არგენტინულ-ქართული "როქი" - კვირის პალიტრა

არგენტინულ-ქართული "როქი"

"ფეხბურთის მეფე" და "ჭადრაკის დედოფალი" საჩუქრებს ცვლიან

ბარსელონიდან წასვლით ლიონელ მესიმ საქართველოშიც უამრავ გულშემატკივარს დასწყვიტა გული. თუმცა პარიზში გადაბარგებამდე ერთი განსაკუთრებული ქართველის გახარებაც მოასწრო: არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ნონა გაფრინდაშვილს "ბარსელონის" 10-ნომრიანი მაისური გამოუგზავნა ესპანურენოვანი წარწერით: "ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!" ლეგენდარული მოჭადრაკე ოთხი თვის წინ 80 წლის გახდა და საჩუქარიც იუბილეს უკავშირდება. მესისა და კატალონიური კლუბის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ "ბარსელონის" წარმომადგენლებს ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა შეატყობინა. საბოლოოდ ინფორმაცია ადრესატამდეც მივიდა და ლეომ ჭადრაკის დედოფალს ხელმოწერიანი მაისური გამოუგზავნა. გამოგზავნა და საპასუხო საჩუქარს თვითონაც მიიღებს, თანაც არა მარტო ნონასგან - მთელი საქართველოს სახელით! "კოპა ამერიკის" ჩემპიონობას მესის კომპანია "ზარაფხანის" დამზადებული მოოქრული სამეფო ჭადრაკით მიულოცავენ! ნონა გაფრინდაშვილს ნაჩუქარ მაისურზე, სამეფო ჭადრაკსა და საყვარელი კლუბისა და ფეხბურთელის დაშორებაზე ველაპარაკეთ:

- ჭადრაკის ფედერაციაშიც იციან მესის და "ბარსელონის" მიმართ ჩემი დამოკიდებულების შესახებ. სწორედ მათ მიიტანეს ინფორმაცია კატალონიურ კლუბამდე. როგორც ვიცი, კუმანს დაუკავშირდნენ და მესისაც სწორედ "ბარსას" მწვრთნელი ელაპარაკა. სპორტსმენებს ერთმანეთის პატივისცემა არ ეშლებათ და არგენტინელი ვარსკვლავისგან საჩუქრად მივიღე მაისური მოლოცვის ტექსტის თანხლებით. ეს იყო ძალიან სასიამოვნო, მოულოდნელი საჩუქარი, რომელიც საპატიო ადგილს დაიკავებს ჩემს კოლექციაში.

- რაც მთავარია, საპასუხო საჩუქარს მესიც მიიღებს! - საპასუხო საჩუქარზე დიდხანს ვფიქრობდი: მოჭადრაკეებს ფორმა არ გვაცვია, ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი ჭადრაკია და ვაპირებდი ჩემი კოლექციიდან ამერჩია რამე. ამასობაში, გავიგე, რომ კომპანია "ზარაფხანა" უნიკალურ საჩუქარს ამზადებდა. უფრო სწორად, როდესაც წარწერის შესათანხმებლად დამირეკეს, მივხვდი, რომ სასიამოვნო სიურპრიზი მზადდებოდა. დიდი მადლობა "ზარაფხანას" ფანტასტიკური საჩუქრისთვის. ულამაზესი ჭადრაკია, ყველა ფიგურა ხელნაკეთი და მოოქრულია - ნამდვილი სამუზეუმო ექსპონატი... სხვათა შორის, როცა საქმე წარწერის გაკეთებაზე მიდგა, ვუთხარი, ჯერ არაფერი დააწეროთ, "კოპა ამერიკის" დასრულებას დაველოდოთ და თუ სამხრეთ ამერიკის თასს მესის ნაკრები მოიგებს, გამარჯვება შესაბამისი ტექსტით მივულოცოთ-მეთქი.

- ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი... - მართლაც - არგენტინა ჩემპიონი გახდა, ლიონელ მესი კი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და საჩუქარზე წარწერაც შესაბამისია! არგენტინელ ვარსკვლავს საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და არა მარტო ჩემი, მთელი საქართველოს სახელით მიიღებს ულამაზეს ჭადრაკს. ქართული ბრენდი "ზარაფხანაც" მთელ მსოფლიოში გამოჩნდება. ამის გათვალისწინებით საჩუქარს გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩემი კოლექციიდან არჩეულ სხვა ქვეყანაში დამზადებულ რომელიმე ჭადრაკს ექნებოდა.

- მოოქრულ ჭადრაკს ლეო უკვე პარიზში მიიღებს. ოდესმე წარმოიდგენდით "ბარსელონას" მესის გარეშე? - ვერასოდეს. "ბარსელონა" მისთვის მეორე ოჯახი იყო, ფაქტობრივად, იქ გაიზარდა. სამწუხაროდ, პანდემიას კატალონიური კლუბის ფინანსური პრობლემებიც დაემთხვა და იმის მიუხედავად, რომ მესი ხელფასის განახევრებაზეც კი თანახმა იყო, მშობლიურ კლუბში დასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ორივე მხარე დაზარალდა - "ბარსელონაც" და ფეხბურთელიც. კატალონიიდან აბარგება ლეოსა და მისი ოჯახისთვის ნამდვილად არ ყოფილა ადვილი. ყველამ ვნახეთ, რომ პრესკონფერენციაზე ცრემლებს ძლივს იკავებდა... როგორ უნდა მისულიყო კლუბი ასეთ კატასტროფამდე?! მაგრამ ფაქტია, რომ ესპანურ ფეხბურთში სერიოზული რეგულაციებია. მადრიდის "რეალსაც" პრობლემები აქვს და საკითხავია, როგორ გადაიხდის 200 მილიონს მბაპეს სანაცვლოდ? რაც შეეხება მესის, ვფიქრობ, მისი საბოლოო ნავსაყუდელი მაინც "ბარსა" იქნება. თავადაც თქვა, აუცილებლად დავბრუნდებიო! მოთამაშის რანგში თუ არა, რომელიღაც თანამდებობაზე მაინც...

- სანამ დაბრუნდება? როგორ ფიქრობთ, ლეო პსჟ-შიც უმაღლეს დონეზე ითამაშებს? - მესი არა მარტო ლიდერი და ბურთის გამტანია, გამთამაშებელიც არის და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ საგოლე გადაცემას გაუკეთებს ახალ თანაგუნდელებს? პარიზულმა კლუბმა ამ შემადგენლობითაც თუ ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, აღარ ყოფილა საშველი. მესი საოცრად გრძნობს თამაშს და ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება! თუ პსჟ მაინცდამაინც "ბარსელონას" შეხვდება, მაინც ლეოს სიყვარული გადაწონის და მას ვუქომაგებ, სხვა შემთხვევებში კი კატალონიელების გულშემატკივრად დავრჩები.

- ბარსელონაში თითქმის ოცი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. როგორ გგონიათ, არგენტინელს არ გაუჭირდება გარემოს შეცვლა, უპირველესად მენტალურად? - ბევრი შემთხვევის გახსენება შეიძლება, როცა კლუბის შეცვლის შემდეგ ფეხბურთელმა ვეღარ ითამაშა ძველებურ დონეზე, მაგრამ მესი სხვა ტიპის მოთამაშეა, აბსოლუტურად სხვა მასშტაბის - ნამდვილი ლიდერი, თამაშის წარმმართველი. მასში გაერთიანებულია ყველა ის თვისება, რაც იდეალურ ფეხბურთელს სჭირდება. რომელ გუნდშიც უნდა წავიდეს, მესის "დაკარგვა" შეუძლებელია! პირიქით, ნებისმიერ კლუბს გააძლიერებს. ამიერიდან "პარი სენ ჟერმენიც" შეემატება იმ კლუბების ჩამონათვალს, რომელთა შემადგენლობის ნახვის შემდეგაც ირონიულად იკითხავენ, ამ კლუბის მატჩებზეც შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელმა მოიგოო?!

- მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაც არის ასეთ ვარსკვლავებთან მუშაობა და ერთგვარი რისკიც, მათ "გავლენაში" რომ არ მოექცეს. - მესი არა მარტო საფეხბურთო მონაცემებით, ხასიათითაც გამორჩეულია - არასდროს დაუჩაგრავს ვინმე. პირიქით, ყველანაირად უწყობდა ხელს თანაგუნდელებს. არც პარიზში გაუჭირდება, რადგან ნეიმართან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, იქვე არიან მისი თანამემამულეები: დი მარია, იკარდი, მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო... პარიზული კლუბისთვის მესის დამატება დიდი პლუსი იქნება. რაც აკლდა ამ კლუბს, სწორედ იმას შესძენს! თვითონ მესიც ამბობს, ნურავის ეგონება, რომ პარიზში "პენსიაზე გასასვლელად" ჩამოვედი, უახლოეს წლებშიც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებო.

- მესი მართლაც "არ დაიკარგება", მაგრამ "ბარსელონამ" როგორ უნდა ამოავსოს მისი წასვლით გამოწვეული სიცარიელე? თუმცა, მეორე მხრივ, სხვა მოთამაშეებს თავის გამოჩენის მეტი შესაძლებლობა მიეცემათ. - სხვა რა გზა აქვს და "ბარსელონაც" უნდა მიეჩვიოს მესის გარეშე თამაშს. ამ სეზონში როგორ მოახერხებენ, არ ვიცი, მაგრამ ჰყავთ ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები, როგორიც არიან ფატი, პედრი და სხვ. მომავლის გუნდი მათ გარშემო უნდა აშენდეს, მაგრამ გამოცდილი ლიდერიც აუცილებლად სჭირდებათ.