მესი მოდის დედაქალაქში - კვირის პალიტრა

მესი მოდის დედაქალაქში

საფრანგეთს ახალი მეფე ჰყავს - "ლეო I საუკეთესო"

პარიზი სიყვარულის ქალაქია. მოდის დედაქალაქიც. საფრანგეთის მთავარ ქალაქში ფეხბურთიც ლამაზი უყვართ და ამიერიდან პარიზული ფეხბურთი კიდევ უფრო ლამაზი გახდება: ბულონის ტყის სიახლოვეს ხომ თანამედროვე ფეხბურთის მთავარი "კუტურიე" - ლიონელ ანდრეს მესი დასახლდა!

ოცწლიანი ეპოქა, სახელად "მესის "ბარსელონა", დასრულებულია. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლეგენდარულ "კამპ ნოუს" "ნოუ" უთხრა და ამიერიდან, პარიზის "პარკ დე პრენსზე" დაითვლის გოლებსა და ოვაციებს. უფრო სწორად, 34 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ არასოდეს ეტყოდა "არას" კლუბს, რომელმაც გაზარდა და მის სახლად იქცა. თავის მხრივ, კატალონიის მთავარი კლუბის ხელმძღვანელობაც ამტკიცებს, რომ ლეოს შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ... მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი (ორმხრივი) ცრემლის მიუხედავად, მესის წილი "ბარსელონა" უკვე წარსულია; წილი, რომელიც ძალიან დიდი იყო. შეიძლება ითქვას, განუზომელიც, რადგან ძნელია, გაიხსენო ფეხბურთელი (შეგვეძლო აქ რაული, ბუფონი, ჯერარდი, მალდინი ან სხვა ლეგენდარული მოთამაშეებიც გვეხსენებინა. - რ.შ.), რომელმაც იმდენი გააკეთა ერთი კლუბისთვის, რამდენიც მესიმ "ბარსასთვის".

განშორების ოფიციალურ მიზეზად "ფინანსური ფეირ-პლეი" დასახელდა. ფეხბურთელი ხელფასის 50%-ით შემცირებაზეც იყო თანახმა (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობს), მაგრამ ფაქტია, რომ ვალებში ჩაფლულმა "ბარსელონამ" მესი ვერც (თუ არ?!) შეინარჩუნა და მასთან განშორებით ვერც იხეირა - სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთმა უძვირესმა მოთამაშემ კატალონიური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით 0 ევროს საფასურად დატოვა!

"არ ვიცი, რა ვთქვა, რადგან აქედან წასვლაზე არასდროს მიფიქრია", - ბოლო ესპანურ პრესკონფერენციაზე ეს სიტყვები ლეომ ცრემლებს ამოაყოლა. მით უმეტეს, ხმას ვეღარ იღებენ "ბარსას" ქომაგები, რომლებიც კოშმარულ სიზმარშიც კი ვერასდროს ნახავდნენ "ბარსელონას" მესის გარეშე! ეპოქა, სახელად "მესის "ბარსელონა", დასრულებულია. პრესკონფერენციაზე ლეო ცრემლს ვერ იკავებდა (ის ხელსახოცი, რომელზეც ჯერ კიდევ არის მესის ცრემლი, უკვე იყიდება... მილიონ დოლარად!), "ბლაუგრანას" გულგატეხილ ქომაგებს კი ისღა დარჩენიათ, ყოველი მატჩის მეათე წუთზე საყვარელი გვარის სკანდირებით პატივი მიაგონ მოთამაშეს, რომელიც მათი კლუბის სიმბოლოდ იქცა.

მესის ცრემლი მილიონად ფასობს? მაშ, რაღა "ღირს" ის სიამოვნება, რასაც არგენტინელის თამაშით იღებ?! 474 გოლი "ბარსას" მაისურით ნათამაშებ 520 მატჩში, ესპანეთისა და ევროთასების მასშტაბით მოგებული ყველა ტიტული თუ ინდივიდუალური ჯილდო, სარეკორდო ექვსი "ოქროს ბურთი" და ამდენივე "ოქროს ბუცი" ბომბარდირობისთვის - ასეთია მესის ესპანური კარიერის ლაკონიური ჩამონათვალი.

ესპანურ "ლა ლიგაში" მესის დამყარებული რეკორდებიც ჩამოვთვალოთ?

ყველაზე მეტი გოლი (474); ყველაზე მეტი გოლი სეზონში (50); ყველაზე მეტი გოლი საჯარიმო დარტყმით (50); ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა (217); ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა სეზონში (22); ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი (36); ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი სეზონში. თუმცა ეს "მხოლოდ" სტატისტიკაა, რომლის მიღმაც ფეხბურთის სილამაზე იმალება. მოთამაშე, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია მოწინააღმდეგის მოტყუებაც და ტრიბუნების ოვაციით დანგრევაც.

ფეხბურთის ისტორიაში (ერთ-ერთი) საუკეთესო ათიანი უკვე პარიზშია. პსჟ-ის ყატარელ პრეზიდენტთან ერთად მის თვითმფრინავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დახვდა. აქამდე ასეთი რამ არასდროს მომხდარა და კარგად აჩვენებს, რამდენს ნიშნავს ფრანგული ფეხბურთისთვის "ლიგა-1"-ში ლეოს გადაბარგება. პრეზიდენტი მეფის დასახვედრად. დიახ, ლუდოვიკოების შემდეგ, საფრანგეთს ახალი მეფე ჰყავს - "ლეო I საუკეთესო", რომელიც ვერსალის ნაცვლად, "პარკ დე პრენსიდან" გადახედავს თავის ახალ სამფლობელოს.

საფრანგეთი მოუთმენლად ელის მესის. "ლიგა-1"-ის ბევრი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონატის გამოცვლაზე ფიქრობდა, ამჟამინდელ კლუბში რჩება - ერთხელ მაინც უნდა ითამაშონ მეფის წინააღმდეგ! მესის დამატების შემდეგ პსჟ-ის "ინსტაგრამის" გვერდის გამომწერთა რაოდენობა 20 მილიონით გაიზარდა! მხოლოდ ლეოს ხელფასისთვის უახლოეს ორ წელიწადში 60 მილიონ ევროზე მეტს გაიღებს, თუმცა ყატარელ მილიარდერს ფულის თვლა არ უჭირს და იცის, რომ მესისგან მიღებული სარგებელი დანახარჯზე ბევრად მეტია.

ლეო საფრანგეთის დედაქალაქშია და აღარ დასჭირდება "ოქროს ბურთისთვის" პარიზში სპეციალურად ჩასვლა. იქვე იქნება, "საშინაო ტანსაცმლით" გადაირბენს ხოლმე კუთვნილი "ოქროს" მისაღებად!

"ხოლმე"?! რატომაც არა? საფრანგეთის ჩემპიონატი არც ამერიკული MLშ-ია და არც ჩინეთის ან იაპონიის ჩემპიონატი, სადაც ასაკშეპარული ფეხბურთელები "საპენსიო დანაზოგის" შესაგროვებლად მიდიან. ლეო ჯერ ისევ საუკეთესო ფორმაშია და ახლა, როცა "ოქროს ბურთის" სამშობლოში თამაშობს, იქნებ ეს საპატიო ჯილდო მეშვიდედაც დაიმსახუროს. საკითხავი ის არის, რამდენად სწრაფად აუღებს ალღოს საფრანგეთის ჩემპიონატს, რომელიც მაინც განსხვავდება ესპანური "ლა ლიგასგან". ცხადია, ლეოს გამჩერებლის მოძებნა "ლა ლიგაშიც" გაჭირდება, საფრანგეთშიც და მსოფლიოს ნებისმიერ ჩემპიონატშიც, თუმცა არც ის იქნება გასაკვირი, არგენტინელს მაინც გაუჭირდეს. უპირველესად მენტალურად, რადგან ორი ათწლეულის განმავლობაში თვალწინ მხოლოდ ორი ფერი ჰქონდა (სანაკრებო მატჩები არ იგულისხმება!), ამიერიდან კი "ბლაუგრანადან" (ლურჯი და ბროწეულისფერი) ლეოს მხოლოდ ლურჯი ფერი შერჩა - წითელი და თეთრი ჩანართებით გაწყობილი ლურჯი ფორმა. მღვდელი ჭილოფშიც იცნობა. პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი - ნებისმიერი კლუბისა თუ ფერის მაისურში. მესი არც ფერებში ჩაიკარგება და არც თანაგუნდელებში. იმის მიუხედავად, რომ ისინიც არანაკლებ კაშკაშებენ. მესი - ნეიმარის და მბაპეს ფონზე. მესი - ნეიმარის და მბაპეს გვერდით. მიდი და გააჩერე! თანაც ამ სუპერსამეულის გარდა, პარიზული კლუბის ყატარულ ბიუჯეტს კიდევ არაერთი ვარსკვლავი ჰყავს "შეფარებული", მათ შორის იკარდი, დი მარია, რამოსი, ვერატი, ვეინალდუმი, ნავასი, დონარუმა... ჯამში "პარი სენ ჟერმენის" წლიური სახელფასო ფონდი 250 მილიონ ევროს(!) აჭარბებს! "ფული ჯოჯოხეთს ანათებს", თანამედროვე ფეხბურთს კი - ატრიალებს! თუმცა მესის შემთხვევაში ხელფასს დახარბებულ კაცთან ნამდვილად არა გვაქვს საქმე. უკვე კარგა ხანია, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა! გარდა ამისა, "ბარსელონასთან" ბოლო, ოთხწლიანი კონტრაქტის თანახმად, ლეომ 284 მილიონი (წლიურად 71 მლნ!) ევრო მიიღო, პარიზულ კლუბში კი სეზონის განმავლობაში "მხოლოდ" 40-50 მილიონს აიღებს.

რაც შეეხება პსჟ-ის, პარიზული კლუბი აქამდეც აბასთუმნის ცასავით ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, მაგრამ... "პარი სენ ჟერმენს" არასდროს მოუგია უეფას ჩემპიონთა ლიგა, პსჟ-ის ფეხბურთელს არასდროს აუღია "ოქროს ბურთი", ფიფას საუკეთესო მოთამაშის პრიზი, უეფას წევრი ქვეყნების საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული "ოქროს ბუცი"! პარიზულ კლუბს ჰყავს ნეიმარი, მბაპე, კიდევ არაერთი ვარსკვლავი. თუმცა პსჟ-ს მოთამაშეს ჯერ არ მოუგია არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ჯილდო, ახლა კი ერთი მოთამაშის დამატებით "ყატარულ პროექტს" აქვს შანსი, უახლოეს წლებში მაინც გატეხოს ნავსი.

"ბარსელონიდან" წასვლა ჩემი ოჯახისთვის დიდი დარტყმა იყო. თუმცა მეუღლე პირველივე წუთიდან გვერდში დამიდგა და ყველაზე მეტად მამხნევებდა. ბავშვები კი... განსაკუთრებით გაუჭირდა ტიაგოს, რომელსაც ჩემნაირი ხასიათი აქვს - ბედნიერი გამომეტყველების მიუხედავად, შინაგანად მაინც ძალიან უჭირს... რაც შეეხება დანარჩენ ბიჭებს, უკვე ეიფელის კოშკსა და დისნეილენდზე ფიქრობენ", - ამბობს ლეო.

"არც ერთი ფეხბურთელი არ არის კლუბზე დიდი!" - ეს გიორგი ქინქლაძემ მითხრა, როცა "მანჩესტერ სიტიში" გატარებულ მის საოცარ წლებზე ვლაპარაკობდით. ცხადია, "არც ერთში" მესიც შედის. თუმცა რთულია გაიხსენო ფეხბურთელ(ებ)ი, რომლისაც მასავით ეიმედებოდათ მწვრთნელს, თანაგუნდელებს, გულშემატკივარს. მოთამაშე, რომელსაც იმდენი გაუკეთებია კლუბისთვის, რამდენიც ლეოს. Mეს Qუე Uნ ჩლუბ (მეტი, ვიდრე კლუბი) - კატალონიის "ბარსელონის" დევიზია. ათწლეულზე მეტია, ეს დევიზი ერთმა კაცმა მოირგო. Mეს-სი Qუე Uნ ჩლუბ! - ასე გადავაკეთებდი მესისთან ერთად მოთამაშე "ბლაუგრანას" დევიზს.

მესი ჯერ კიდევ შარშან იმუქრებოდა კლუბის დატოვებით. მაგრამ ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები მალევე გაიფანტა და გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა ჩვეულ ადგილას გააგრძელა თამაში! მაგრამ დღეს, ლეოს წასვლა გარდაუვალი აღმოჩნდა. მესი უკვე პარიზშია. ოჯახთან ერთად სასტუმროში დაბინავდა. სხვათა შორის, პარიზის ცენტრში მდებარე ამ სასტუმროს ღM ჰქვია. არა, "ბარსელონის" მოსისხლე მტერი, მადრიდის "რეალი" არაფერ შუაშია (თუმცა ასეც რომ იყოს, კატალონიური კლუბიდან წამოსვლის შემდეგ ლეოს მადრიდელთა საწინააღმდეგო რაღა უნდა ჰქონდეს?!) - ელისეს მინდვრებთან მდებარე სასტუმროს სრული სახელია ღოყალ Mონცეაუ - "სამეფო სასახლე".

სიმბოლურია. ფეხბურთის მეფის ადგილი სწორედაც რომ სასახლეშია. სასახლეში, რომელიც პარიზის ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროებს შორის მოიხსენიება და საფრანგეთში ყველაზე მოდურადაც ითვლება! "სამეფო სასახლის" სტანდარტული ნომრის (36 კვმ) ფასი 880 ევროდან იწყება, საპრეზიდენტო ლუქსი კი (278 კვმ), სადაც მესი და მისი ცოლ-შვილი კომფორტულად მოთავსდებიან, ერთი ღამით... 15.000 ევრო ღირს! არც ისე ძვირია კაცისთვის, რომელიც, ახალი კონტრაქტის თანახმად, დღეში... თითქმის 100.000 ევროს მიიღებს!

ცხადია, მესი სასტუმროში დიდხანს არ იცხოვრებს. მით უმეტეს, რომ საფრანგეთში ჩასვლისთანავე მიიღო წინადადება კიდევ ერთი "ყოფილი" (ეს სიტყვა კიდევ ბევრჯერ შეგვხვდება) მტრის - სერხიო რამოსისგან: "თუ შენ და შენი ოჯახი სასტუმროში თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ ჩემთან იცხოვროთ!", - მისწერა ყოფილმა მოსისხარმა ახალ თანაგუნდელს.

პარიზში გადაბარგებულ ლეოს "პარკ დე პრენსზე" კიდევ არაერთი ნაცნობ-მეგობარი, ყოფილი თანაგუნდელი და თანამემამულე დახვდება: ნეიმარი, დი მარია, იკარდი, პარედესი... არგენტინელია პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოც. საინტერესოა, რომ სწორედ პოჩეტინოს "ესპანიოლის" წინააღმდეგ შედგა "ლა ლიგაში" ლეოს დებიუტი "ბარსას" მაისურით.

პარიზი - სიყვარულის ქალაქი. მოდის დედაქალაქიც. ჩაცმულობისა რა გითხრათ, მაგრამ მოედანზე ლეო სწორედაც რომ მოდის კანონმდებელია! ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ათიანია, რომელიც "ათიანი" სულაც აღარ არის. ლიონელ მესი პარიზულ კლუბში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. იმის მიუხედავად, რომ ნეიმარმა 10-ნომრიანი მაისურის დათმობა შესთავაზა. წლებია, 10-იანთან ასოცირდება კლუბშიც და ნაკრებშიც. თუმცა კარიერის განმავლობაში ლეოს რამდენიმე სხვა ნომრითაც უთამაშია: 15, 18, 19... ახლა - 30.

თანამედროვე ფეხბურთს ფული ატრიალებს. ლეოც ფულის გამო (მაგრამ არა - ფულისთვის!) წავიდა. ლიონელ მესი ფულზე არ გაყიდულა. წავიდა. თავისუფალი (აგენტის) სტატუსით. 30 ვერცხლად არ გაყიდულა. სამაგიეროდ, 30-ნომრიანი მაისური გაიყიდება ბევრი.

ახლა პარიზელების ყატარული ფულის დროა, ოღონდ ერთი ძველი რეკლამისა არ იყოს: "ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. სხვა დანარჩენისთვის კი... მესი არსებობს!"

საფრანგეთის ახალი მეფე - ლეო I საუკეთესო!