის არიან, სხვა განზომილებაში. ცალკე ჩემპიონატს მართავენ მეორე-მესამე ადგილისთვის.

ჩვენი ლაშა კი ცალკეა. თავისი "სახელმწიფო" აქვს, სადაც მეფეც არის და ოქროთი (მედლებით) სავსე სკივრის პატრონიც. მეტოქეები აღარ ჰყავს და საკუთარ სამეფოში მხოლოდ თავისი მკლავ-მუხლის სიმტკიცეს ეტოლება. ზღაპარშია და ზღაპრულ დროში გვაცხოვრებს ყველას, ვისაც მისი დიდი გამარჯვებები სიხარულითა და სიამაყით გვავსებს.

"რეკორდმაისტერი" მიუნხენის "ბაიერნის" მეტსახელია. მაშ, ლაშა ტალახაძეს რაღა უნდა ერქვას?! რა დავუძახოთ კაცს, რომელსაც თავისივე რეკორდები მხოლოდ ტურნირიდან ტურნირამდე ჰყოფნის?!

რეკორდები, რომლებიც ტოკიოს ფიცარნაგზეც ვნახეთ: ატაცში - 223 კგ, აკვრაში - 265, ორჭიდის ჯამში - 488! ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში, ვინც ორჯერ (თანაც - ზედიზედ!) შეძლო ოლიმპიური ოქროს მოგება.

რა გასაკვირია, დიდი კაცი დიდ სიმაღლეებს ეტანებოდეს?! ოლიმპ(ო)ზე ასვლა რიო-დე-ჟანეიროს "კორკოვადოს" ("კუზიანი") მთიდან დაიწყო, იაპონიის უმაღლეს წერტილ "ფუძიამაზე" გააგრძელა და რადგან პარიზში მთა-გორის პოვნა გაუჭირდება (2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს სწორედ საფრანგეთის დედაქალაქი უმასპინძლებს. - რ.შ.), მეტოქეებისთვის ზემოდან გადმოხედვა ეიფელის კოშკიდან მოუწევს. ოღონდ, ისიც ყველამ იცის, რომ ქართველ მთა-კაცს ნებისმიერ მწვერვალს მშობლიური საჩხერის უმცირესი ფერდობი ურჩევნია!

ოლიმპიური თამაშების ფავორიტი იყო და ეს სტატუსი წამითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ.

ტოკიოში სხვებიც ჩავიდნენ ოქროს უმთავრესი პრეტენდენტების სტატუსით. თუნდაც ძიუდოს ფრანგი ლეგენდა ტედი რინერი (აქამდე რინერს ორჯერ ჰქონდა მოგებული ოლიმპიური ოქრო, ათჯერ - მსოფლიო ჩემპიონატი!), თუმცა იაპონური ოქრო წინასწარ არც გარანტირებული ჰქონია და ვერც მოიგო - პირად ჩათვლაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, მესამე ოლიმპიური ოქრო კი მხოლოდ გუნდურ ჩათვლაში დაიმსახურა.

აი, ტალახაძის გამარჯვების ამბავი ყველამ წინასწარ იცოდა. სწორედ ამას გულისხმობდა UშAთოდაყ-ს ჟურნალისტი, ლაშა ტალახაძე ოლიმპიადას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მოიგებდა, თუ ავტობუსზე დააგვიანდებოდაო! ცხადია, ლაშა ავტობუსშიც ჩაჯდა და ყველა დროის საუკეთესოთა შორის ხომ უკვე მყარად ზის!

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩვენმა გოლიათმა გაგვახარა.

გოლიათია, აბა, რა? კეთილი, მშვიდი დევკაცი, რომელსაც შეუძლია ოლიმპიურ ფიცარნაგზე გასვლამდეც ისე მშვიდად წაუძინოს, როგორც მორიგი მედლისა თუ რეკორდის დასაკუთრების შემდეგ. მშვიდად თვლემდა - მე შენ გეტყვი და... ოლიმპიური მედალი არ აეწაპნა ვინმეს!

"იავნანამ რა ჰქმნა" თუ... ლაშამ? განსაკუთრებული არც არაფერი: ის, რასაც ყველა ელოდა მისგან. რაც ისეთივე გარდაუვალი იყო, როგორც ყოველ დილით არის გარდაუვალი ოქროს(ფერი) დისკოს გამოჩენა ამომავალი მზის ქვეყანაში.

მზე ტოკიოს, მორიგი სარეკორდო სიმძიმე კი ლაშას თავზე. სამი ოქრო, სამი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი! ორჭიდის ჯამში უახლოეს მდევართან შედარებით... 47 კილოგრამით მეტი სიმძიმე!

ლაშა დიდი კაცია, ტანადაც და შედეგებით, მით უმეტეს.

ტალახაძის შემხედვარე (ისევე, როგორც კონსტანტინე ჯანაშიას, ლევან საგინაშვილისა თუ სხვა ქართველი გოლიათების) აღარ გვიკვირს, როგორ მოვედით აქამდე. როგორ მოვიტანეთ დღემდე ჩვენი ქვეყანა, პატარა, მაგრამ დიდი წარსულისა და მისიის მატარებელი. პატარა, მაგრამ აქამდე მოსატანად ძალიან "მძიმე"...

ლაშა თუ გოლიათია, ვახტანგ გორგასალზე რაღა უნდა ვთქვათო (არსენ კათალიკოსის სიტყვით ვახტანგ მეფის სიმაღლე იყო "ათორმეტი ბრჭალი კაცისა", ანუ დაახლოებით 240 სანტიმეტრი. - რ.შ.) ? - იკითხავენ ისეთები, ვისთვისაც ტალახაძე ჯერ კიდევ არ არის "საკმარისად დიდი" (თუმცა ასეთებს არც გორგასლის სიდი(ა)დისა სჯერათ!). დიახ, ლაშა ტალახაძის სიმაღლე "მხოლოდ" 197 სანტიმეტრია, მაგრამ ეს "საკმარისია" იმისთვის, რომ შეგვაცვლევინოს შეხედულებები ფიზიკაზე, ბიოლოგიაზე, ადამიანის შესაძლებლობებზე!

მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში ოვაციით ხვდებიან ტალახაძის ფიცარნაგზე გასვლას, ჩემპიონობასა თუ სარეკორდო მისვლას, მაინცდამაინც ჩვენ ნუ გავხდებით "რომის პაპზე მეტი კათოლიკენი" - ჩვენი გმირი ჯერ ჩვენ დავაფასოთ და თუ ვინმეს მისი პოლიტიკური შეხედულება, შტანგასთან ყოველი მისვლის წინ გადაწერილი პირჯვარი ან ჩაცმულობა (ლაშა ტალახაძე პატრიარქის ჩოხოსნების წევრია. - რ.შ) არ მოსწონს, ჯერ ცივი წყალი დალიოს, მერე კი სირიელ ასაადს ან სომეხ მინასიანს უქომაგოს.

სხვათა შორის, სირიელმა მან ასაადმა ბრინჯაოს მედალი მოუტანა თავის ქვეყანას და მხოლოდ ქართველს და ირანელს ჩამორჩა. დაჯილდოების დროს კი სიმბოლური სურათი ვნახეთ: ხუთჯვრიანი ალამი ირანისა და სირიის დროშებს შორის...

საუკუნეების განმავლობაში მუდამ მტრებით გარშემორტყმული საქართველო ტოკიოს კვარცხლბეკზეც მაინცდამაინც იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სულ ომთან რომ ასოცირდებიან.

ჩვენც ხომ სულ ომში ვართ. კიდევ კარგი, ტალახაძისთვის ფიცარნაგი ის "ომია", რომელიც ჯერ კიდევ დაწყებამდეა მოგებული!

ოქროს მედალი, ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდები, საქართველოს მთავრობის დაწესებული ერთი მილიონი ლარი. მილიონი ოლიმპიური ოქროსთვის... მაგრამ რამდენი მილიონი გადაწონის იმ სიხარულსა და სიყვარულს, რაც ლაშას მოაქვს?!

დედამიწას სიყვარული ატრიალებს, შტანგას - ტალახაძე. ისევე, როგორც აქამდე არსებულ (თავისივე!) რეკორდებს ატრიალებს წაღმა-უკუღმა.

სიყვარული კი... "დრო და ამინდი" არც სიყვარულმა იცის და არც ლაშამ.

ტალახაძე იმარჯვებს ყველგან - ამინდის, ქვეყნის, ტურნირის რანგისა და მეტოქეების მიუხედავად.

რკინა ისევე უყვარს, როგორც მის შორეულ წინაპარ ხალიბებს (კოლხური ტომი, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტომთა ერთი ჯგუფის სახელწოდება. მიიჩნეოდნენ რკინის გამომგონებლებად და გამოცდილ მეტალურგებად. - რ.შ.) და არც ოქრო ეჯავრება. ფოლადივით მტკიცეა, იმავდროულად, ოქროსავით რბილი (ხასიათის), ელვარე და ძვირფასი.

რკინა - თავს ზემოთ, ოქრო - მკერდზე.

ნახევარი ტონა თუ ავწიე, ამაზე აღარც გავჩერდებიო, მითხრა ბოლო ინტერვიუს დროს. მთავარი კითხვაც სწორედ ეს არის: როდის დასძლევს ქართველი გოლიათი საკრალურ წონას - 500 კილოგრამს? პარიზის ოლიმპიადამდე? იქნებ სულაც საფრანგეთის დედაქალაქში?

ამას ერთად გადაწყვეტენ: ლაშა და მისი გუნდი. საუკეთესო მწვრთნელები, ექიმი, ფიზიოთერაპევტი. გუნდი, რომელიც გასაოცარ ბუნებრივ მონაცემებთან ერთად ლაშას წარმატების მთავარი მიზეზია.

ბოლოს როდის ნახეთ ლაშას გაცუდებული მისვლა? ვერც გაიხსენებთ! იოლად ერევა ყველა იმ წონას, რასაც გიორგი ასანიძე შეუკვეთს ხოლმე. ლაშამ და მისმა მწვრთნელებმა ზუსტად იციან, როდის რამდენს შეეჭიდონ. წლებია, ამ გუნდს არაფერი შეშლია. ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად მიდიან მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდებისკენ.

გიორგი ასანიძე... სულ (განსაკუთრებით - ფიცარნაგზე გასვლის წინ) ელაპარაკება ხოლმე შეგირდს. ერთი შეხედვით, ახალი რა უნდა უთხრას, მაგრამ... სათქმელის მეტი რა ექნება თავადაც ოლიმპიურ ჩემპიონს, თავადაც საჩხერელს, სიმშვიდის, სტაბილურობის, გამოცდილებისა და წარმატების განსახიერებას?

ოლიმპიადა უკვე დასრულდა. ქართული დელეგაციის დევიზი: "უკეთ, ვიდრე რიოში" - შესრულებულია. მოგვიანებით, დეტალურად დაიწერება ჩვენი ყველა ათლეტის გამოსვლაზე. დღეს კი ლაშასთან ერთად გენოც უნდა ვახსენო: "ტოკიო-2020"-ის მონაწილე კიდევ ერთი ქართველი გოლიათი (სიმაღლეზე თუ მიდგება საქმე, ტალახაძეზე ერთი სანტიმეტრით მაღალიც არის. - რ.შ.) გენო პეტრიაშვილი, რომელიც ფინალში ისე დრამატულად დამარცხდა, ლამის მთელი ოლიმპიადა ჩაგვამწარა... დიახ, გორელ ფალავანს მხოლოდ წამი (პირდაპირი მნიშვნელობით!) დააკლდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე.

არადა, ფინალამდე გენომ ლამის "გენო-ციდი" მოუწყო მეტოქეებს. რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, ამერიკელ გეიბლ დენ სტევესონთან 0:4 ჩამორჩენის შემდეგ, მეორე ნახევარში პეტრიაშვილმა დიდებულად იჭიდავა და 8:5 დაწინაურდა. სამწუხაროდ, 21 წლის ამერიკელმა ჯერ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, დროის ამოწურვამდე 0,8 წამით ადრე კი ჩვენთვის საბედისწერო ილეთის შესრულებაც მოახერხა და ქართულ დელეგაციას ცხვირწინ ააცალა მესამე ოქრო.

გენო პეტრიაშვილი დიდი ფალავანია: მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოს და ახლა უკვე ვერცხლის მედლის მფლობელი.

გენოც დიდია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს პატარა წერილი სხვა დიდ სპორტსმენს ეძღვნება.

სხვა ქართველ გოლიათს, რომელიც ტანადაც დიდია და შედეგებით - კიდევ უფრო. ტალახაძე რკინის კაცია. იქნებ უფრო ოქროსი?!

კაცი, რკინით რომ იწყებს და ოქროთი ამთავრებს. ჩვენი დროის ალქიმიკოსი, რომელიც რკინას ოქროდ აქცევს.

ჩვენი დროის და ჩვენი ლაშა ტალახაძე. პლანეტის უძლიერესი მამაკაცი.