"მეფე" მხოლოდ პირველ ტაიმში "მოკვდა" - კვირის პალიტრა

"მეფე" მხოლოდ პირველ ტაიმში "მოკვდა"

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომაზე ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადება უკვე დაიწყო. რიჩი დიქსონის სამწყსო ახლა რუმინეთშია და მასპინძლებთან, ნამიბიასთან, პორტუგალიასთან, არგენტინის A ნაკრებსა და სამხრეთ აფრიკის "კინგზთან" ერთად IRB-ის ერთა თასის გათამაშებაში მონაწილეობს.

ბორჯღალოსანთა შოტლანდიელმა თავკაცმა ბუქარესტში ექსპერიმენტული შემადგენლობა იახლა. დიქსონს სურს, მსოფლიო თასამდე დარჩენილ სამ თვეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშე და ტაქტიკური მონახაზი გასინჯოს. ამიტომაც რუმინეთის დედაქალაქში ლიდერების უმეტესობის გარეშე და რამდენიმე ახალბედასთან ერთად გაემგზავრა. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ამ ტურნირზე გუნდთან ერთად არ არის ნაკრების ორი უპირობო ლიდერი - მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი. ახალწვეულთაგან კი ორმა პირველივე მატჩში მოირგო ეროვნული ნაკრების მაისური - 21 წლის უკანახაზელი გიორგი ჯიმშელაძე "კლერმონის" ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეა, უკანახაზელია 24 წლის გივი ბერიშვილიც, რომელიც თბილისის "ლოკომოტივის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

რაც შეეხება პირველ შეხვედრას, საქართველოს ნაკრებმა ის "კინგზთან" გამართა და სამხრეთ აფრიკის რამდენიმე პროვინციის საუკეთესო მორაგბეებისგან შემდგარ გუნდთან 31:17 დამარცხდა. ჩვენმა გუნდმა მატჩის საწყისი წუთები გაცილებით უკეთ ჩაატარა და პირველი ტაიმი 14:13 მოიგო. უკვე მეექვსე წუთზე ირაკლი ჩხიკვაძემ ლელო გაიტანა, რასაც ურჯუკაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა. სამხრეთაფრიკელი "მეფეები" ორი საჯარიმოთი წამოგვეწივნენ, რასაც ლელოების გაცვლა მოჰყვა (ჩვენგან ხამაშურიძემ გაიტანა. - ავტ.) და ტაიმი მინიმალური სხვაობით მოვიგეთ.

სამწუხაროდ, მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა მხოლოდ ერთი ზუსტი საჯარიმოთი ისახელეს თავი, მეტოქეს კი თავი "მეფურად" ეჭირა და 31:17 გაიმარჯვა. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ივნისს არგენტინის A ნაკრებთან ჩაატარებს, 19 ივნისს კი ნამიბიის ეროვნულ გუნდს შეხვდება.