"დახეული ჯინსი" და ფინალი მარკოიშვილისთვის - კვირის პალიტრა

"დახეული ჯინსი" და ფინალი მარკოიშვილისთვის

მანუჩარ მარკოიშვილს იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ადრეც უთამაშია. თუმცა, მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და ტრევიზოს "ბენეტონის" შემადგენლობაშიც იშვიათად ხვდებოდა.

ახლა ყველაფერი პირიქით არის, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი "ბენეტ კანტუ" ლიდერია და კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. "კანტუ" ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად გავიდა იტალიის ჩემპიონატის ფინალში, სადაც მრისხანე მეტოქე ჰყავს - სიენის "მონტეპასკი". როცა შევეხმიანეთ, მანუჩარ მარკოიშვილი თანაგუნდელებთან ერთად სწორედ სიენაში მიემგზავრებოდა ფინალის პირველი მატჩის ჩასატარებლად.

- ახლა გზაში ვართ, სიენაში მივემგზავრებით. მიუხედავად იმისა, რომ "მონტეპასკი" უძლიერესი გუნდია, ფინალი ფინალია და იქ ფავორიტები არ არიან. ჯერჯერობით, ჩვენი მიზანი მომავალი მატჩის მოგებაა, დანარჩენი კი თანდათან გამოჩნდება.

- სერიის ანგარიშებს თუ გადავხედავთ, ფინალამდე საკმაოდ იოლად მიხვედით.

- სინამდვილეში, იოლი არ ყოფილა. ძალიან დაძაბული მატჩები იყო და ბოლო წუთამდე გაურკვეველი გახლდათ, ვის დარჩებოდა გამარჯვება, მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში "კანტუს" მოგება არ ჰქონდა არც ვარეზესა და არც მილანის მოედნებზე. "კანტუს" შეხვედრები ორივე ამ გუნდთან, ფაქტობრივად, დერბია, კლუბების ქომაგები ძალიან არიან ერთმანეთზე გადამტერებული, ამიტომაც სტუმრად მოგებული მატჩებით ჩვენი გულშემატკივრები უზომოდ გავახარეთ.

- ფინალში პრინციპული მეტოქეების გავლით რომ მოხვდით, ორმაგად გახარებული იქნებით.

- დასაფასებელი უფრო ის არის, რომ მოთამაშეთა ხშირი ტრავმების მიუხედავად, "კანტუს" თავისი სათამაშო სტილისთვის არ უღალატია, ერთსულოვნება შეინარჩუნა და გუნდურ თამაშს აჩვენებდა.

- არაერთ კლუბში გითამაშიათ და სხვადასხვა ჩემპიონატის ფინალისტიც ბევრჯერ ყოფილხართ. თუ გახსოვთ, ეს მერამდენე ფინალია თქვენთვის?

- ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, არც ისე ცოტაა. სამაგიეროდ, ის ვიცი, რომ იტალიაში მეორე ფინალია ჩემთვის. პირველად "ბენეტონში" თამაშის დროს გავედი ფინალში. მაშინ ჩემპიონი ჩემი კლუბი გახდა და ის სიხარული დღემდე კარგად მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და არც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახლდით.

- არათუ იტალიის, "მონტეპასკი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბიც არის და მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ყველაფერი ხდება, მაინც ფავორიტია. რის ხარჯზე უნდა მოიგოს "კანტუმ"?

- ბუნებრივია, აქცენტი დაცვაზე უნდა გადავიტანოთ. შევეცდებით, რაც შეიძლება ცოტა შეცდომა დავუშვათ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი კოზირი - სამქულიანი ტყორცნები. სიენელებს ჩაჭრილი ბურთების მაჩვენებელი ყველა მატჩში მაღალი აქვთ, ამიტომაც ბურთი რაც შეიძლება იშვიათად უნდა დავკარგოთ, რათა მეტოქეს შეტევის წამოწყების საშუალება არ მივცეთ.

- იტალიის ჩემპიონატის ფინალი ოთხ მოგებამდეა, ეს კი ძლიერი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ოთხჯერ შემთხვევით გამარჯვება წარმოუდგენელია.

- ვფიქრობ, ეს სამართლიანია, ძლიერმა უნდა გაიმარჯვოს. ძნელი გამოცდა გველის, რადგან მატჩები ყოველ მეორე დღეს არის, მაგრამ თუ გვინდა, დავამტკიცოთ, რომ ძლიერები ვართ, უნდა გავუძლოთ და გავიმარჯვოთ.

- რამდენიმე კვირის წინ "კანტუსთან" კონტრაქტი გააგრძელეთ. ჩანს, ამჟამინდელ კლუბში ყველაფერი გაკმაყოფილებთ.

- ხელშეკრულება 1+1 სისტემით გავაფორმეთ. "კანტუ" ძალიან შეკრული, მეგობრული გუნდია, ყველა მოთამაშის ოცნებაა, სადაც თამაშობს, იქ თავს კარგად გრძნობდეს. ამჟამინდელ კლუბში ყველაფერი მომწონს და რადგან გუნდის ხელმძღვანელობასაც ჰქონდა ჩემი დატოვების სურვილი, კონტრაქტი გავაგრძელეთ.

- შეიძლებოდა იტალიის ჩემპიონატის წლევანდელი ფინალი "ქართულიც" გამომდგარიყო, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლონიას "ვირტუსმა", რომლის ღირსებასაც ვიქტორ სანიკიძე იცავს, ნახევარფინალში "მონტეპასკისთან" წააგო.

- სამწუხაროდ, ვიქტორს და მის თანაგუნდელებს არ გაუმართლათ და ჩემპიონატის უძლიერეს გუნდს ფინალამდე გადაეყარნენ. სხვათა შორის, ერთი მატჩი მოუგეს კიდეც "მონტეპასკის" და დანარჩენ შეხვედრებშიც ბოლომდე ეომნენ, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს... ისე კი, თუ ინდივიდუალური მაჩვენებლების მიხედვით შევაფასებთ, სანიკიძემ ამ სეზონში ჩემზე გაცილებით უკეთ ითამაშა.

- მანუჩარ, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები ახლა გაქვთ, მაგრამ აქამდე ჩატარებულთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი იყო?

- თითქმის ყველა მატჩი დასამახსოვრებელი იყო. სეზონის წინ ფავორიტად არავინ მიგვიჩნევდა და თითოეულ შეხვედრაში გვიწევდა იმის დამტკიცება, რა შეგვიძლია. თუმცა, ყველაზე დაძაბული და ემოციური გამარჯვებები სეზონის ბოლოს მოვიპოვეთ. ისე დაემთხვა, რომ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში "ვარუზეს" მოვუგეთ და ფლეიოფის პირველ ეტაპზეც ეს გუნდი დავამარცხეთ. ერთი კვირის განმავლობაში პრინციპულ მეტოქეს ოთხი თამაში მოვუგეთ. მოგვიანებით კიდევ ერთ დერბიში გავიმარჯვეთ და ნახევარფინალში მილანის "არმანი ჯინსი" "დავხიეთ". ჯერჯერობით, ყველაზე ემოციური გამარჯვებები ეს იყო, თუმცა, წინ ფინალური სერიის მატჩებია და...

- ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ შეკრებას 23 ივლისს იწყებს...

- თუ ფინალის ყველა მატჩის ჩატარება გახდა საჭირო, სერია 23 ივნისამდე გაგრძელდება. მერე კი ექიმებთან გავივლი კონსულტაციას, ვნახავთ, რა მდგომარეობაშია ჩემი ტრავმა რამდენი ხანი დამჭირდება დასასვენებლად და ვარჯიშს ამის შემდეგ დავიწყებ.