"წვიმს, სევდა ჩაივლის?!" - კვირის პალიტრა

"წვიმს, სევდა ჩაივლის?!"

"...წვიმს, სევდა ჩაივლის..." - ეს დათო ყიფიანის საყვარელი სიმღერის ფრაზა არის.

ჩვენთან ისევ ხშირად წვიმს, ბათუმში - მით უმეტეს.

წვიმს, მაგრამ სევდა როდის ჩაივლის?! წვიმს, მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ეს წვიმაც მხოლოდ ჩვენს გუნდს "ასველებს"...

ყიფიანი აღარ არის. სამაგიეროდ, სევდაა ბევრი - უყიფიანობის, უვარსკვლავობის, უფეხბურთობის... სევდა იმის გამო, რომ ყიფიანის ქვეყანაში მხოლოდ წვიმაზე ვწერთ.

და დავით ყიფიანი რამ გაგვახსენა საქართველო-კოსოვოს მატჩის დროს? წვიმამ. მატჩისშემდგომმა სევდამაც. ბათუმურ კოკისპირულს მორიგი იმედგაცრუება მოჰყვა, ოღონდ ამაში ბათუმი და იქაური წვიმა ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე: ბათუმის ახალი სტადიონის საფარმა იდეალურად გაუძლო მთელი დღის განმავლობაში გაუჩერებელ თავსხმას და ფეხბურთელებისთვის პრობლემა არ შეუქმნია.

მეორე საკითხია - თავად ფეხბურთელებმა რა (შე)ჰქმნეს?! ჩვენებმა ვერაფერი. მთელი მატჩის განმავლობაში, ფაქტობრივად, ერთ საგოლე ეპიზოდსაც ვერ მოვაბით თავი და ამის გათვალისწინებით წაგება სწორედაც ლოგიკური გახლავთ. ვარსკვლავები არც სტუმრებს მოუწყვეტიათ, მაგრამ კოსოვოს ნაკრებს კლასიც ჰქონდა, გეგმაც, მისი შესრულების თავიც და მონდომებაც.

გადაუღებელმა ბათუმურმა წვიმამ ხასიათი დილიდან გაგვიფუჭა. არადა, მხოლოდ წვიმას რომ გაეფუჭებინა, რაღა გვიჭირდა... მით უმეტეს, თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიღო კიდეც... გადაიღო, მაგრამ დაგვიტოვა მასპინძლების "გადარეცხილი", უღიმღამო, ერთფეროვანი გუნდი. გუნდი, რომელმაც მთელი თამაშის განმავლობაში ერთი საგოლე ეპიზოდიც კი ვერ შექმნა და მხოლოდ მეკარის კარგი თამაშისა და გამართლების იმედად იყო დარჩენილი.

კი ბატონო, ვიცით, რომ არ გვიმართლებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თამაშების წინ. ამჯერადაც მოვისაკლისეთ მაინცდამაინც ის მოთამაშეები, საუკეთესო ფორმაში რომ იყვნენ, მათ შორის საბა ლობჟანიძე და ოთარ კიტეიშვილი. არ იყვნენ კვარაცხელია, ოქრიაშვილი, კვირკველია, იდეალური ფორმისგან შორს არის ჩაკვეტაძე, მაგრამ უკვე მომაბეზრებელია გაუთავებლად იმაზე ლაპარაკი, რომ წამყვანი მოთამაშეები გამოგვაკლდნენ, დანარჩენებს კი სათამაშო პრაქტიკა არა აქვთ და ა.შ. ბათუმის სტადიონზე სათამაშო პრაქტიკის უქონელი ფეხბურთელებიც ვნახეთ და ერთი შეხედვით კარგ კონდიციაში მყოფიც, მაგრამ ფაქტია, რომ 2 სექტემბერს ჩვენს გუნდს არაფერი გამოუვიდა.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში კოსოვო უქულოდ იყო და... ვისთან უნდა დაეგეგმა პირველი გამარჯვება, თუ არა ჩვენთან?! დაგეგმა და შეასრულა კიდეც. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, იქნებ ჰქონდა კიდეც გეგმა, მაგრამ ვერც შესრულება ვნახეთ და ვერც მონდომება. მთავარი საყვედურიც ამაზე გვეთქმის - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობას არაფერზე ეტყობოდა, რომ მოგება სურდა! დიახ, ჩვეულად იბრძოლა კანკავამ, მაღალი კლასი რამდენიმე ეპიზოდში გვიჩვენეს კაშიამ და ლორიამ, აქტიური იყო წიტაიშვილი და... სულ ეს არის! კვარაცხელიას არყოფნაში და კიტეიშვილის გამოკლების შემდეგ (ოთარი უკვე მე-12 წუთზე გახდა შესაცვლელი. - რ.შ.) საქართველოს ნაკრების შეტევითი პოტენციალი ზღვის დონეზე დაბლა დაეცა - თეთრმაისურიან ფეხბურთელებს შორის ერთიც არ აღმოჩნდა პოზიციური შეტევის წამომწყები, მეტოქის საჯარიმოსთან მიტანილ ბურთსაც კი უკან ვაბრუნებდით! შიგადაშიგ ნაკრების ახალწვეული წიტაიშვილი ცდილობდა ფლანგზე თამაშის გამწვავებას, მოწინააღმდეგეთა მოტყუება და დაჯარიმებაც რამდენჯერმე მოახერხა, მაგრამ შედეგი ვერც გიორგის მცდელობამ მოიტანა.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის გამოცოცხლებას ვილი სანიოლისგან ველოდით. სამწუხაროდ, მატჩის მეორე ნახევარში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ფრანგი მწვრთნელისთვის ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში - სანიოლმა ვერც შემადგენლობა გამოიცნო და არც შეცვლებში გაუმართლა: მიქაუტაძემ, ჩაკვეტაძემ და დავითაშვილმა ოდნავადაც ვერ გამოაცოცხლეს წვიმით "დამბალი" თანაგუნდელები. არადა, საკუთარ ქალაქში, საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით და ვერც იმას დამაჯერებს ვინმე, პრიშტინაში ბათუმზე ხშირად და ბარაქიანად წვიმდეს ხოლმე...

ყველაზე ცუდი სწორედ ეს არის -შენს სტადიონზე წვიმა მხოლოდ შენ რომ "დაგასველებს"...

იმერულად "სოველი" სველს ნიშნავს. კო-სოველი - არარსებული ქვეყნიდან (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვაღიარებთ) მოსულს, რომელიც მშობლიურ სტადიონზე, მშობლიური წვიმით "სოველსაც" მოგიგებს და სამ ქულას წაიღებს. წაიღებს და შენ მხოლოდ კითხვას დაგიტოვებს - არარსებული ქვეყნის ფეხბურთიც თუ გჯობია, შენ ვინღა გამოდიხარ?!

კოსოვოელთა დაკნინებას სულაც არ ვცდილობ, მით უმეტეს, რომ მართლაც კარგი გუნდი ჰყავთ და ეს ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ დაამტკიცეს ერთა ლიგაზე. "ლაციო", "ნაპოლი", "ტორინო", "რეიმსი", "კლერმონი", "ქასიმფაშა", "ციურიხი", "ნორვიჩი" - კოსოვოელი ფეხბურთელები ევროპის წამყვანი ლიგების ბინადრები არიან. "ქვეყნად" ვაღიარებთ თუ არა, ის ხომ ნამდვილად ფაქტია, რომ კოსოვოს ფეხბურთიც ბალკანური ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, ბალკანეთის ნახევარკუნძულის წარმომადგენლებს კი ფეხბურთში აღარაფერი აქვთ დასამტკიცებელი.

ოღონდ თავიანთი ისტორიისა და საზღვრების ამბავი ბალკანელებმა არკვიონ - ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია.

სამწუხაროდ, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ტრიალებს მოჯადოებულ წრეზე - ახალი იმედი ყოველი ახალი შესარჩევი ციკლის დაწყების წინ. ახალი იმედი - მორიგ იმედგაცრუებამდე!

კოსოვოს არ ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიაროთ, რომ გვაჯობეს. თამაშითაც და შედეგითაც. მეტიც, ლორია რომ არა, სამარცხვინო ანგარიშითაც წავაგებდით. კოსოვოს არ ვაღიარებთ. სამაგიეროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ნაკრებმა აშკარად "გააფუჭა" ბათუმის ულამაზესი სტადიონის ხედი. ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე უფერული, უფანტაზიო, უემოციო მატჩი გამართა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით. კოსოვო ძლიერი, გამოცდილი გუნდია და მასთან აუცილებლად მოგება არავის მოუთხოვია. თამაშს, შეტევას, მონდომებას ვითხოვდით! ესპანეთთანაც (5 სექტემბერს. - რ.შ.) თუ ასე ვითამაშეთ, გაჭირვება თქვენ მერე ნახეთ...

ცალკე უნდა ვთქვა ცარიელ ადგილებზეც: ბათუმის სტადიონის ყველა ტრიბუნა გადახურულია და მაყურებელს იმდღევანდელი თქეშიც ვერაფერს დააკლებდა... რომ ყოფილიყვნენ! სამწუხაროდ, საქართველო-კოსოვოს მატჩს მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტმა ვუყურეთ ტრიბუნიდან. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც 2 სექტემბერს გამართულ შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინ უმასპინძლა! ვიცით, რომ მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვიცით, რომ ყოველდღიურად ვკარგავთ ათეულობით ადამიანს, მაგრამ იმ დროს, როცა იმავე ბათუმის პლაჟები და ბულვარი გადაჭედილია დამსვენებლებით, რომელთა უმეტესობას პირბადე მხოლოდ მკლავზე "უკეთია", დისტანციით მსხდომი, ვაქცინირებული ან ახალტესტირებული რამდენიმე ათასი მაყურებელი დააქცევდა ქვეყანას?!

სევდა ჩაივლის? რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის ჩვენც უნდა გავანძრიოთ ხელ-ფეხი! კოსოვოელი ფეხბურთელები კი არ ვითვალოთ იტალიის ჩემპიონატში, "პერეგავორების" დასრულებას კი არ დაველოდოთ, დღეს, ახლა, ამწუთას არსებული კონტინგენტით ვითამაშოთ, ისევე მოვინდომოთ, როგორც კოსოვოელი ან მათი მეზობელი მაკედონიელი ფეხბურთელები ინდომებენ. ყურები კი არ ჩამოვყაროთ ცარიელი ტრიბუნების, ან ბოლო წამს გამოკლებული ფეხბურთელების გამო, მათ ნაცვლადაც ვითამაშოთ!

თორემ სევდის საბაბის მეტი რა გვაქვს? ჩვენზე უკეთ ვინ იცის, რომ თამაშის დროს მხოლოდ საქართველოს ნაკრებისთვის წვიმს, რომ ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა... ჩვენ გარდა. აუღიარებელმა ქვეყნებმაც კი! რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებიდან 3-4 ტურში უკვე მომავალ შესარჩევზე ვფიქრობთ.

სევდა, სევდა, სევდა... ჩაივლის, მაგრამ როდის?!

წვიმს. სევდა ჩაივლის. ჩვენი მატარებელიც? ამ შესარჩევ ციკლში უკვე ჩავლილია. ესპანეთთან მატჩის შედეგი კი უკვე იცი.