"ფინალში სხვა მეტოქეს ველოდი" - კვირის პალიტრა

"ფინალში სხვა მეტოქეს ველოდი"

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ტოკიოდან სარეკორდო შედეგით დაბრუნდა: ლაშა ბექაური (90) ჩემპიონი გახდა, ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდათ ვაჟა მარგველაშვილს (66), ლაშა შავდათუაშვილსა (73) და გურამ თუშიშვილს (+100). დღევანდელ რესპონდენტად სწორედ ოლიმპიადის ერთ-ერთი დებიუტანტი თუშიშვილი შევარჩიეთ, რომელმაც ჩეხი ლუკაშ კრპალეკის წინააღმდეგ გამართულ ფინალში დიდი უპირატესობა გაფლანგა და შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე დაშვებული ერთადერთი შეცდომა ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდა. კრპალეკისთვის მზად არ ვიყავი, ფინალში სხვა მოწინააღმდეგეს ველოდიო, მითხრა გურამ თუშიშვილმა. ამჯერად, კრპალეკი ვერ, მაგრამ ტოკიოდან დაბრუნების შემდეგ, 26 წლის მძიმეწონოსანმა კორონავირუსი კი "დააიპონა" და უკვე ვარჯიშის განახლებასაც გეგმავს:

- "კოვიდ-19" იოლად, მხოლოდ მცირედი დისკომფორტით გადავიტანე. ორ დღეში თვითიზოლაციასაც დავაღწევ თავს და მალე ვარჯიშსაც დავიწყებ. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ვერაგ ვირუსს ყველანაირად ვერიდებოდი, ოლიმპიადაზე გამგზავრებაში ხელი რომ არ შეეშალა. კარგია, რომ კორონავირუსი ოლიმპიადის შემდეგ შემხვდა და არა მანამდე. უფლის წყალობით, იაპონიაში ჯანმრთელი ჩავედი და ტოკიოდან მედალიც წამოვიღე.

- ოლიმპიადის დებიუტანტი კი იყავი, მაგრამ ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი. უმედლოდ არც გელოდით! - ჩემპიონობა მინდოდა და ამისთვის მზადაც ვიყავი, ოლიმპიადისთვის 5 წელი ვემზადებოდი! სამწუხაროდ, მხოლოდ მეორე ადგილს დავჯერდი, თუმცა ოლიმპიური ვერცხლიც ძალიან კარგი შედეგია.

- საქართველოს ნაკრები არაერთხელ ყოფილა იაპონიაში: შეკრებებზე, ძიგორო კანოს მემორიალზე... თუმცა ოლიმპიადა სხვა მასშტაბის ტურნირია და ტოკიოსაც სხვა მხრიდან დაგანახვებდათ! - ტოკიოში ჩვენი ყველა ვიზიტი ოლიმპიადისთვის მზადებას უკავშირდებოდა. უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზე კი, ცხადია, სხვაგვარი გარემოა - სპორტის უამრავ სახეობასთან, სხვადასხვა ეროვნების სპორტსმენებთან გაქვს შეხება. ეს აბსოლუტურად განსხვავებული ემოციაა, სპორტის ნამდვილი ზეიმი! ცნობილია, რომ პანდემიის გამო ოლიმპიადის გამართვა სათუო გახლდათ, ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის აზრიც კი გაიყო. საბედნიეროდ, ოლიმპიადა მაინც გაიმართა და სპორტსმენებს ყველა პირობა ჰქონდათ შესაძლებლობების ბოლომდე წარმოსაჩენად!

- მაყურებლის ნაკლებობა და მკაცრი კოვიდრეგულაციები სპორტულ ასპარეზობებზე უარყოფითად ხომ არ აისახა? - განსაკუთრებული სიმკაცრე არ გვიგრძნია: ყოველდღე ვიტესტებოდით და ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. "კოვიდის" რამდენიმე შემთხვევა ოლიმპიადაზეც დაფიქსირდა, თუმცა, საბედნიეროდ, პრობლემა საქართველოს დელეგაციის არც ერთ წევრს არ შექმნია.

- მანამდე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტების მაქსიმუმი ორი მედალი იყო, ტოკიოდან კი ოქრო და სამი ვერცხლი წამოიღეთ. ეს რისი დამსახურებაა? - ჩემი შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი ნაკრები საუკეთესოა! ბიჭების მონდომება, მწვრთნელების მუშაობა, კარგი მომზადება - ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანა. დარწმუნებული ვარ, ძიუდოს ეს ნაკრები კიდევ დიდხანს იქნება დომინანტი, მით უმეტეს, ისედაც ახალგაზრდული გუნდი გვყავს და კიდევ უფრო უკეთესი თაობაც მოდის. ტოკიოში შვიდივე წონაში შეგვეძლო მედლის მოპოვება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას ოლიმპიური ბრინჯაოც კი სანატრელი აქვს, ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილო როგორ უნდა ვიყოთ? საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძიუდო ჩვენი სპორტია და რაც უფრო მეტი ხელშეწყობა ექნება, უკეთეს შედეგებს ვნახავთ.

- ოლიმპიური ვერცხლი ჩინებული შედეგია, მაგრამ... "გადახარშე" ის სიმწარე, რასაც ფინალში წაგება ჰქვია? თუ კრპალეკი ჯერ კიდევ "გესიზმრება"? - ცხადია, ჯერ კიდევ ამაზე ვფიქრობ. უპირველესად ჩემს თავში ვეძებ მიზეზებს. მინდა ყველაფერს გავცე პასუხი და მსგავსი შეცდომა აღარასდროს დავუშვა. იმ წაგებამ მოტივაციაც მომცა და დროც მაქვს შეცდომების გამოსასწორებლად.

- ოლიმპიადამდე ლუკაშ კრპალეკთან ორიდან ორი გამარჯვება მოიპოვე. ტოკიოში ამან დათვური სამსახური ხომ არ გაგიწია, გამარჯვება ნაადრევად ხომ არ ირწმუნე? - შესაძლოა. აშკარაა, რომ არ ვიყავი კრპალეკისთვის მზად, სხვა მეტოქეებს უფრო მივიჩნევდი მოწინააღმდეგეებად, მათთან შესახვედრად ვემზადებოდი. როცა მეტოქისთვის მომზადებული არა ხარ, ძნელია გამარჯვება. აი, ლუკაში კი ნამდვილად იყო მომზადებული ჩემთან საჭიდაოდ...

- ფინალის საჭიდაოდ თავდაჯერებულიც გახვედი და როგორც ჩანს, მოპოვებულმა უპირატესობამაც მოგადუნა: ტანმაღალ ჩეხს ჩავლებაშიც აჯობე, ახლო ჭიდაობაშიც და ორი გაფრთხილებაც მიაღებინე! - მერე კი საბედისწერო შეცდომა დავუშვი! წამოვიწყე ილეთი, რომელიც არ უნდა გამეკეთებინა და... დამიჭირა კიდეც. არადა, უპირატესობაც მქონდა, არბიტრიც სამართლიანად მსაჯობდა. სამწუხაროდ, დროის ამოწურვამდე 30 წამით ადრე უხეში შეცდომა დავუშვი, არ უნდა გამეკეთებინა "შესვლა" იმ მხრიდან, რომელიც ჩემი მხარე არ არის. შევედი და დავისაჯე.

- აუცილებლად უნდა გავიხსენოთ უაღრესად დაძაბული ნახევარფინალიც, რომელშიც ტამერლან ბაშაევს აჯობე. - ბაშაევი ძლიერი სპორტსმენია, ოღონდ არ არის კრპალეკის, ჰარასავას და მით უმეტეს, რინერის დონის მოჭიდავე. ტამერლანს რაღაცნაირი, მეტოქეებისთვის უხერხული, გამაღიზიანებელი სტილი აქვს. მასთან სულ ვაგებდი (ოლიმპიადამდე ბაშაევთან გამართული 6 ორთაბრძოლიდან თუშიშვილს 4 ჰქონდა წაგებული. - რ.შ.), რადგან მაინცდამაინც ისეთ დროს მხვდებოდა ხოლმე, ფორმაში რომ არ ვიყავი, თორემ ორივემ ვიცოდით, რომ კარგ კონდიციაში მყოფს წინააღმდეგობას ვერ გამიწევდა. ოლიმპიადისთვის ისე მოვემზადე, ეჭვიც არ შემპარვია, რომ ბაშაევს აუცილებლად დავამარცხებდი. დაძაბული ორთაბრძოლა გამოვიდა, რუსი დაწინაურდა კიდეც ვაზაარით, მაგრამ როგორც კი ჭიდაობა "დავალაგე", მატჩის სცენარი ჩვენთვის სასურველი სცენარით შეიცვალა - ჯერ გავათანაბრე ანგარიში, მალევე კი იპონზეც დავაგდე.

- რას ნიშნავს ძიუდოში "უხერხული მეტოქე"? - არიან სპორტსმენები, რომლებიც ტიტულებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ მათთან ფავორიტებსაც უჭირთ, რადგან ყველასთვის არასასიამოვნო დგომი ან უხერხული ჩავლება აქვთ. ჩემთვის სწორედ ასეთი მოწინააღმდეგე იყო ბაშაევი, რომელიც ილეთის წამოწყებისას ჩაგიხტება, ხელს და ნერვებს გიშლის, წონასწორობიდან გამოჰყავხარ, გაღიზიანებს და ცდილობს შეცდომა დაგაშვებინოს.

- ფაქტია, "ტოკიო-2020"-ის ძიუდოს ტურნირზე მთავარი სენსაცია სწორედ ბაშაევმა შემოგვთავაზა და ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა. რუსმა ტურნირის ფავორიტი კი ჩამოგვაშორა, მაგრამ სენსაციური გამარჯვებით შენც ხომ გაგიჩინა ეჭვის ჭია? - თუ დამიჯერებთ, ნამდვილად არ მიფიქრია, რაკი რინერს მოუგო, მეც დამამარცხებს-მეთქი. ტოკიოში ოქროს მედლისთვის ვიყავი ჩასული და რინერთანაც მხოლოდ მოსაგებად გავიდოდი. რა გამომივიდოდა, მეორე საკითხია, მაგრამ შემართება ფრანგთანაც ისეთივე მექნებოდა, როგორიც ბაშაევთან ან სხვა მეტოქესთან, მით უმეტეს, რინერი თვითონაც ჭიდაობს და შენც გაძლევს ჭიდაობის შესაძლებლობას. მეც მეგონა, რომ ტამერლანი წააგებდა და ფსიქოლოგიურად "დიდ ტედისთან" საომრად ვემზადებოდი. თუმცა რუსეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა და იძულებული გავხდი, ბაშაევთან შეხვედრაზე "გადავწყობილიყავი".

- ისე, ბოლო წლების დაპირისპირებების ფონზე, რინერი-თუშიშვილის ოლიმპიური ორთაბრძოლაც საინტერესო სანახავი იქნებოდა! - სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ტოკიოში ტედისთან შეხვედრა თუ არ მომიწევდა... მაგრამ ძალის მოსინჯვის შესაძლებლობა კიდევ არაერთხელ გვექნება.

- ანუ, შენც ფიქრობ, რომ რინერის ეპოქის დასასრულზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია? პარიზის ოლიმპიადაზე ტედი 35 წლის იქნება, რაც მისი მონაცემების პატრონისთვის სულაც არ არის ბევრი. - რინერს ჭიდაობის ისეთი სტილი აქვს, განსაკუთრებულ ფორმაში ყოფნა არც სჭირდება. რომ მოინდომოს, მისი ფიზიკური მონაცემების და გამოცდილების პატრონი არა მარტო პარიზში, ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზებს. ამბობს, პარიზამდე ვიჭიდავებო, და ვნახოთ. 2024 წლის ოლიმპიადა მის სამშობლოში გაიმართება და მოტივაციას ესეც შემატებს. ცხადია, ტოკიოშიც ჩემპიონობისთვის ჩავიდა და რეკორდის დამყარებასაც აპირებდა, მაგრამ ბრინჯაოს მედალიც სიხარულით მიიღო, იმედგაცრუება არ შეიმჩნია. ყველას მიულოცა, ჩვენთანაც მოვიდა და ჩვეულად იმხიარულა. რინერი ნამდვილი სპორტსმენია - უშუალო, მხიარული ხასიათის პატრონი.

- ლაშა ბექაური ტოკიოში ევროპის ჩემპიონის რანგში ჩავიდა, ახალგაზრდულ ტურნირებზეც ყველაფერი მოგებული აქვს, მაგრამ... მაინც მოულოდნელი იყო, ამდენ გამოცდილ ძიუდოისტში ჩვენი გუნდიდან ჩემპიონი მხოლოდ 21 წლის ბიჭი რომ გახდა! - სადაც ჭიდაობს, ლაშა ყველგან ფავორიტია. თუმცა ახალმორჩენილი ტრავმის გამო საკითხავი იყო, იჭიდავებდა თუ არა ტოკიოში? უფლის წყალობით და ჩვენი ექიმების დახმარებით მაგრადაც იჭიდავა და ჩემპიონიც გახდა! ლაშას დიდი მომავალი აქვს - ისეთი ხასიათით და მონდომებით გამოირჩევა, კიდევ არაერთხელ მიაღწევს წარმატებას.

- ახლა, მთავარია, თავს დამტყდარმა დიდმა წარმატებამ, ამდენმა ქებამ, მოლოდინმა, საპრიზო თანხამ ახალგაზრდა სპორტსმენზე ცუდად არ იმოქმედოს, განვითარებაში ხელი არ შეუშალოს! - ძალიან ბევრია დამოკიდებული სპორტსმენის ოჯახზე, პირად მწვრთნელზე. ლაშას დიდი წარმატება ადრეულ ასაკში ხვდა წილად, მაგრამ ნათელ მაგალითად ჰყავს სეხნია - შავდათუაშვილი! მან, ბექაურზე ერთი წლით უმცროსმა, 20 წლისამ გაუგო გემო ოლიმპიურ ოქროს, მაგრამ მოტივაცია არ დაუკარგავს და დღეს ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც სამივე დიდი ტურნირი აქვს მოგებული და ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალსაც ფლობს. მე რომ ბექაურის ადგილას ვიყო, სწორედ ლაშა შავდათუაშვილს მივბაძავდი, მისი კარიერა იქნებოდა ჩემთვის საუცხოო მაგალითი და მოტივაცია! ბექაურს გარშემო ისეთი ხალხი ჰყავს და თვითონაც ისეთი ხასიათისა და გონების პატრონია, არა მგონია, ვერ გაარჩიოს, რა იქნება კარგი მისი კარიერისთვის.

- ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებაზეც გკითხავ: საქართველოს ნაკრების კაპიტანი სტაბილურობისა და წარმატების ნამდვილი სიმბოლოა, თუმცა ტოკიოში უმედლოდ დარჩენით გამოწვეულმა დიდმა იმედგაცრუებამ მაინც ათქმევინა, კარიერა დავასრულეო. იმედია, ეს მხოლოდ ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები იყო. - ლიპო ემოციურად დაიღალა. ამდენი წლის განმავლობაში აქტიურ სპორტში ყოფნა ძალიან რთულია, ვარლამს ერთი სეზონიც კი არ ჩაუგდია, წლების განმავლობაში ჭიდაობდა უმაღლესი რანგის ტურნირებზე. ვფიქრობ, ცოტას რომ დაისვენებს და ყველაფერს გააანალიზებს, მოენატრება საყვარელი საქმე. უდიდეს გამოცდილებასთან ერთად, ლიპარტელიანს ჯერ ნამდვილად აქვს საკმარისი ფიზიკური კონდიცია, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, მინიმუმ, პარიზის ოლიმპიადამდე რომ იჭიდაოს უმაღლეს დონეზე.

- იმ დიდ ტრაგედიასაც უნდა შევეხოთ, მთელი საქართველო რომ შეძრა: დამოუკიდებელი საქართველოსთვის პირველი ოლიმპიური ოქროს მოპოვებიდან ზუსტად მე-17 წლისთავზე ზურაბ ზვიადაურს ბრალად ედება მკვლელობა, განადგურებულია ორი ოჯახი... - ეს დიდი ტრაგედიაა როგორც გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის. თვითიზოლაციაში ვარ და ვერ ჩავედი, რომ გაუბედურებული ოჯახებისთვის სამძიმარი მეთქვა. სიტყვებსაც ვერ ვპოულობ. ზურა ზვიადაურთან ძალიან ახლო ნაცნობობა არ მაკავშირებს, მაგრამ რაც ვიცი, საკმარისია ადამიანის გასაცნობად, იმის გასაგებად, რა ჰაერით სუნთქავს, როგორი სული აქვს. ზურა მართლაც მისაბაძი კაცია სპორტული მონაცემებითა და ადამიანური თვისებებით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, მეორე მხრიდანაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ.

- რამდენიმე ცნობილმა სპორტსმენმა სურვილი გამოთქვა თავდებად დაუდგეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს. - თუ საჭირო იქნება, ამას მე და სხვა სპორტსმენებიც გავაკეთებთ... მაგრამ უნდა გაირკვეს, რა მოხდა. არავინ უნდა გაიწიროს, არც ზურა და არც სხვები.